21 ივლისი 2024, კვირა
მთავარიქრისტიანობარატომ უჩნდება ადამიანს ჩაგვრის სურვილი სხვა ადამიანის მიმართ?

რატომ უჩნდება ადამიანს ჩაგვრის სურვილი სხვა ადამიანის მიმართ?

რატომ უჩნდება ადამიანს ჩაგვრის სურვილი სხვა ადამიანის მიმართ? როგორ შევებრძოლოთ ამ მდგომარეობას და რას გვასწავლიან წმინდანთა ცხოვრება ჩაგვრის შესახებ? მოწყენილი გვესაუბრება წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა მალხაზ ყიფიანი:

„ღმერთმა ადამიანი მართალი, უცოდველი, წმინდა შექმნა. ადამიანისათვის სულიერი საკვები იყო სიმართლე და ამ სიმართლის წყაროს ანუ ღმერთს ყოველთვის საკუთარ გულში ატარებდა. მას არ ჰქონდა სიმართლის მოთხოვნილება, სანამ იგი ცოდვის გამო არ დაკარგა და სული, რომელიც მშობლიურ გარემოს მოწყდა და ჩამოშორდა წყაროს სიმართლისას, ღმერთს, დაიწყო დეგრადირება. ასე შემოვიდა ადამიანში სხვადასხვა უარყოფითი თვისებები: მოწყინება, მრისხანება, შური, სიძუნწე, სხვათა ჩაგვრის სურვილი და დამცირება…
ადამიანს სხვის მიმართ ჩაგვრის გრძნობა საკუთარი სიამაყისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო უჩნდება. როდის ესმის ადამიანს სხვისი ტკივილი? როცა თავად ტკივა და იმავეს განიცდის, მაშინ შეიგრძნობს და აცნობიერებს სხვის ტკივილს. ასევეა ჩაგვრის მოყვარულიც. სანამ თვითონ არ ხდება სხვისგან დაჩაგრული, მანამდე ვერ აცნობიერებს თუ რამხელა ტკივილს აყენებს სხვას მისი საქციელი. სხვის დამცირებას, ჩაგვრას აუცილებლად მოყვება ამ ადამიანისათვის, ანუ მჩაგვრელისათვის სასჯელი. ცხადია, სასჯელი არსებობს ადამიანის როგორც შემდგომი ცოდვის ჩადენისაგან შემაკავებელი საშუალება და ადამიანს ყოველთვის უნდა ეშინოდეს ამ სასჯელის გამომწვევი ცოდვის ჩადენა.

ღმერთი თავისი გულმოწყალების გამოყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ამას ვიმსახურებთ. სხვა შემთხვევაში ერთი ღვთის ქმნილება, როდესაც მეორე სხვა ქმნილებას ჩაგრავს და უსამართლოდ ექცევა სამართლიანობა მოითხოვს რომ ასეთ ადამიანს იმავე მეთოდით ან ფორმით მოუხდეს ღვთის წინაშე პასუხისგება, მაგრამ უფალი ასეთ შემთხვევაში მჩაგვრელ ადამიანში ჯერ სინანულს ეძიებს და თუ ეს სინანული ვერ დაინახა, მაშინ მოიწევა ღვთის სასჯელი, რომელიც არა მრისხანების, არამედ – უფლის მამობრივი სიყვარულის გამო ხდება და რაც მადლიერებით უნდა მოვითმინოთ. როგორც წმინდა ნილოს სინელი გვარიგებს: „როცა ღვთისაგან მოვლენილ სასჯელს ითმენ, ნუ დრტვინავ, ვინაიდან ის გსჯის როგორც მამა და მადლიერებას იმსახურებს როგორც კეთილისმოქმედი.“ დაჩაგრული ადამიანები სიმართლისათვის დევნილებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუ ისინი ამ მიზეზით, ანუ სიმართლისათვის იჩაგრებიან. უფალი კი სიმართლისთვის დევნულებს ცათა სასუფეველს ჰპირდება. „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. თავის მხრივ, ჩაგრული ადამიანი არ უნდა ეცადოს კონფლიქტში მყოფ ადამიანთან კამათის ან დაპირისპირების გზით პრობლემის მოგვარებას. არამედ, როგორც წმ. მარკოზ განშორებული ამბობს: „რთული საქმეების მოგვარებას ადამიანი უნდა ეცადოს იმ გზით, რასაც სჯული გვიბრძანებს. ე.ი. მოითმინე, ილოცე და იმედი იქონიე.“

თუ როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა ჩაგვრა სულის სასარგებლოდ და სხვათა საკეთილდღეოდ, ამის საოცარ მაგალითს ვხვდებით მე-5 საუკუნის ღირსი მამის, რომანოზ ტკბილადმგალობელის ცხოვრებაში. წმინდა რომანოზი მნათედ მსახურობდა კონტანტინოპოლის წმ. სოფიას ტაძარში. იგი უწიგნური იყო და მედავითნეობა და გალობა არ შეეძლო. თუმცა ისეთი სიწმინდითა და კეთილკრძალულებით ცხოვრობდა, რომ პატრიარქის ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა. რამაც სხვა ღვთისმსახურებში შური გამოიწვია და მას დევნა და ჩაგვრა დაუწყეს. ერთხელ ქრისტეშობის წინა საღამოს, როცა ტაძარში იმპერატორი და პატრიარქი ბრძანდებოდნენ, მგალობლებმა რომანოზი ძალით აიყვანეს ამბიონზე და გალობა აიძულეს. შემდეგ კი სიცილი დააყარეს და დასცინეს. რა თქმა უნდა, წმ. რომანოზის გალობა არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, რამაც ყველაზე მეტად თვით მას ატკინა გული. ღვთისმსახურების ბოლოს წმ. რომანოზი ქვითინით დაემხო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და მხურვალედ ილოცა, რომ უფალს შეენდო მისი მჩაგვრელებისათვის, ხოლო მისთვის კი გალობის ნიჭი მიემადლებინა. იმავე ღამით, ნეტარს ძილში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა გამოეცხადა. გრაგნილი გაუწოდა და უბრძანა შეეჭამა. ასე მიემადლა მას ზეგარდამო გულისხმისყოფა და საგალობლების შექმნისა და შესრულების ნიჭი. იმავე დღეს, ღამისთევის ლოცვაზე წმინდანმა საკვირველი ხმით იგალობა თავისი პირველი საგალობელი „დღეს ქალწული უზეშთაესს შობს“. რის შემდგომაც უფლის რჩეულს დიაკვნად დაასხეს ხელი და გალობის მასწავებლად დაადგინეს. მან შექმნა 1000-მდე საგალობელი, რომელთაგან ბევრი დღესაც ჩართულია ღვთისმსახურებისას. ასე შეუძლია უფალს თითქოსდა ერთი ადამიანის მიმართ მეორე ადამიანის უარყოფითი დამოკიდებულება კეთილგონიერების შემთხვევაში ადამიანთა სულის საცხონებლად და მოყვასისა და ეკლესიის სასარგებლოდ წარმართოს.“

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები