13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარისაზოგადოება"დაიცავი დავით გარეჯი" 20 მაისის საპროტესო მსვლელობის შესახებ

“დაიცავი დავით გარეჯი” 20 მაისის საპროტესო მსვლელობის შესახებ

20 მაისს 14 საათზე საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი” აწყობს საპროტესო მსვლელობას. აქციის მიზანია საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია მიმდინარე წლის 6 მაისს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტრის დაკავებასთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრების უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ განცხადებებთან დაკავშირებით.

გარეჯი

აქციის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნებია:
1) საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია, თუ რის საფუძველზე გააკეთეს ქართული საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კულტურის მინისტრმა;

2) საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 31 მაისამდე (წმ. დავით გარეჯელის ხსენების დღე) საჯარო გახადოს და მოგვაწოდოს დავით გარეჯის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამები და ოქმები, რათა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალე გახდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი. ასევე, მოვითხოვთ, საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, აცხადებს თუ არა აზერბაიჯანის მხარე პრეტენზიას ჩიჩხიტურის მონასტერზეც.

მშვიდობიანი მსვლელობა დაიწყება ვაკის პარკიდან, შემდეგ აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით გაემართება აზერბაიჯანის საელჩოსთან და საელჩოს წარმომადგენელს გადასცემს საინიციატივო ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის ელჩისადმი შემუშავებულ სპეციალურ მიმართვას. შემდეგ, მსვლელობა გაგრძელდება ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირებზე და შეჩერდება ჩიტაძის ქუჩაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, სადაც საინიციატივო ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს გადასცემს საინიციატივო ჯგუფის მიმართვას. ამის შემდეგ, აქციის მონაწილენი გაემართებიან მამა დავითზე და დაესწრებიან სამშვიდობო პარაკლისს. ამით, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი” დაასრულებს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური სიწმინდის დაცვისთვის ორგანიზებულ პირველ აქციას.

ამასთან, საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი საქართველო” მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს 20 მაისს 14 საათზე თავიანთი მხარდაჭერა გამოხატონ საავტომობილო სიგნალით.

თავიდანვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს და წინდაწინვე ემიჯნება და გმობს ყოველგვარ სავარაუდო პროვოკაციულ გამოვლიენებს.

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. სად ატარებთ? მისამართი არ უნდა მიუთითოდ????? 20 მაისს, 14 საათზე, მერე სად??

  2. სულიკო, სტატიაში აღნიშნულია, რომ – მშვიდობიანი მსვლელობა დაიწყება ვაკის პარკიდან. ალბათ ყურადღებით არ წაგიკითხავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები