მთავარი » საზოგადოება

ცვლილება “სისხლის სამართლის კოდექსში”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.04.2012 | 2,347 ნახვა

რასობრივი, პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ნიშნით დანაშაულის ჩადენისთვის კანონი გამკაცრდა

პარლამენტის მიერ “სისხლის სამართლის კოდექსში” შეტანილი ცვლილებების თანახმად, რასობრივი, პოლიტიკური, სექსუალური თუ სხვა ნიშნით დანაშაულის ჩადენისთვის კანონი გამკაცრდა.

კანონი ახალი რეგულაციით, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ყველა დანაშაულისთვის არსებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

კონკრეტულად რა ცვლილება შეიტანეს კანონში, რას გულისხმობს პასუხისმგებლობის გამკაცრება დანაშაულის ჩადენისათვის? “ამბიონის” კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თათული თოდუა პასუხობს:

“სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება გულისხმობს, რომ ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა სიძულვილის მოტივით იქნება პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე არ არის საუბარი იმ გაგებით, რომ არ იზრდება სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სანქციები. კოდექსში მითითებულია თითოეული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები. სასჯელის შერჩევა მოხდება ისევ ამ ლიმიტის ფარგლებში და შერჩევისას მხედველობაში მიიღებენ დანაშაულის ჩადენის მოტივს.

თავად მოტივის მხედველობაში მიღებით უფრო მკაცრი სანქციის შერჩევა კოდექსისთვის სიახლე არ არის. მაგალითად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მანამდე მოქმედი კოდექსით იყო ასევე ანგარების, სხვა პირადი, პოლიტიკური მოტივი. თავად სიახლე, რასაც ჩვენ მოკლედ სიძულვილის მოტივით დანაშაულის ჩადენისას პასუხისმგებლობის დამძიმება ვუწოდეთ, გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც დანაშაული ჩადენილია რასის, კანის ფერის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობისა ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.”

რატომ გახდა კანონში ცვლილების შეტანა აუცილებელი?

ამ ცვლილების შეტანა იყო ECRI-ს რეკომენდაცია საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ECRI არის ევროპული კომისია, რომელიც მუშაობს უშუალოდ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ. ცვლილების შეტანის აუცილებლობა დადგა გამომდინარე იქედან, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სათანადო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობა არ ახდენდა.

რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა ცვლილებამ?

ცვლილების დადებითი შედეგია ის, რომ ნორმატიულ დონეზე სახელმწიფო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს სათანადო ყურადღებას აქცევს. თუმცა ვინაიდან აღნიშნული ცვლილებები გარკვეულ სიახლეებს შეიცავს, საჭიროა შესაბამისი კადრების სათანადო მომზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია პრაქტიკაში ნორმის არასწორი ინტერპრეტაციაც მოხდეს.

ვისი ინიციატივით განხორციელდა აღნიშნული ცვლილება და ვინ იღებდა მის განხილვაში მონაწილეობას?

ცვლილების ავტორებად და ინიციატორებად კანონპროექტის განმარტებით ბარათში პარლამენტის წევრები – კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან მითითებულნი. თავად ნორმა, რა სახითაც ის შევიდა კოდექსში, პარლამენტს წარუდგინეს საიამ და „ლგბტ საქართველომ“. განხილვებში მონაწილეობას იღებდა ასევე „ლგბტ“ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია „იდენტობა“. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით კი ფორმულირებას დაემატა მოქალაქეობის ნიშანი.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი