21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიკულტურა"ცეკვის ჯადოქარი"

“ცეკვის ჯადოქარი”

ვახტანგ ჭაბუკიანის საღამო8 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. უბადლო მოცეკვავე და ბალეტმეისტერი 6 აპრილს აღესრულა. იუნესკომ ეს წელი ვახტანგ ჭაბუკიანის წლად გამოაცხადა. ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” ამ საიუბილეო საღამოს იდეის ავტორს, ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია “მზეჭაბუკი და მარია კალასის” პრეზიდენტს – ავთანდილ დანელიას გაესაუბრა.

ავთანდილ დანელია: “ასეთი პატივი ჯერ მსოფლიოში არც ერთ მოცეკვავეს რგებია წილად. ჩვენს პროგრამას “ჭაბუკიანი და მისი თანავარსკვლავედი” ჰქვია. სწორედ ამ თანავარსკვლავედის წევრების იუბილე ჩავატარეთ და ზოგს კიდევ ჩავატარებთ სამომავლოდ. ჭაბუკიანი 32 წლის განმავლობაში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გარდა ამისა, დიდი პირუეტი, რომლითაც მან სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა და რასაც დღესაც ვერავინ ასრულებს, 32 ბრუნისაგან შედგება. ჩვენც, სიმბოლურად, 32 ღონისძიება დავგეგმეთ.პირველად საქართველოს უპირველეს უნივერსიტეტში ვატარებთ, შემდეგ კი პროგრამას სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც გავაგრძელებთ.

საღამოზე ვაჩვენეთ ფილმი სახელწოდებით “ცეკვის ჯადოქარი“, რომელიც აწ განსვენებულმა კოტე მახარაძემ და ლილი უზნაძემ, ჭაბუკიანის დიდმა მეგობრებმა გადაიღეს. აქ დაფიქსირებულია ყველა ის კადრი, რაც კი არქივს შემორჩა. მასალა იმდენად კარგი ხარისხისაა, რომ დღესაც თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ.
პროგრამა 17 იანვარს ულანოვას საიუბილეო საღამოთი ჭაბუკიანის ბინა-მუზეუმში დაიწყო. შემდეგი ღონისძიება დიდი თეატრის განთქმულ მოცეკვავეს, ვლადიმერ ვასილევს მიეძღვნება, რომელსაც გრიბოედოვის თეატრში ჩავატარებთ. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებს ეს დიდებული ადამიანები და მათი დამსახურება, მიღწევები გავაცნოთ.

მალე ჩემი წიგნი გამოვა, რომელსაც ორი გმირი ჰყავს. მისი სახელწოდებაა “ღმერთებთან წილნაყარნი – მარია კალასი და ვახტანგ ჭაბუკიანი”, ანუ ამით ოპერისა და ბალეტის ორი დიდი რეფორმატორი გავაერთიანე. “სტერფსიქორას (ცეკვის ქალღმერთის) უბადლო პარტნიორი და მეტოქე” – ვახტანგ ჭაბუკიანს საჩუქარზე ასე წავუწერე, რაც მას ძალიან მოეწონა და თქვა, მან ჩემზე წიგნი უნდა დაწეროსო. მე კი ვუთხარი, რომ ეს თუ ოდესმე მოხდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარია კალასთან ერთად იქნებოდა. მაშინ მკითხა: აქ კალასი რა შუაშიაო. “მარია კალასი ისეთივე რეფორმატორია ოპერაში, როგორც თქვენ – ბალეტში” – ვუპასუხე და ვეღარაფერი მითხრა. უდიდესმა რუსმა მომღერალმა, ლეონიდ სოდვინოვმა კი მას “ბუნების სასწაული” უწოდა. ასევე, ვახტანგ ჭაბუკიანს მოიხსენიებდნენ, როგორც “მთის არწივს”, “ცეკვის ჯადოქარს” და ა.შ.

გოეთე ამბობდა: “ის ღმერთების სწორია და ქუხილის ნაქადი, მას შერჩება გლორია, ჩვენი ცრემლის ნაკადი”, – ეს სიტყვები ცისარტყელას შარავანდედივით ამშვენებს იმ უზეშთაეს მწვერვალს, რომლის დალაშქვრაც დღესდღეობით არავის ძალუძს და რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანის სახელი ჰქვია”.

თათია ნავროზაშვილი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები