როგორც ცნობილია, 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა,
რომელსაც ხელმძღვანელობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
სხდომაზე წმ. სინოდმა იმსჯელა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე:
“აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოს ეკლესიასა და აფხაზეთის ეპარქიას შორის კავშირი არ გაწყვეტილა. აფხაზეთის მკვიდრი მართლმადიდებლები ჩამოდიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ღებულობენ სულიერ საზრდოს. საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებაც, მიუხედავად სირთულეებისა, აფხაზეთში პერიოდულად ასრულებს მსახურებას.
საწუხაროდ, მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების უნებართვო შესვლისა და მათ მიერ ორი ახალი ტაძრის საძირკველის კურთხევის შესახებ (ტყვარჩელსა და სოხუმთან განთავსებულ სამხედრო ბაზებში), რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა.
როგორც ცნობილია, აფხაზეთში ტაძრის მშენებლობის კურთხევას გასცემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მხოლოდ მისი კურთხევით შეუძლია სხვა ეკლესიის სასულიერო პირს რაიმე საეკლესიო ქმედების განხორციელება. ამდენად, ზემოთ თქმული არის საეკლესიო სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფაა.
მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, უზრუნველყონ კონტროლი, რათა არ მოხდეს მათი ეკლესიის სამღვდელოების აფხაზეთის ეპარქიაში შემოსვლა და მღვდელმოქმედების შესრულება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე,”– აღნიშნულია წმ. სინოდის სხდომის ოქმში.
