მთავარისხვადასხვაცხეთის წმ. გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულებულია

ცხეთის წმ. გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულებულია

ცხეთის ეკლესია ცაგერის მუნიციპალიტეტში ცხეთის წმ. გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ეკლესიის საძირკვლის, მზიდი კედლებისა და გუმბათის კონსტრუქციული გამაგრება დასრულებულია.

რესტავრატორებმა კირხსნარით შეავსეს კედლებიდან დაძრული ქვის წყობა და გამოცვალეს გადახურვა. ამ დროსთვის მიმდინარეობს წყლის სარინელის მოწყობა.

შეგახსენებთ, სოფელ ცხეთის წმ. გიორგის ქვით ნაგები ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ცაგერის რაიონში მთის ფერდობზე მდებარეობს. მისი გეგმა მოგრძო სწორკუთხედშია ჩაწერილი. რვაწახნაგა გუმბათი ბემის კუთხეებსა და ორ მრგვალ ბოძს ეყრდნობა. აფსიდი შებრტყელებულია, პასტოფორიუმები სწორკუთხა. შესასვლელი ორია დასავლეთითა და სამხრეთით, შიგნიდან სწორკუთხა და გარედან ნახევარწრიული მოხაზულობის. ეკლესიის ყოველ მკლავში, სამკვეთლოსა და სადიაკვნეში და გუმბათის თითოეულ წახნაგში სარკმელია გაჭრილი.

ჯვრის მკლავები გადახურულია ნახევარწრიული კამარით, მკავებშორისი სივრცეები კი ცალფერდად. ეკლესიის დეკორს დასავლეთით – შესასვლელის საპირე და ტიმპანში გოლგოთის ჯვარი, სარკმლის რელიეფებიანი საპირე, თავზე ჯვრის გამოსახულებით და ფრონტონის კეხში მოქცეული გადმოშვერილი ვერძის თავი შეადგენს, აღმოსავლეთით იგივე გაფორმების სისტემაა, შესასვლელის გამოკლებით. სამხრეთ ფასადის შესასვლელს ჯვრის მოხაზულობა აქვს მიცემული. ტიმპანში სამმაგი ჯვრის რელიეფია. მოურთავ გუმბათს ყელზე ლილვი შემოყვება. გუმბათქვეშა კვადრატისა და გუმბათის გარდა ფასადებს ამთავრებს მარტივი პროფილის (ლილვი-თარო) მქონე, მოურთავი ქვის კარნიზი. გუმბათქვეშა კვადრატს კარნიზი საერთოდ არ გააჩნია, გუმბათს კი ქართული აგურის ხუთსაფეხუროვანი “ხერხულა” ლავგარდანი შემოუყვება. ეკლესია გადახურულია თუნუქის საბურველით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები