19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვაციხე- ქალაქ "ტფილისიდან" დედაქალაქ თბილისამდე

ციხე- ქალაქ “ტფილისიდან” დედაქალაქ თბილისამდე

ქალაქ თბილისის აღმოცენებას წინ უძღვოდა ანტიკური ხანის ქალაქების წარმოქმნა. არსებობს ლეგენდები, რომელთა მიხედვითაც მისი წარმოშობა V საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.

ერთი თქმულების მიხედვით, მეფე ვახტანგი ამალასთან ერთად სანადიროდ წასულა. მისი შევარდენი ხოხობს დასდევნებია და რომ დაუმარცხებია, ორივენი წყალში ჩაცვენილან. ძველი თბილისი როდესაც მეფის მხლებლები წყალთან მისულან, იქიდან შევარდენიცა და მისი ნადავლიც დათუთქულები ამოუყვანიათ. ლეგენდის მეორე ვერსიის თანახმად, მეფეს შველი დაუჭრია. შველს წყალთან მიურბენია, ჭრილობა მოუბანია და განკურნებული გაქცეულა ტყეში. მეფეს ეს ამბავი რომ გაუგია, მიდამოს დასათვალიერებლად წასულა. იქ მისულს თბილი წყაროები უნახავს. ორივე გადმოცემა თბილი წყლების აღმოჩენას უკავშირდება. “მოქცევაჲ ქართლისაჲ”-ს ავტორის მიხედვით, სწორედ ამ ტფილი (თბილი) წყაროების გამო უწოდებია მეფეს ქალაქისთვის ძველი ქართული სახელწოდება “ტფილისი”. ეს ტოპონიმი ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად IV საუკუნეშია მოხსენიებული.

ასე დაარსდა ქალაქი, რომლის დედაქალაქად მცხეთიდან თბილისში გადმოტანაც ისევ გორგასალმა გადაწყვიტა იმ დროს, როცა ქვეყნის გაერთიანებისთვის იბრძოდა. ამ ყველაფერს პოლიტიკური ფაქტორი განაპირობებდა. ციხე-ქალაქი სტრატეგიულად ხელსაყრელი გახლდათ. V საუკუნიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა მისი გაქალაქება და უკვე VI საუკუნიდან “იბერთა დედაქალაქი მაშინ ტფილისი იყო” (ჟამთააღმწერელი თეოფანე). დედაქალაქის თბილისში გადმოტანას მოჰყვა მოსახლეობის მატება. ქალაქში საცხოვრებლად გადმოვიდა არისტოკრატიის დიდი ნაწილი. უძველესი მოსახლეობა გოგირდოვანი წყლების შემოგარენში ბინადრობდა. გაიზარდა მოთხოვნილება ფუფუნების საგნებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. გამოჩნდა ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერა, სადაც მრავალნაირ თიხის ნაწარმს ამზადებდნენ, მათ შორის – საოჯახო ჭურჭელს და წითელი და შავი საღებავებით აფორმებდნენ. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ვაჭრები და ხელოსნები შეადგენდნენ.

ქართველებს მრავალი უცხო დამპყრობლის წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა. ირანელთა პოლიტიკური ბატონობის პერიოდში ქრისტიანობის გვერდით ძლიერი იყო ცეცხლის მსახურთა პოზიციები. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ქართლში საბოლოოდ დამკვიდრდა მართლმადიდებლური მრწამსი. ქალაქი თანდათან იქცა ქართული ქრისტიანული კულტურის ცენტრად. გაჩაღდა ეკლესიების ინტენსიური მშენებლობა. ამ პერიოდის კულტურაში იგრძნობა ქრისტიანული თემატიკის ძლიერი გავლენა. არსებობდა ზარაფხანა. V-X საუკუნეებში თბილისი ეკონომიკურად ძლიერი და მდიდარი ქალაქი იყო.

უფრო მოგვიანებით, XI საუკუნეში ქალაქში კვლავ მაჰმადიანები მძლავრობდნენ და იქ მოსახლე ქრისტიანებს ავიწროვებდნენ. ქალაქის ერთ ნაწილში მაჰმადიანური არისტოკრატია გაბატონდა. მიმდინარეობდა ბრძოლა. თბილისელებმა როგორც იქნა მოახერხეს მაჰმადიანების გაძევება, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა შეირყა. თბილისში ჩამოვარდნილი დროებითი სიმშვიდე თურქ-სელჩუკების შემოსევებმა დაარღვია. დაიწყო “დიდი თურქობა”, თურქების მასობრივი ჩამოსახლება. ხელისუფლება დაკნინდა. ქალაქებსა და სოფლებს მძარცველები მოედვნენ. ასეთ ვითარებაში გამოჩნდა ხელმწიფე დავით IV, რომელსაც ხალხმა “აღმაშენებელი” უწოდა. მან მიზნად დაისახა მოძალადეთა განდევნა და საქართველოს გამთლიანება. გაამხნევა მოსახლეობა და დაიწყო ბრძოლა. მეფემ თითქმის შვიდჯერ მეტ მოწინააღმდეგეზე გაიმარჯვა და ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ თბილისი გაათავისუფლა. ამ მოვლენას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისი ამიერკავკასიის ცენტრის ფუნქციებს იძენდა როგორც განათლებასა და მეცნიერებაში, ისე – ვაჭრობაში. ეს გამარჯვება საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებითაა აღბეჭდილი.

XIII საუკუნეში საქართველოში მონღოლები გამოჩნდნენ და მაჰმადიანთა ხელშეწყობით თბილისის აღება მოახერხეს. მათი ბატონობა მდგომარეობას ართულებდა. საქართველომ დიდი უბედურება განიცადა. მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. დაეცა თბილისის ეკონომიკური ცხოვრება. შეფერხდა ვაჭრობა. თბილისმა რამდენჯერმე გადაიტანა უცხოელთაგან განადგურება, რამაც კულტურის განვითარების შეფერხება გამოიწვია, თუმცა წინსვლა კვლავ გრძელდებოდა. განუწყვეტელი ბრძოლები მომდევნო საუკუნეებშიც მიმდინარეობდა. ომიანობამ ქვეყანა გაპარტახებამდე მიიყვანა.

XVI საუკუნის 80-იან წლებში თბილისში ოსმალთა ბატონობა დამყარდა. დამპყრობლები ოსმალური წყობილების შემოღებას შეუდგნენ. მათ თბილისში ორი ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს. ქართლში დამყარდა “ოსმალობა”, მაგრამ მრავალწლიანი ომის შედეგად, ქართველებმა მაინც შეძლეს ქრისტიანობის შენარჩუნება.

XVII საუკუნიდან იწყება თბილისის აღორძინება, საქალაქო ცხოვრების გამოცოცხლება. ქალაქი ხელოსნური მრეწველობის მსხვილი ცენტრი იყო მთელ ამიერკავკასიაში. განვითარდა სამშენებლო მასალების წარმოება. განთქმულნი იყვნენ იარაღის მკეთებელი ხელოსნები, დალაქები, მჭედლები, მხატვრები… ზარაფხანა მსხვილი ხელოსნური წარმოება გახლდათ. ვაჭრობა კიდევ უფრო წინ წავიდა. თბილისიდან ახლომახლო გაჰქონდათ გასაყიდი საქონელი, დიდი რაოდენობით საქონელი სხვა ქვეყნებიდანაც შემოდიოდა.

გამოცოცხლება ქართულ კულტურასაც დაეტყო. განათლების სისტემა სასულიერო და საერო განათლებას მოიცავდა. მნიშვნელოვანი ადგილი საოჯახო განათლებას ეჭირა. წინა საუკუნეებთან შედარებით ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხუროთმოძღვრებაში შემოჭრილია ირანის გავლენა, მაგრამ ეკლესიები უცვლელია. ირანული ელემენტები თავს მხოლოდ გარეგნულ მორთულობაში იჩენს. თბილისში შეკეთდა ძველი ეკლესიები, აშენდა ახალი სამრეკლოებიც. იქმნებოდა სასულიერო შინაარსის მნიშვნელოვანი ხელნაწერები.

აბანოები თბილისში ქართველი მოსახლეობა საგრძნობლად გაიზარდა XVIII საუკუნეში. კულტურული მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა სამეურნეო აღორძინებაც. 20-იანი წლებისთვის ქალაქში არეულობა დაიწყო. ერთმანეთს შეეჯახა რუსეთის, ირანისა და ოსმალეთის ინტერესები. გამწვავდა ბრძოლა თბილისისათვის. ეს მოვლენა მოსახლეობისთვის მეტად რთული იყო. დამპყრობლებმა თბილისში გადასახადები დააწესეს. მოსახლეობის დასასჯელად ყოველგვარ ზომებს მიმართავდნენ. ცდილობდნენ, ისინი სულიერად გაეტეხათ. ამ არეულობას მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეწირა. უკიდურესი გაჭირვების გამო გადარჩენილთაგან ბევრი ნებაყოფლობით ბარდებოდა მტერს. მოიშალა ქვეყნის ეკონომიკა. თბილისი მოაოხრეს.

მნიშვნელოვანი ცვლილებები XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ძლიერდება თბილისის მნიშვნელობა საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში. იგი იქცა ამიერკავკასიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად. ქალაქი მტკიცედ დაადგა ევროპული ორიენტაციის გზას. არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკები. თითქმის ყველა ეკლესიას ჰქონდა წიგნსაცავი. სამშენებლო ღონისძიებები აღდგენისკენ იყო მიმართული. თბილისი იცვლიდა გარეგან სახეს. აღმავლობა XIX საუკუნეშიც გაგრძელდა. დაიწყო ახალი, აყვავების ხანა. ხალხთა შორის გაჩნდა ერთობა და თავისუფლების იდეები.

როგორც ვხედავთ, თბილისს საუკუნეების განმავლობაში უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა ხვდა წილად. ასეთი რთული წარსულიდან ძლიერი ერის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად მოაღწია ქართველი ხალხის სიამაყემ, საქართველოს გულმა და დედა ქალაქმა – თბილისმა.

მოამზადა სოფიკო აბულაძემ

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები