19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაჩვენი მრწამსი

ჩვენი მრწამსი

მრწამსიმრწამსი, ანუ რწმენის სიმბოლო არის გარდამოცემა იმ ძირითადი სარწმუნოებრივი დებულებებისა, რომელთა აღიარება და შესრულება ყოველი ქრისტიანისთვის აუცილებელია.
მრწამსის ისტორია მსოფლიო საეკლესიო კრებებს უკავშირდება.
მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ყველა ძირითადი საკითხი მოცემულია მრწამსში. მასში 12 მუხლია. ეს ტექსტი წმინდა მამებმა დაადგინეს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ჯერ კიდევ IV საუკუნეში.

რა არის მრწამსი ქრისტიანისთვის, როდიდან იღებს იგი სათავეს? ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი სანამაშვილი:

სიმბოლო სარწმუნოების, ანუ როგორც მას ქართულად ეწოდება – მრწამსი (წარმოებული სიტყვიდან “მრწამს”) მიღებული იქნა 325 წელს პირველ მსოფლიო კრებაზე ბითვინიის ქალაქ ნიკეაში.

მაცხოვრის დიდებით ამაღლების შემდეგ, როდესაც მოციქულებმა დაიწყეს მრავალ ქვეყანაში ქრისტეს წმიდა მოძღვრების შესახებ ქადაგება და იქმოდნენ მრავალ სასწაულს, მათ ქადაგებას ბევრი ამახინჯებდა და ჭეშმარიტების გზიდან გადადიოდა, თანაც მრავალ ადამიანს აცთუნებდნენ. წმ. მამათა სწავლების მიხედვით მათ ცრუ მოძღვრებას მწვალებლობა, ანუ ერესი ეწოდა. მწვალებლური აზრის უარსაყოფად და ჭეშმარიტი სარწმუნოების ადამიანებთან სწორად მიტანის საშუალებად, სარწმუნოების სიმბოლოდ იქცა მრწამსი. მასში ძირითადი დოგმატური დებულება თორმეტ მუხლად არის დაყოფილი და თითოეული მუხლი აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს ადამიანის ღმერთამდე მისასვლელად.

მრწამსის თითოეული მუხლის ცოდნა აუცილებელია თითოეული ადამიანისათვის, ვინაიდან ღვთის შესახებ ჭეშმარიტ მოძღვრებას გადმოსცემს. მაგალითად: სწავლება წმ. სამების შესახებ, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი, რასაც მრავალი ცრუ მოძღვრება უარყოფს და სწორედ ამის ცოდნაა მნიშვნელოვანი; აგრეთვე სწავლება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქალწულობის შესახებ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან როგორც ევა ცთუნდა სამოთხეში და დაარღვია ღვთისგან დადგენილი მარხვა და ამით კაცობრიობის ცოდვით დაცემას და გაუკუღმართებას დაედო საფუძვლი, ასევე ღვთის განგებით ქალწულ მარიამის მიერ მოხდა ცოდვით დაცემული კაცობრიობის კვლავ ღმერთთან დაკავშირება.

მრწამსში აგრეთვე საუბარია ერთი, ჭეშმარიტი ნათლისღების აუცილებლობაზე. არსებობს ორი შობა – ხორციელი შობა და სულიერი შობა, რომელიც ქრისტეს წმინდა ეკლესიის წიაღში არის შესაძლებელი და რომლის შედეგადაც ხდება ადამიანის ცოდვათა მიტევება. საუბარია ადამიანის პირველჩენილ ცოდვაზე და მის პიროვნულ ცოდვაზე ნათლისღებამდე.

ასევე მნიშვნელოვანია მრწამსის მეთერთმეტე და მეთორმეტე მუხლები, სადაც საუბარია მკვდრეთით აღდგომაზე და უფალთან სამომავლო ცხოვრებაზე, როცა გაიმართება საყოველთაო სამსჯავრო. განისჯება ყოველი ადამიანი ადამიდან ბოლო, უკანასკნელ დღემდე დაბადებული ადამიანის ჩათვლით თავისი პიროვნული საქმეებით. და დააყენებს მართალი მსაჯული თითოეულ ადამიანს მოწოდების სიმაღლეზე.

მრწამსში დაუშვებელია რომელიმე დადგენილების თავისებურად აღქმა და შესაბამისი განმარტების მიცემა, ვინაიდან მრწამსის თითოეული მუხლის კომენტარი არსებობს, რაც გულისხმობს მის შესაბამის განმარტებას. ამიტომ მორწმუნე ადამიანმა მხოლოდ და მხოლოდ კი არ უნდა დაიზეპიროს მრწამსი, როგორც რაიმე საეკლესიო თხზულება, არამედ უნდა ჩასწვდეს მის დედააზრს, რაც მრწამსის სრულ ცოდნას იძლევა.

ქრისტიანობის მხოლოდ ერთი გაგება არსებობს – მიმდევრობა ქრისტეს გზისა, რომელიც მან წუთისოფელში მოღვაწეობისას გვიჩვენა. ვიცით, რომ რჯული ებრაელებში ჩამოყალიბდა და სხვადასხვა ქვეყნებში ქადაგებისას აზრს იცვლიდა, თუმცა საქართველოში მართლმადიდებლობა, როგორი სიზუსტითაც შემოვიდა, ასეთივე სიზუსტითა და ჭეშმარიტებით დარჩა დღემდე და იქნება ვიდრე მეორედ მოსვლამდე, რასაც მე-10 საუკუნის წმ. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერი გიორგი მთაწმინდელი ანტიოქიის პატრიარქთან საუბრისას ადასტურებს: “ვინაიდან ერთხელ გვიცნობიეს ჭეშმარიტი ღმერთი, არცაღა მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი (იგულისხმება ქართველი) არცა მარჯულ, არცა მარცხულ” და რასაც სხვადასხვა დროის ეკლესიის მამები ასე ადასტურებენ: “არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო”.

მრწამსი

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

5 COMMENTS

  1. ნამდვილად, საჭირო და აუცილებელია ყოველივე ზემოთ თქმულის კაგად გააზრება და მრწამსის სრული ცოდნა.
    ხალხნო გავძლიერდეთ ჩვენს რწმენაში… და ვემსახუროთ უფალს.

  2. მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;
    და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
    ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
    რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.
    და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.
    და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
    და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
    და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
    და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
    ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
    მოველი აღდგომასა მკუდრეთით.
    და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

    მარიამი

  3. დროება” 1884, N 75, 4 აპრ. გვ. 1-2 ჩვენი გმირული წარსული სიბნელით მოცულია. ჩვენი ქვეყანა შეუსწავლელია. მდიდარს ჩვენს ისტორიას, არქეოლოგიას, ისტორიულ გეოგრაფიას ჯერ კიდევ ჩინური კედლები აფარებია. აქამდე თითო-ოროლა პირს ძლივსძლივობით სამეცნიერო წერაქვის შემწეობით გამოუჩიჩქნია ჩინურ კედელში მცირეოდენი ხვრელი. და იქიდან მარტო თვალი გადუვლია იმ მოედნისთვის, რომელზედაც მოიდგა ფეხი ისტორიაში შესანიშნავმა, მაგრამ აქამდის მეცნიერებისთვის უცნობმა ხალხმა, რომელსაც შეად-გენენ ქართლოსიანნი. მოსეს დროიდან ქართველნი შენიშნა ისტორიამ, იმ დროდან დღემდე ხალხი ცხოვრობს ისტორიულად. ქვეყანა იყო მეტად მშვენიერი, ტურფა, იზიდავდა ყველა მეზობელს, თვით მცხოვრებნიც იყვნენ განთქმულნი სილამაზითა, ახოვნებითა, ნიჭითა და ყოველგვარი სათნოებითა. მთელი ისტორიული ხანა ჩვენი ცხოვრებისა, უკანასკნელი რომ ვთქვათ, შეიცავს 3000 წელს, ანუ 30 საუკუნეს. ამ ბოლო დრომდის ახალი მეცნიერება ჩვენ უყურადღებოდ გვტოვებდა; თითქმის ყველანი ერთხმად ამბობდნენ, თქვენ გიცხოვრიათ, მაგრამ ნავალისთვის კვალი არ დაგიმჩნევიათო და ბევრი პირსაც მიგვაქცევდნენ ხოლმე. მაგრამ წამოგვესარჩლა ბროსე და მთელს განათლებულს ქვეყანას გააცნო ჩვენი ვინაობა, ჩვენი მატიანეები, ჩვენი ბუნება. ურწმუნო მეცნიერებმა ჩაიხედეს ჩვენ სიბნელით მოცულ ღრმა ისტორიაში და იმის კამარაზე, ვითარცა მენავეთა ზღვისათა, აღმოაჩინეს ახალ-ახალი კუნძულები. გამოჩენილმა ლენორმანმა და სხვ. მრ. სხვათა ქართველების ისტორიული ცხოვრების საზღვარი თანახმად ჩვენი მატიანისა, არქეოლოგიური ნაშთების, გეოგრაფიული სახელწოდებებისა და იეროგლიფური წარწერებითა მიიტანა ვანის ტბის ყურამდის და კაპადოკიამდის. მრავალმა მეცნიერმა უკვე აღიარა ის ფაქტი, რომ ქართველთა ისტორიის მეცნიერულად შესწავლა ნათელს მოფენს არა მხოლოდ საკუთრად ქართველთა ისტორიას, არამედ მთელი კაცობრიობის ისტორიის უუძველეს ხანასაც, რომელიც ეხლა ბნელით არის მოცული. რაც შეეხება ჩვენს მატიანეებს, უნდა გადაწყვეტით ვთქვათ, რომ ისინი თანდათან იზიდავენ მეცნიერების დიდ ყურადღებას. ასე დღითიდღე ჩვენი ქვეყანა ხდება მეტად საინტერესო საგნად. დღითიდღე მას უჩნდებიან ახალ-ახალი მოსარჩლენი- მეცნიერები____P^q. ჩვენი წარსულის შესწავლამ უნდა გადაწყვიტოს მრავალი გადაუწყვეტელი კითხვა და პრობლემატური დასკვნები. სწორედ ამ დროს ჩვენშიაც იბადება დიდი სურვილი ჩვენი ქვეყნის და ისტორიის შესწავლისა. ამ კეთილშობილურმა სურვილმა თავი იჩინა ერთ წერილში (,,დროება”N 70), რომლითაც სთხოვენ ჩვენს ისტორიკოსს ბ. დიმიტრი ბაქრაძეს, რომ მან ლექციებით გვასწავლოს პალეოგრაფიის, ისტორიისა და არქეოლოგიის შემსწავლელი ხერხები. სურვილი დიაღაც სასიქადულოა, მაგრამ აღსასრულებლად მეტად ძნელი. არ ვიცი, – განაგრძობს მცირე შენიშვნის ავტორი, შეძლებს თუ არა ბ.ბაქრაძე, რომ თვეში, ან ორ-სამ კვირაში ერთხელ მაინც შეამზადოს ლექცია ჩვენთვის სათქმელად, მაგრამ კიდეც რომ შეძლოს, სამკვიდრო მაინც არაფერი იქნება. საჭიროა და აუცილებლადაც საჭიროა, რომ თბილისში ბ. ბაქრაძეს თავმჯდომარეობით შედგეს ისტორიის მოყვარულთა წრე, ანუ საზოგადოება, რომელმაც აღმოაჩინოს საშუალება (რამდენიმე პირი კიდეც გვეგულება, რომელნიც უსათუოდ მატერიალურად დაეხმარებიან მას) და დააარსოს თვიური ან ორთვიური ისტორიული ჟურნალი, რომელშიაც დაიბეჭდება ყოველი ლექცია და გამოკვლება, როგორც ბ.ბაქრაძისა, ისე სხვა ჩვენი და ევროპელი მეცნიერისა; აგრეთვე ძველი ჩვენი მატიანენი, გუჯრები, იეროგლიფური წარწერები, რასაკვირველია, ყველა კრიტიკული განხილვით და მეცნიერული გამოკვლევით. ამას გარდა, ჟურნალში აღიბეჭდოს შესანიშნავი შრომები ჩვენს ქვეყანაზე; ჟურნალის მეორე ნახევარში დაიბეჭდის ეთნოგრაფიული ცნობები ჩვენს ხალხზე, განიმეოროს ფილოლოგიურად ჩვენი ენა და სხვადასხვა. ამგვარად და მხოლოდ ამგვარად შეგვიძლია შევისწავლოთ ჩვენი წარსული. ამ ჟურნალის შემწეობით და არა ერთი კაცის ძალღონით ავხსნით, ნელნელა ავხდით ფარდას და ჩინურ კედლებს შევუმტვრევთ ჩვენი წარსულის მოედანს და გავიგებთ იმის საბაბს, თუ ქართველობამ, როგორ ჩაუნერგა თითქმის ყველა ისტო- რიულ ხალხს და უმეტესად კავკასიელებს თავისადმი მიზიდულობა და, თითქმის, ყველას და ყველგან, კაპადოკიიდან მოკიდებული გურგანის ზღვამდის, დააჭდია თავისი ენის, ჩვეულება-ხასიათის და, საზოგადოდ, ცხოვრების ჭდე. ერთი სიტყვით,- აღნიშნავს დასასრულ ავტორი, უპირველეს ყოვლისა და აუცილებლად საჭიროა ისტორიული ჟურნალი, უამისოდ, რა გინდ ბევრი ლექციები გვიკითხონ (თუ გინდ ლექტორად იყოს ისეთი მცოდნე წარსულისა, როგორიც ბ. დიმიტრი ბაქრაძეა, მაინც ვერას შევისწავლით და მაშინაც, როგორც ახლა, ჩვენი ქვეყანა ჩვენთვის იქნება ,,ტერრა ინცჯგნიტა” 53). ისტორისტორიული მიმოხილვა ,,ივერია” 1889, N 24, 1 თებ. ოთხშ. გვ. 1-3; N 30, 9 თებ. გვ. 1-2; N 34, 14 თებ. გვ. 1-2; N 35, 15 თებ. გვ. 1-2; N 38, 21 თებ. გვ. 1-2; N 39, 22 თებ. გვ. 1-2; N 45, 1 მარტი, გვ. 1-2; N 48, 4 მარტი, გვ. 1-3. ჩვენი ისტორიის შესწავლა დაიწყო ამ ორიოდე წლის წინათ. მართალია, წინადაც სწავლობდნენ ქართველთა ისტორიას, მაგრამ ამისთანა შემსწავლელნი იყვნენ ორიოდ-სამიოდენი. ეხლა კი საქართველოს ისტორიის საკმაოდ მცოდნეთა რიცხვი დაითვლება ათობით და ოცობით. მართალია, ეს რიცხვიც დიდი არ არის, მაგრამ მაინც, რაც არის, ისიც დიდი წარმატებაა ამ მხრივ. ამას გარდა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ყველა კუთხეში დღეს მრავალნი არიან ახალგაზრდანი, რომელნიც, შეძლებისდაგვარად, სწავლობენ ჩვენს წარსულს. აქვე მოვიხსენიებთ აგრეთვე იმ ამბავს, რომ თვით უმაღლეს სასწავლებლებშიაც ქართველ სტუდენტებ შორისაც გაიღვიძა სამშობლოს ისტორიის შესწავლის სურვილმა, ათიოდე წლის წინათ კი ესრეთი სურვილი მოსწავლეთა შორის, თითქმის სრულიად დახშული იყო. წინამორბედნი ამ საქებურ საქმეში არიან მაგალითად ბ-ნი ა.ხახანაშვილი და ნ.მარი. ჩვენის აზრის დამამტკიცებელ საბუთად აგრეთვე ისიც ჩაითვლება, რომ საქართველოში, წარსულის 5-6 წლის განმავლობაში, გავრცელდა სხვადასხვა ისტორიულნი სახელმძღვანელონი, პატარა წიგნაკები და სხვ. ერისაგან თავის საკუთარ ისტორიის შესწავლა ხომ პირველი ნაბიჯია მისის წარმატებისა და წინსვლისა. ხოლო ისტორიის შესწავლა უნდა იყოს არა ცალკერძი, ცალმხრივი, არა მიდგომილობით, არამედ კრიტიკული. ყოველ ისტორიულს ამბავსა და გარემოებას, ავია თუ კარგი, თვალს უნდა ვუსწორებდეთ დაურცხვენლად. ღვთით, ამგვარი კაცნიც, თითქო, გვიჩნდებიან, ჩვენში არიან თითო-ოროლა მწერალნი, რომელნიც სცდილობენ ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია თვალწინ გაგვიტარონ, გვაცოდინონ ფილოსოფია საქართველოს ისტორიისა. სამწუხაროდ, ზოგიერთნი მათგანი ჯეროვანად ვერ გასცნობიან საქართველოს ისტორიას, ვერ შე- უგნიათ მისი ორიათასს სამიათასწლოვანი მიმომდინარეობის, არათუ უმცირესნი გარემოებანი, არამედ, ხშირად, თვით უმთავრესნიც. იგინი, როგორც სჩანს, რაოდენადმე გასცნობიან ევროპის ცივილიზაციასა და კულტურას და იმ ალაბით, რომლითაც იზომება ევროპის კულტურის ავკარგიანობა, სზომავენ საქართველოს კულტურასაც. ეს ფრიად საამო ამბავია, დამეთანხმეთ. დროა, გამოირკვეს ჩვენი ,,წვდიადით მოცული” წარსულიც; დროა ვიცოდეთ, ,,ვინ ვიყავით, რა ვიყავით ჩვენ ქართველნი წინა დროსა”, ან რის მაქნისნი ვართ დღეს და რა შეგვიძლიან მერმისში. ის მწერალნი, ვიმეორებთ, აღჭურვილნი თვისის ,,ცოდნითა და ,,ძალ-ღონით”, თვალს გადაავლებენ რა ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას, განცვიფრებაში შედიან, რადგან ვერას სანუგეშოს, ვერას კულტურის მასწავლებელს ვერა ჰპოვებენ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. თუ რაიმე ამგვარი ჰპოვეს, იმასაც სთვლიან არა საკუთარ, თვითმყოფელობის ჭკუის ნაქმარად, არამედ გადმონერგილად, გადმოღებულად უცხო ქვეყნიდამ. თითქო თუნდა ასრე იყოს, ამ გადმოღებასა და გადმონერგვასაც კი ჭკუა, მოხერხება და ცოდნა საჭირო არ იყოს და თითქო თვით ამ კულტურულ თესლის გადმონერგვისა და აღორძინებისათვის საჭირო არ იყოს წინასწარი მომზადება, დაფიქრება და ნიადაგის შემუშავება, რომ ახალმა, უცხო ქვეყნიდგან მოტანილმა თესლმა ფესვები გაიდგას, აღორძინდეს და ნაყოფი მოიტანოს. ამგვარ ფილოსოფოს-კრიტიკოსებისათვის თვით «ქართლის ცხოვრება», რომელიც, მათის აზრით, არის მარტო მშრალი და ხშირად დაუჯერებელი ძეგლი ქართველთ ბრძოლა ომებისა, მეტად დაბალ ფასის წყაროა, თვით უტყუარი ძეგლი ქართველთ სულიერ და გონებით სიბრწყინვალისა-,,ვეფხისტყაოსანი”, უბრალო პოე- მა და ზღაპარია სპარსეთის ისტორიული ცხოვრების ზედგავლენით შედგენილი. ისინი ეჭვით უყურებენ და კიდეც უარყოფენ ძველი მწერლების (მაგ. სტრაბონის და სხ, მოწმობას ქართველთა ძველს ცივილიზაციაზედ, და არად აგდებენ იმ გარემოებას, რომ ქართველებსა და ისტორიაში გამოჩენილ ერთ დიდი დამოკიდებუ- ლება ჰქონდათ ერთმანეთში. მათთვის არ არსებობს ვახტანგ გორგასლანის მეფობა; ქრისტიანობასა, ხელოვნებასა, ხუროთმოძღვრებასა და ბევრ სხვა გარემოებას ერის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვსო, მაგრამ ყოველივე საქართველოში შემოვიდა ზოგი ასურეთიდამ, ზოგი საბერძნეთიდან და ზოგი არაბეთ-სპარსეთიდან, აქ რა შუაშია საქართველოს კულტურაო, გვეუბნებიან. კეთილი, მაგრამ რათ ივიწყებთ, ბატონებო, იმ გარემოებასაც, რომ აწინდელი ევროპის კულტურაც თავისით არ დაბა- დებულა, რომ ეს კულტურაც ღვიძლი შვილია იტალიის ძველის კულტურისა და ეს კიდევ – საბერძნეთისა და საბერძნეთისა კი – ეგვიპტისა, ინდოეთისა და ასურეთისა. თქვენის ლოღიკით დღეს ხომ უნდა უარვყოთ ყველა ხსენებულ ერთა კულტურა. აქ, რასაკვირველია, ესე ვითარნი მწერალნი ივიწყებენ, რომ სხვადასხვა ერში არსებობს განსაცვიფრებელი ერთობა, რომელი აიხსნება კაცობრიობის ბუნების და საზოგადო ცხოვრების მსგავსებისაგან და ეს მსგავსება და ერთობა თვით ცივილიზაციასა და კულტურასაც რაოდენადმე ერთს ფერსა სდებს. დიდებულთა მკვლევართა და მეძიებელთა კაცობრიობის წარსულისა დიდი ხანია განმარტავს ერთობა და კავშირი სხვადასხვა ერთა და სხვადასხვა დროთა კულტურისა. აწ აღიარებულია ის ჭეშმარიტება, რომ კულტურულ ერთა ცივილიზაციასა და აწინდელ ნადირმყოფთა კულტურას შორის არსებობს დიდი მონათესაობა. განმარტებულია, თუ რანაირად გამოვიდა კაცი ნადირმყოფთ მდგომარეობიდამ, რანაირად განვითარდა გონებითა და ზნეობით, რანაირად მოიგონა იარაღი, საცმელი, შენობა, დაიმორჩილა პირუტყვნი და სხ. შემდეგ რანაირად განაკარგა იარაღნი (მოიგონეთ ქვის საუკუნე, ბრინჯაოსი, რკინისა და სხ. საცმელი, საჭმელი გაამრავლა, მოიგონა ნაოსნობა და დაიწყო ვაჭრობა, აღებ-მიცემა, გამართა მთავრობა და სახელმწიფო და სხ. და სხ. აწინდელმა საუკუნოებმა ხომ დიდის სასწაულები აღმოაჩინა ცასა და დედამიწაზედ. კაცობრიობას აქვს დიდი ურთიერთშორისი კავშირი. ერთგან სადმე თუ აღმოანათებს კაცის გენია, იგი თანდათან ანათებს დიდს მანძილზე, იმის ნათელის სხივი აშუქებს შორს, მაღრიბიდგან მაშრიყამდე. კაცი იმიტომ არის კაცი, რომ შეიგნოს ჯერ შეუგნებელი, მისწვდეს მიუწვდომელს და იძიოს გამოუძიებელი და კულტურაც იმ ნიადაგზე ხეირობს, სადაც ახალი მუდამ მიისწრაფის წინ, არა დგება ერთ დონეზედ, როგორც ქურაში მჭედელი ჰკვერავს რკინეულობას, ისე ერის გონება, მეცნიერება თავისებურად ახალისებს, ჰჭედავს და ალამაზებს ზნე-ჩვეულებას, საცმელსა, იარაღს და ყოველსავე იმას, რისგანაც შესდგება ეგრედ წოდებული კულტურა კაცობრიობისა საზოგადოდ და რომელისამე ერისა კერძოდ. ხშირად მოხდება ხოლმე, რომ რომელიმე კერძო, რომელიმე წვლილი კულტურისა იბადება ერთის ერის გენიოსობის წყალობით და იგი კერძო, იგი წვლილი ვრცელდება სხვა ქვეყანაშიაც. იქ ხალისდება, მკვიდრდება და ფესვებს იდგამს. მაგ. დიდებული იარაღი-ანბანი-კაცობრიობის ფილოსოფიის დასაცველად და აღსაბეჭდავად პირველად მოიგონეს ფინიკიელებმა და იმათგან შემდეგში იგი იარაღი სხვადასხვა სახეობით მოედო თითქმის მთელს მსოფლიოს. ასრევე მოჰხდა ხუროთმოძღვრულ ხელოვნების გავრცელებაში, იარაღების მოგონებაში, ტყვია-წამლისა, თოფ-ზარბაზანის შემოღებაში და სხ. აგრეთვე ძველი წარმართული რჯული გაფაქიზდა, გამშვენიერდა და რამდენიმე გარეგან სახეობით მოედო მთელს კაცობრიობას. ქრისტიანობის სამშობლო იყო პალესტინა, მაგრამ იქიდგან ამ სარწმუნოებამ მალე დაიმორჩილა სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა ერნი. შემდეგ, თითქმის ყველა ერმა თავისებურად მოაწყო საკუთარ ეკლესია, საკუთარი ფერი დასდო იმის მმართველობასა და გამგეობას. ამ სვეს ვერ ასცილდა ვერც საკა- ცობრიო მითოლოგია, ვერც ენა, ვერც ზნე და ჩვეულებანი და სხ. ყველა და ყოველივე ესე თუ საერთო, საკაცობრიოა, სხვადასხვა ერში მრავალფერად და მრავალსახით არსებობს. ქვეყანაზედ 3000 მილიონამდე სული კაცი და ქალია, მაგრამ მათ შორის ორიც არ მოიპოვება ისეთი, რომ ერთიმეორეს სრულიად და სავსებით ჰგვანდეს, ასრეც ორი ერია. ყველა ზნე-ჩვეულობა და სხ. თუმცა საერთო წყაროდამ შეიქმნა და აღორძინდა, მაგრამ სხვადასხვა გარემოებაში ჩავარდნილმა საკუთარი ფერი მიიღო, საკუთარი იერი დაიჩნია. ეხლა რომ ჩვენი კლასიკოსები უარჰყოფენ ჩვენს ისტორიას, წარსულს, რადგან, ვითომ, მათის აზრით, ყოველივე გადმოღებული გვქონია, განა მართალნი არიან? არა. ასრე შეიძლება, ვამბობთ, უარვყოთ ყოველივე ერის ისტორია და მაშინ დაშთება მხო- ლოდ მშრალი ისტორია მთელის ხალხოსნობისა. მართალია, ძველის იტალიელებისა არ იყოს, ,,მთელი მსოფლიო არის ერთი მამულიო”, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ იგი ხალხოსნობის ისტორია კერძოდ შესდგება სხვადასხვა ხალხის ისტორიისაგან, სხვადასხვა თავისებურად დამკვიდრებულ კულტურისაგან და ჯამი ყველა ხალხების კულტურისა არის კულტურა კაცობრიობისა. ნათლად რომ წარმოვიდგინოთ თვალწინ, თუ რა არის კულტურა, რა ელემენტებისაგან შესდგება იგი, აქ მოვიყვან სიტყვებს დიდბუნებოვან ისტორიკოსის ჰიბბონისას:,,ძველთა და ახალთ ზღვათამავალთა აღმოჩენილებანი და შინაური ისტორია, ანუ გადმოცემანი განათლებულ ხალხებისა ველურ კაცს გვიხატავენ გონებითად და ზნეობითად შიშველს, რომელსაც არა აქვს არც კანონები, არც ხელოვნებანი, არც ისტორიანი და არც ენა. ამ პირველყოფილ მდგომარეობიდამ ხალხოსნობა თანდათან ამაღლდა და შეიძინა ბატონობა პირუტყვთა ზედა, ისწავლა მეურნეობა მიწისა, გადალახვა ზღვათა და ზომა ცისა და ქვესკნელისა” ტეილორი კიდევ ამბობს:,,კულტურა ანუ ცივილიზაცია, საზოგადოდ ეთნოგრაფიულის მხრით შესდგება ცოდნისა, რწმენისა, ხელოვნებისა, ზნეობისა, მართლიერებისა, ჩვეულებათა და ზოგიერთ სხვა ნიჭიერთაგან, რომელნიც კაცმა, ვითარცა საზოგადოების წევრმა, შეითვისაო”. მართლა, ნუთუ ქართველმა კაცმა 2000- 3000 წელიწადი იცხოვრა და ამ უშველებელ დროს განმავლობაში სულ უქმად იყო და ვერავითარი სარგებლობა ვერ მოუტანა არათუ კაცობრიობას, არამედ თვით თავის თავს, თავის ქვეყანასაც კი… გარწმუნებთ, ჩვენ არა ვართ ქართველთა ისტორიის პანეგირისტი და გუნდრუკის მკმეველი. მაგრამ მაინც არ შეგვიძლიან დავდუმდეთ, როდესაც ესე ხელაღებით უარყოფენ ჩვენს წარსულს ზოგი უვიცობით, ზოგნი კი იმიტომ, რომ იგი წარსული მათ დიდებულ ძალად მიაჩნიათ, იმ ძალად, რომელიც ასულდგმულებს, ზურგს უმაგრებს იმთავითვე ქართველებისთანა ყოფაში ჩავარდნილ ხალხს… სხვას ყოველივეს ზურგი რომ შევაქციოთ, იმ ფაქტებს მაინც აღტაცებით როგორ არ უნდა მივეგებნეთ, რომ საქართველო გაქრისტიანდა ბერძნებთან ერთად, ქრისტიანული მოქალაქეობა დაიწყო, მოაწყო ნაციონალურის ეკლესიის გამგეობა და ამ ეკლესიას მეხუთე საუკუნეშივე მიანიჭა დამოუკიდებლობა და თვითმყოფელობა, აგრეთვე სამშობლო ენაზე შეჰქმნა საეკლესიო ლიტერატურა, რომლის უტყუარი ნაშთები დღესაც არსებობენ მე-VI, მე-VII-ე, მე-VIII და შემდეგ საუკუნოებიდამ. ძველს მატიანეს თუ დავუჯერებთ, ქართველთ სახარება გადმოუღიათ მეხუთე საუკუნეშივე. ყოველსავე ამას რომ მივიღებთ მხედველობაში, ნუთუ არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქრისტიანო საქართველოში პირველ საუკუნოებიდანვე ტრიალებდა რაღაც დიადი მისწრაფება, აზროვნობა და ამ საიდუმლო მისწრაფებამ შთააგონა ქვეყნის მოსურნეთ, რომ ქრისტიანობის მოსაფენად ხალხში, ქრისტიანულად სალოცველად საჭიროა საერო ენაზედ გადმოღება ღვთისმეტყველებისა. დიაღ, ეს მოსაზრება არ არის წინააღმდეგი არც ფილოსოფიისა და არც მეცნიერებისა. ავტოკეფალია, თვით გამგე ეკლესიისთვის საჭირო იყო ღვთის დიდება ღვიძლს ენაზე. იწყეს ქართველებმა შესწავლა უცხო ენებისა. ამ სწავლამ ნაყოფი მოიტანა. ქრისტიანობის მიღებიდამ არ გაუვლია სულ ორ საუკუნეს, რომ ქართველთ ენაზედ გაეწყო ღვთისმეტყველება. თვით ამ ღვთისმეტყველების გაწყობას სამშობლო ენაზედ ჩვენს თვალში დიდი ფასი სდევს, დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ ქართული ენა მაშინ უკვე საკმაოდ განვითარებული იყო, რომ შესაძლებელი შეიქმნა გადმოღება საღმრთო წიგნებისა. საეკლესიო ლიტერატურის დაარსება საქართველოში ერთი ნაბიჯია ქრისტიან ქართველთა სულიერ და გონებით ცხოვრებაში. მას მოჰყვა მეორეც. იგი არის გავრცელება საერო ლიტერატურისაც. გუჯრებისა და სიგელების წერა საქართველოში შემოვიდა მე-IX-X საუკუნიდან, შემდეგ საერო კანონები, რომელსაც მოჰყვა- ვისრამიანი, ვეფხისტყაოსანი, ბალავარისა, ამირან-დარეჯანიანისა, მატიანეთა, ფულთა (მე-V საუკუნედან) ზედწარწერით და სხ. ეს ხომ ითქმის ქრისტიანობის მომდევნო საუკუნოებზედ და, არა გვგონია, რომ თვით ურწმუნო თომამაც უარჰყოს ეს ფაქტნი ქართველთა წარმატებისა და უტყუარი საბუთნი ქართველთ კულტურისა და ცივილიზაციისა. მაგრამ ჩვენ არ შევჩერდებით მარტო ამ ხანაზედ, არამედ მოვიყვანთ მრავალს ცნობებსა და საბუთებს შესახებ ქართველთ ყოფა-ცხოვრებისა ყველა ეპოქებიდგან. წარმართობითგან დაწყებული მოდღეინდელად დრომდე და ვეცდებით, რაოდენადაც ძალ-ღონე შეგვწევს, ავხსნათ იგი საბუთნი ეთნოგრაფიულისა და კულტურულის მხრით. ხოლო აქ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ რადგან უარმყოფელებს უვრცელესი ჩვენი მატიანე («ქართლის ცხოვრება»), მიუხედავად მისის დიდის ღირსებისა, არა სწამთ, ჩვენც ამ ხელად გვერდს ავუქცევთ მას და ვეცდებით სულ სხვა, უტყუარ და უცხო წყაროებიდამ ამოვკრიფოთ ცნობები შესახებ ქართველთ კულტურისა და ცივილიზაციისა. ამგვარ წყაროდ ჩვენ ვსთვლით უცხოელ მწერალთა და მეცნიერთა ცნობა-გამოკვლევათა, აგრეთვე ჩვენსავე გუჯრებს, სიგელებს, ხუროთმოძღვრულ ნაშთებს, მათს წარწერას, ნუმიზმატიურ ფაქტებს, ძველს სამწერლო ნაშთებს, საფლავებში პოვნილ ნაშთებს, ლეგენდებს, მითებს, ანდაზა-გამოცანებს და სხ. ყველა ამ მასალაში უტყუარად გამოიხატება ქართლოსიანთა ერის შეხედულობა ადამიანის მოწოდებასა და ქვეყანაზედ, ანუ, სხვანაირად რომ ვსთქვათ, მთელი ფილოსოფია ქართლოსიანთა ერისა… ჩვენის წარმართობისა და ქრისტიანობის დროინდელ ისტორიას შორის არასდროს არ შეწყვეტილა კავშირი, ასე რომ მთელი 2000-3000 წლოვანი ისტორია ქართველთა ერთი განუწყვეტელი გრეხილია. თქმულის საბუთად მოგვყავს ის გარემოება, რომ უკანასკნელ დროსაც არის იგივ საპოლიტიკო და საეკლესიო იერარქია, როგორათაც უწინარეს დროში იყო, ხოლო იმ განსხვავებით-კი, რომ წინანდელი რამდენსამე სამთავროებად დაყოფილი ქვეყანა ბოლოს ერთდება, წინანდელი წვრილი სამთავროები (კოლხიდა, ლაზიკა, პონტო, სვანეთი და ალბანია) უქმდება, ანუ, უკეთ ვსთქვათ, უერთდება ივერიას. დეცენტრალიზაცია მთავრობისა და ქვეყნის მეურნეობისა თანდათან ისპობა და გაერთიანებულს საქართველოში მყარდება უზენაესი სახელმწიფო უფლება. წინანდელს სამთავროებში, მაგიერ მეფე-მთავრებისა, ქვეყნის მმართველებად საქართველოს მეფისაგან ინიშნებიან მხოლოდ ერისთავები. სარწმუნოებრივი მხრით საქართველოს გაერთიანება მოჰყვა ქრისტიანობის მიღების მომდევნო პირველ საუკუნოებს, ხოლო პოლიტიკური გაერთიანება-კი დაგვირგვინდა ბაგრატ მეფის დროსვე (1027-1072). ამ დროს ქართველი ხელმწიფე უკვე იწოდებოდა მეფედ აფხაზთა, ქართველთა, რანთა (წარწერა ნიკორწმინდის ტაძრისა იმერეთში:,,ძეო ღვთისაო, ადიდე სიმრთელით და დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურატპალატი” კახთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა») კაცხის მონასტრისა:,,წმ. სა- მებაო, ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დიდი კურატპალატი”). შემდეგში – კი (მე-XII საუკ.) საზღვარი საქართველოისა შეიქმნა კასპიის ზღვა, არეზის მდინარე და მის სათავიდგან გავლებული ხაზი შავ ზღვამდე (გონიოსა და ტრაპიზუნტის შუა). უძველეს დროში იმ ადგილს, საცა ეხლა მოსახლეობენ ქართველნი, ბერძენ- რომაელთა მწერალნი იხსენიებენ რამდენსამე სამთავროსა და სამეფოს. (Извест. Древн. Греч. И римс. Писат. О Кавказе, განისა). იგი მწერალნი და აგრეთვე წინასწარმეტყველი მოსე მოიხსენებენ თუბალს, მოსხს, კოლხს, სუანს და სხვათა, რომელნიც, ახალის გამოკვლევით, არიან ქართველთა მოდგმისანი. ეს სამთავრო- სამეფოები. ჭირ-ბოროტის დროს ერთად ებრძვიან მტერს, ერთად იხსენიებიან ყოველთვის, როდესაც მძლავრი მტერი შემოესევა ქვეყანას. ასურეთში ნაპოვნი ქვის წარწერა (მე-XI საუკ. ქრ. წინ.) გადმოგვცემს შემდეგს საყურადღებო ცნობას: თეგლატფალასარმა პირველსავე წელს თვისის მეფობისა დაიმორჩილა მოსხნი ხუთითავე მეფეებითა, რომელნიც წინ უძღოდნენ თავის ერს საშველად კოსმოჟენთა, რომელნიც ასურეთის მორჩილებიდამ გამოვიდნენ (ისტ. ასურეთისა, გვ. 260, ლენორმანისა). ოფიციალური წარწერა ერთს ძეგლზე გვიჩვენებს, რომ ფინიკიელთა მეფეს თეგლატფალასარ II-ს დაუმორჩილებია მრავალი ერი და 731 წელს ქრ. უწინარეს მათი მეფეები (სულ 23-ი) მიუწვევია ნინევიას და ხარკის მიტანაც დაუვალებია. ამ მეფეთა შორის ძეგლი მოიხსენიებს კოლხიდის მეფეს დადილს და ვასსამ ტიბარენელს (ისტ. ფინიკიისა, გვ. 504, ლენორმანისა). ბერძენთა ლეგენდა (მე-XII საუკ. ქრ. წ.) ასახელებს კოლხიდის მეფეს აიეტს, აღწერს იმის სასახლეს და სხვ. ამასვე მოგვითხრობს ჰომიროსი (9—წ. ქრ. წ.), მიმნერმი (630-600), პინდარი და სხ. 545 წ. კიროსმა დაიპყრა კოლხიდა და ქალიბნი. დარიოსმა (514-510) დაიმორჩილა მრავალი ქვეყნები და თავისი სამეფო გაანაწილა სატრაპიებად. მათ შორის ივერია და ალბანია შეადგენდა მე-18 სატრაპიას და მოსხნი, ტიბარენნი, მაკრონნი, მოსინეკნი მე-19 სატრ. რომელნიც საერთოდ იხდიდნენ 500 ტალანტს ხარკს ყოველწლივ (ისტ. სპარ. მიდიისა, გვ. 259, ლენორმანისა). ჰეროდოტი (480-426) ამბობს:,,კოლხთა მეფემ საბერძნეთს გაგზავნა მოციქულებიო”. იმავე უცხოელ მწერლების ნაამბობს რომ მივუდგეთ, დავინახავთ, თუ როგორ თანდათან უძლურდებიან ცალ-ცალკე სამთავრონი და როგორ იზრდება და ძლიერდება ივერია, ესე იგი ის შუაგული საქართველოისა, რომელიც, მათსავე თქმით, შემოიზღუდება მდ.არეზით, ცივ-გომბორისა და კავკასიონის მწვერვალით და მოსხის მთებით. ეს სიძლიერე ივერიისა პირველსავე საუკ. ქრ. შემდეგ იმ ზომამდე აღმატებული იყო, რომ, როგორც გადმოგვცემს ქვაზე დაშთენილი ძეგლი 75 წლ., მსოფლიო მფლობელის რომის იმპერატორისთვისაც კი სასიქადულო შეიქმნა მეგობრობა ივერთ მეფის მითრიდატისა. საკვირველიც არ არის. ივერია ძლიერი სახელმწიფო იყო. დიდძალი მხედრობა გამოჰყავდა საომრად. ძლიერი ციხეები და ქალაქები ჰქონდა. მის მეგობრობასა და მტრობაზედ იყო დამოკიდებული სიმშვიდე რომის აღმოსავლეთის საზღვრებისა, ანუ ღელვა და განდგომა მათი. ივერია იყო იგეთი სიმაგრე, იგეთი კარი, რომლის გაღება მოასწავებდა ჩრდილოეთის ველურების შესევას რომის მცირე აზიის სამფლობელოებში. ამას გარდა იმავე მეგობრობის წყალობით სწარმოებდა რომის აღმოსავლეთის მხრის ვაჭრობა, აღებ-მიცემა, რომელიც, როგორც ქვემოთ დავინა- ხავთ, ფრიად გაძლიერებულ იყო რიონ-მტკვრის სავაჭრო გზის შემწეობით. ამიტომ რომის იმპერატორები შემთხვევას არ ჰკარგავდნენ, რომ როგორმე და რითიმე ესიამოვნებინათ ივერთ მეფეთათვის. ელი სპარტიანი ადრიანეს ცხოვრების აღწერაში ამბობს, რომ იმპერატორი ადრიანე (მესამე საუკ. ქრ. შემდეგ) იმისთანასა და იმდენს საჩუქრებს არავის უძღვნიდა, როგორსაც და რამდენსაც ივერთ მეფეს, რომელსაც აუარებელ და ძვირფას საჩუქართა შორის გაუგზავნა აგრეთვე სპილო და მეფის მცველებად 500 კაციო. დიონ კასსი მოგვითხრობს, რომ 138 წ. ქრ. შ. ივერთა მეფე ფარსმანი მეუღლითურთ მობრძანდა რომს და დიდის დიდებით მიღებულ იქმნა ამ ქალაქშიო. იმპერატორმა მას სხვა მიწებიც (ქვეყნებიც) აჩუქა და ნებაც მისცა, რომ კაპიტო-ლიუმში მსხვერპლი შეეწირაო. ფარსმანს ბელლონის ტაძარში ანდალმა (სტატუა) დაუდგეს 138 წელსაო. ბერძენ-რომაელთა (Извест. Древн. Греч. И римс. Писат. О Кавказе, განისა) მწერლების თქმით, არც ერთი სხვა სამთავრო-სამეფო, საცა მოსახლეობდნენ ქართველთ მოდგმისანი, ივერიასავით კეთილგანწყობილი არ ყოფილა. სტრაბონი, რომლის დედის ბიძა იჯდა ტეტრარხად (ერისთავად) ლაზიკაში, ამბობს, რომ ივერიაში მკვიდრნი ოთხ წოდებად იყვნენ განაწილებულნიო. პირველს წოდებას, უმაღლესს ეკუთვნიან იგინი, რომელთაგანაც ყველაზე უფროსს გვარში და თემში ირჩევენ მეფედ და იმის მომდევნოს წლოვანობით მსაჯულთუხუცესად და მხედართმთავრადაო. მეორე წოდებას შეადგენდნენ ქურუმნი, მათ ხელშია აგრეთვე სამართალი; მესამე წოდებას შეადგენდნენ მხედარნი და მიწის მუშაკნი და მეოთხეს ერი და სამეუფო ყმანი და ყველა ხელის მოსამსახურენიო. მეხუთე საუკ. ქრ. შ. სომეხთ ისტორიკოსი მოსე ქორენელი ასწერს საქართველოს საპოლიტიკო იერარქიას და ამბობს, რომ აქ მეფის მოხელეთ ერქვათ ,,სეფეწულნიო” და სხ. ამ სახით, მთავრობა და მეფობა საქართველოში უეჭველი ფაქტია. უცხოელთ გარდა ჩვენს მეფობას შეეხებიან საქართველოშივე დაშთენილნი უტყუარნი ძეგლნი. მაგ., ფული. ეს ფული დღეს უკვე გამოკვლეულია და დაწვრილებით აღწერილი, სხვათა შორის ქართული ფული ზედმიწევნით ბარათაევმა აღწერა თავის წიგნში ,,Нумизматические факты грузинского царства”. პირველი ფული, ჩვენამდე დაშთენილი, ეკუთვნის მეფე ვახტანგ გორგასლანს (446-499), შემდეგი ადარნასეს (634-663), ჯუანშერს (718-786), ბაგრატებს, დავითს, გიორგის, თამარ დედოფალს და სხ. თამარის ფულზედ აწერია: ,,დედოფალი მაღალ-ხარისხოვანი, დიდება სოფლისა და სარწმუნოებისა; თამარ, ასული გიორგისა, შემდეგი მესსიისა, ღმერთმან ადიდოს ძლევანი მისნი”. გაერთიანებულის საქართველოს მეფენი იყვნენ ფრიად ძლიერნი. ეს სიძლიერე შეიქმნა მიზეზად, რომ მეფენი ამგვარ თავმოწონების წარწერით ამკობდნენ თავის მიერ მოჭრილ ფულსა. სომხის თანამედროვე მწერალი ასოღიკი დავით კურაპალატზე (980-1008) ამბობს, რომ ,,სიტკბოებით და მშვიდობისმოყვარეობით დავითი აღემატებოდა ყოველთა ხელმწიფეთა, რომელნიც კი ჩვენ დროს სცხოვრობდნენო; დავითი იყო მიზეზი ყოვლის აღმოსავლეთის მშვიდობისა და კეთილწესიერებისა და განსაკუთრებით კი სომხეთისა, ივერიისა… მან სძლია ყველა უცხო ტომებს, ასე რომ ყველა ხელმწიფენი თავის ნებაყოფლობით ემორჩილებოდნენო”. იგივე ასოღიკი დავით აღმაშენებელზე მოგვითხრობს, რომ განზაგის ემირი გაზი 30000 კაცით შემოესია საქართველოს, მაგრამ დავითმა ეს ჯარი სრულიად დასწყვიტაო. იგივე სომეხთ მწერალი ამავე მეფეზედ ამბობს: ,,შეკრბა ყოვლის მხრის თურქობა და შემოესია საქართველოს ტფილისის მხრიდამ. მტრის ჯარი იყო 560000 კაცი. დავითი დაუხვდა 60000 კაცით. იყო 15 აგვისტო და მტრები შეიბნენ. მოხდა ომი საზარელი და სასტიკი, ასე რომ მთანი ინგრეოდნენ. მტერი იძლია. ნაომარზე დარჩა 400000 დახოცილი მტერთაგან და 30000 დატყვევებული იქმნა. დაღამდა. ჯარი გაიქცა და ქართველებმა ,,განთქმულთა თვისის სივაჟკაცით”, სდიეს მათ ვიდრე ქალაქ ანის საზღვრამდე. ამავე ბრძოლას აღწერს გოთიე და მტრის ჯარს აღრიცხავს 600000 კაცად, ქართველთა, სომეხთა და ბერძენთ მწერალნი ერთნაირად მოგვითხრობენ, ქართველთა მხედრობამ თუ როგორ იხსნა კონსტანტინეპოლი სკლიაროსისაგან და სხვა. ესეთი გახლდათ საქართველოს მდგომარეობა მე-X-XII საუკუნეებში. შემდეგ კი ულმობელმა ისტორიულმა გარემოებამ შეასუსტა ქართველი ერი. ეს შესუსტება დაიწყო მსოფლიო ღელვათა შემდეგ, მე-XIII საუკუნის ნახევრიდამ, როდესაც მონგოლთა უთვალავი მხედრობა, სამად გაყოფილი და ქვეყნის სამის მხრისკენ გალაშქრებული, რისხვითა და წარღვნით ერთსა და იმავე დროს ზარს სცემდა ჩრდილოეთს, დასავლეთსა და სამხრეთს, აღმოსავლეთი ხომ წინათვე ჰქონდა შელახული. დასავლეთისკენ მიმართულ მოზღვავებულ ლაშქრის სიმწარე-რისხვა პირველად გამოსცადეს ქართველებმა, თუმცა რიცხვით მცირემ, მაგრამ ომ-ბრძოლაში ,,ვითა ლომმა”.

  4. სამშობლო, პირველ ყოვლისა, გულისხმობს სიყვარულს. სიყვარული კი უპირატესი მცნებაა, რადგან „ღმერთი სიყვარულია“. ამდენად, რაც მისგან მომდინარეობს ღვთიურია, კურთხეულია, მაცხოვნებელია. იქნებ ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ქართველი ხალხი ყველაზე უკეთ ჩასწვდა სახარების არსს – სიყვარულის უზენაესობას. ალბათ ამიტომაც შედუღაბდა ასე ქართველის ცნობიერებაში სჯული და მამული.

    რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ერთი ინგლისელი ექიმი ჩამოვიდა ურთულესი ოპერაციების ჩასატარებლად. წასვლის წინ ჰკითხეს, საქართველოზე რას იტყვითო. მან მიუგო: „მე მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი ხალხი არსად შემხვედრია. თქვენ – ქართველები – ყველაფერს გულით აკეთებთო“. რომ დავფიქრდი, მართლაც ასეა. მაშ, გამოდის, რომ ჩვენი მამოძრავებელი ძალა სიყვარული ყოფილა, რადგან გული სიყვარულის საბრძანისია.

    აქედან გამომდინარე, ქართველებისათვის სამშობლოს სიყვარული ღვთიური მცნების აღსრულებაა, უფლის დიდებაა, მისი მსახურებაა.

    ამქვეყნიური სამშობლო ზეციური სამშობლოს ერთგვარი ხატია, ამდენად, ქართველებისათვის სამშობლოსათვის თავის შეწირვა მიწიდან ზეცად ამაღლებაა, უფრო დიდ, მარადიულ სამშობლოში გადასახლებაა.

    სამშობლო – ერთად ყოფნის ბედნიერებაა, მოყვასის ტკივილსა და სიხარულში თანამონაწილეობაა, სტუმრის ღვთის კაცად ჩათვლაა, მიმტევებლობაა.

    ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ქვეყანა უფლის სამკვიდროს, სამოთხეს დაამსგავსეს, სადაც ყველაფერი ღვთის სადიდებლად არსებობდა: წიგნიერება – ღმერთს ემსახურებოდა, ხელოვნება – ღვთის სიდიადეს წარმოაჩენდა და განადიდებდა, მუსიკა – ღმერთს უგალობდა, თავად სიცოცხლეც ღმერთს ეკუთვნოდა, რადგან ქართველს სარწმუნოების უარყოფას ყველაფერი ერჩივნა.

    ქართველებს ეს სულისკვეთება გენეტიკურად გადაეცემათ თაობიდან თაობაში და ის ყველაფერში იჩენს თავს, თუმცა ამას ჩვენზე უკეთ, რატომღაც, სხვები გრძნობენ. მახსენდება ერთი ამბავი, რომელიც ჩემმა ახლობელმა მიამბო. იგი მივლინებით პალესტინაში გაგზავნეს. თან ქართული ხალხური სიმღერების აუდიო ჩანაწერი წაიღო. ერთ დღეს ერთ არაბ ტაქსის მძღოლს გამოლაპარაკებია, რომელსაც თურმე ასეთი ჰობი ჰქონდა – სხვადასხვა ხალხების ეროვნულ სიმღერებს აგროვებდა. მაშინ ჩემს ახლობელს ქართული ხალხური სიმღერების აუდიოჩანაწერი შეუთავაზებია. სიმღერების მოსმენის შემდეგ არაბს უთქვამს: არა, ამ ჩანაწერს ვერ დავიტოვებ. ეს სიმღერები არ არის, საგალობლებია. მე კი მართლმადიდებელი ვარ და უცხო რჯულის საგალობლებს ვერ მოვუსმენ. როდესაც ჩემმა ახლობელმა აუხსნა, რომ ქართველებიც მართლმადიდებლები არიან, არაბმა აღფრთოვანებით დაიბღუჯა კასეტა და თქვა: მაშინ, მე მას ყოველთვის თან ვატარებ და მანქანაშიც სულ ამ სიმღერებს ჩავრთავო.

    ხშირად მიფიქრია: აი, რამდენი ქვეყანა არსებობს… ბევრი ძალიან ლამაზია, განვითარებული, არის პირიქითაც, უძლური, განუვითარებელი და შესაბრალისი ქვეყნებიც. ისე რომ მომხდარიყო, რომ მე სადმე სხვაგან დავბადებულიყავი?… მაშინ მეც ერთი იმათგანი ვიქნებოდი და შესაძლოა არც მცოდნოდა, რომ „არის ასეთი ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია“. ყოველთვის, ამის გაფიქრებაზე, ტანში ჟრუანტელი მივლის, ცივი ოფლი მასხამს და ჩემდაუნებურად წამოვიძახებ: „გმადლობ, ღმერთო, რომ ასე არ ინებე“. შემდეგ დავფიქრდები და საკუთარ თავს ვეკითხები: „ნეტავ რით დავიმსახურე ასეთი წყალობა, რომ დავიბადე მართლმადიდებლად, თანაც ქართველად და მაქვს ბედნიერება ჩემს სამშობლოში ვცხოვრობდე?!“ და თვალწინ მიდგება „საქართველოს დიდების“ ხატი, თითქოს ცოცხლდება წარსული: აი, ვახტანგ გორგასალი, წმინდა ნინო ვაზის ჯვრთით ხელში, მირიან მეფე და ნანა დედოფალი, გრიგოლ ხანძთელი, თამარ მეფე, დიდებით მობრძანდება დავით აღმაშენებელი, სიხარულით მოაბრძანებენ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს 100 000 მოწამენი, ნაღვლიანად გასცქერის საქართველოს დემეტრე თავდადებული, ომახიანად მოაბიჯებს 300 არაგველი…

    თუმცა ქართველობა მხოლოდ წყალობა როდია, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავლის წინაშე. განა რომელიმე ქართველი გაექცევა ამ პასუხისმგებლობას? მე ნინო მქვია. განა მე ეს წმინდა ნინოს ყოველდღე არ მახსენებს? მაშ, როგორ შეიძლება დაივიწყო მისი ღვაწლი უფლისა და ქართველი ერის წინაშე და არ ეცადო, შეინარჩუნო, დაიცვა და სხვასაც გადასცე ის, რაც მან გვასწავლა?! ან რამდენი ვახტანგი, თამარი, შოთა, ცოტნე, თევდორე, ილია…. დადის საქართველოში, რამდენი დავითი, დემეტრე და ქეთევანი. ან როცა კრწანისისაკენ გაივლი, ნუთუ არ გაგახსენდება 300 არაგველი და სისხლი არ აგიჩუხჩუხდება? ან მეტეხის ხიდზე გადავლისას რომელ ქართველს არ უნდა წარმოუდგეს თვალწინ მძვინვარე მტარვალი, სიონის გუმბათზე რომ დაუდგამს თავისი ბინძური დასაჯდომელი, ხიდზე კი ქრისტეს ცხოვართა მთელი არმია უდრტვინველად უხრის ქედს ჯალათებს და თავისი წმინდა სისხლით მტკვარს ღებავს? ან წიწამურთან ჩავლისას, განა ყელში არ გაგეჩხირება ბოღმა ქართველთა გადაგვარების მოწმეს? საქართველოში ხომ ყოველი ალაგი რაღაცას გახსენებს! განა შეიძლება ასეთ მიწაზე უგულოდ, უსიყვარულოდ, გულგრილად იარო?!

    ასეთი ტკივილიანია სამშობლო ქართველისათვის, ტკივილის მიზეზი კი მრავალი: დანგრეული და მეჩეთადქცეული ტაძრები, ჩამოფხეკილი, თვალებამოკაწრული ფრესკებით, გავერანებული სოფლები, წაგლეჯილი მიწები, უცხოეთში გადახვეწილი თანამოძმენი, საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად ქცეული ქართველები, მაგრამ არის კიდევ უფრო დიდი ტკივილიც – გაყიდული რჯული და გაყიდული მამული. ხშირად მიფიქრია: ნეტავ, რას იძლევიან ამაზე ძვირფასს? ნეტავ რის გამო სწირავენ საკუთარ სულებს? ნუთუ ტკბილია ასე მოპოვებული სიმდიდრე, თანამდებობა? ნეტავ ასეთები როგორ უნდა გამოიტაცო მამონას სასტიკი ტყვეობისაგან?

    დღეს ბევრს ავიწყდება, რომ სამშობლო პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ისეთი სამშობლო, როგორიც საქართველოა. ჩვენს მამა-პაპას იმად არ უღვაწია, იმად არ უქცევია წმინდა სისხლი, რომ შთამომავლობა გულ-ხელდაკრეფილი შეჰყურებდეს თავისი ქვეყნის განიავებას და საპასუხოდ არაფერს აკეთებდეს. ჩვენი ისტორია ჩვენი წინაპრების მიერ ჩვენთვის დანატოვარი ანდერძია. „თქვენც ასე მოიქეცითო“, – ჩამოგვძახიან ზეციური საქართველოდან. თუმცა ახლანდელ საქართველოში თავს ასე იმართლებენ: აბა, ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ ხომ არა ვართ დავით აღმაშენებლები, თამარ დედოფლები, ბაგრატ მეფეები, აშოტ კურაპალატები… ჰო, მაგრამ ასე რომ ეფიქრათ წმინდა ილია მართალს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცს, წმინდა ალექსი ბერს, წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელს, ჩვენს მოწამე კათოლიკოსებს: ლეონიდეს, კირიონსა და ამბროსის, იაკობ გოგებაშვილს, ვაჟას, აკაკის და მრავალსაც სხვას, განა იარსებებდა დღეს ჩვენი ქვეყანა? მათ შეძლეს, რადგან უყვარდათ. ამიტომ ასეთი განცხადება თავის მართლებაა მხოლოდ. მისი საფუძველი კი არის შემცირება ან სრულიად განქარვება იმისა, რასაც სიყვარული ჰქვია. ნუ გავიქცევით ჩვენი სამშობლოდან! განა ქართველი ამას ოდესმე შეგუებია? განა ბედის უკუღმართობით სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს ყველასათვის გაუგებარი ავადმყოფობით სიკვდილი არ ეწერათ, რომელსაც უცხოელებმა ნოსტალგია უწოდეს? ნუ გადავიხვეწებით იქ, სადაც დავკარგავთ ქართულ სულს, თვითმყოფადობას, სადაც არავის ვჭირდებით, სადაც არც ღმერთს ვჭირდებით, რადგან მან მოგვავლინა აქ – საქართველოში, ვინაიდან სამშობლოა ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი სრულყოფილად ეუფლება ისეთ დიდებულ საგანს, რომელსაც სიყვარული ეწოდება და რომელიც აღგვიყვანს ზეცად, ღვთის შვილთა მარადიულ სამშობლოში, ზეციურ სასუფეველში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები