ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

“ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.
ძველი ნათქვამია: მსგავსი მსგავსს შეჰხარის და შეიცნობსო.
ბუნებრივია, სადაც სიბნელეა, იქ სინათლე ვერ იქნება, სადაც ჭუჭყი ბუდობს, იქ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც ჭეშმარიტი რწმენა ვერ იარსებებს უზნეობისა და ცოდვის გარემოში.
ხოლო ადამიანი, ვინც გულწრფელად ეძიებს სამყაროსა და თავისი არსებობის მიზეზსა და მიზანს, ვისაც მთელი არსებით სურს, ჭეშმარიტების შეცნობა, ადრე თუ გვიან, მაინც იპოვის უფალს და გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება გაბრწყინებული უნდა იყოს აღდგომის ნათლით და ქრისტეში მარადიული ნეტარების დამკვიდრების სასოებით; რომ ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების უმთავრესი მიზანი სასუფევლის მოპოვებაა, დანარჩენი ყველაფერი, – სამშობლო, ოჯახი, შვილები, ახლობლები, მეგობრები და ყოველივე ამქვეყნიური მოღვაწეობა ამ მიზნით უნდა იყოს წარმართული.”
