21 ივლისი 2024, კვირა
მთავარისხვადასხვაცხოვრება და კანონი

ცხოვრება და კანონი

ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის პუბლიკაციიდან გაზეთ “ივერიაში” 1877 წლის 3 მარტი #1

ბუნებამ რაც არ უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც არ უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. ივერიაკაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის ეს უკანასკნელი უფრო აუცილებელია, ვიდრე სხვა რამე ამ ქვეყანაზედ.

მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი თავგადადებით, თავგამომეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოვებული ლუკმაპური ძლევამოსილობაა მისის მხნეობისა, შრომის მოყვარეობისა. თუმცა ესრედ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისათვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი.

ერთი იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს მშვიდობით გატარებულ დღეს ნატრულობს, არა ჰსწამს ხვალე. ერთი სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მისგარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის: “ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო”, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა.

რაც სხვისაა – ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია – ეგ ჩემი უფლებაა.

უფლება და მოვალეობა, რომელნიც არიან პირველნი და უკანასკნელნი საგანნი ურთიერთშორის განწყობილებისა, დაიდგინება და განისაზღვრება მხოლოდ ხალხის კანონთმდებლობის ძალითა და ნიჭითა. ამ მხრით, რასაკვირველია, საბუთი აქვსთ მათ, ვინც ამბობენ, რომ მოქმედთა კანონთა უვარგისობა თუ სიკეთე თვითონ ხალხის ბრალიაო, იმიტომ, რომ თავი და ბოლო კანონებისა თვით ხალხიაო. რამოდენად მისაღებია ეს საბუთი, ჩვენ მაგის გამოძიებას არ შევუდგებით. ჩვენ მარტო ის გვინდოდა გვეთქვა, რომ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი, კაცთა უფლება და მოვალეობა ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, აქ ხალხის წარმატება და კეთილდღეობა, თუ ყოველდღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის.

ამისა მაგალითი თვით ჩენი ქვეყანაა. ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვადა გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება.

სალომე ლილუაშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები