21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიფოტორეპორტაჟიცემის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

ცემის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია

მარტივი ტიპის დარბაზული ეკლესია დგას ოდნავ შემაღლებაზე, ირგვლივ სასაფლაოა, საფლავის ძველი ქვებით. შემორჩენილია გალავნის ნაშთები. აგებულია ერთსაფეხურიან ცოკოლზე, თლილი ქვით. ძირითადად რუხი ფერის ქვაა. ალაგ-ალაგ ჩატანებულია მოწითალო ფერის კვადრებიც.

დასავლეთის შესასვლელი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. შესასვლელის თავზე თხელ თაღოვან ნიშში ჯვარია ჩაჭრილი და თარიღია ამოკვეთილი. მის ზევით თაღოვანი სარკმელია. ორ-ორი თაღოვანი სარკმელია ჩრდილოეთით და სამხრეთით, წინწამოწეული მოჩარჩოებით. ანალოგიურია აღმოსავლეთის სარკმელიც. თლილი ქვისა ლავგარდანი, ჩაკვეთილი ფოსოთი. ნაგებობა გადახურულია თუნუქის ორქანობიანი საბურავით. საფასადო მორთულობაა სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადების კვადრებზე ამოკვეთილი წრეში ჩასმული ბოლნური ჯვრები. ეკლესიის ინტერიერი მარტივი გეგმარებისაა.Mდარბაზი აღმოსავლეთით სრულდება საკურთხევლის ნახევარწრიული აბსიდით. დარბაზში ორი წყვილი პილასტრია მარტივი კაპიტელებით. ანალოგიური კაპიტელებია აბსიდის მხრებზეც.

საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. კონქი მოხატულია XIX ს-ისთვის დამახასიათებელი მხატვრობით. მამა ღმერთის გამოსახულებით. ამავე დროისაა ხის კანკელი. დასავლეთით მოწყობილია ხის პატრონიკენი მოხარატებული მოაჯირით, ხის კიბითვე. იატაკი ცემენტისაა.

ფოტო: თეონა ნოზაძე


მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები