მთავარი » სხვადასხვა

ბორჯომის ხეობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.01.2014 | 12,573 ნახვა

ბორჯომის ხეობა გამორჩეულია ჰავით, ბუნებით, მუქწიწვოვანი მცენარეების არსებობით, სამკურნალო წყლების სიუხვით, რაც გახლდათ იმის მიზეზი, რომ აქ ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში გაჩნდა დასახლებები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ციხე-სიმაგრეები, ეკლესიები და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ხეობის უნიკალურობამ საფუძველი დაუდო ბორჯომის მინერალური წყლების წარმოებას. ამავდროულად, ამ რეგიონით დაინტერესდნენ რუსეთის იმპერიის მმართველები – რომანოვები.

„ამბიონი“ ბორჯომის ხეობით დაინტერესებულ პირებს ამ მხარის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ.

გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი (ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი, თსუ–ს ასისტენტ-პროფესორი):

„ბორჯომის ხეობა მდინარე მტკვრის გაყოლებით, თბილისიდან ახალციხის მიმართულებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკრის შემდეგ, ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ხეობაში იგულისხმება მდ. მტკვრის ხეობა ქალაქ ბორჯომისა და მის გაყოლებით მიმდებარე ტერიტორიების ჩათვლით. ბორჯომის ხეობა და მდინარე ბორჯომულას ხეობა ხშირად ერთმანეთში ერევათ, მაგრამ ისინი განსხვავებული ხეობებია.

მწვანე მონასტერი

ბორჯომის ხეობაში მრავალრიცხოვანი ისტორიული ძეგლია.

პირველ რიგში, აღვნიშნოთ ახალდაბას მიდამოები. ახალდაბას ტერიტორიაზე მდ. მტკვრის ორივე მხარეს გზიდან ახლოს ჩანს კოშკები, ხიდი, რომელიც, სავარაუდოდ, თაღოვანი და მდ. მტკვარზე არსებულ ისტორიულ ხიდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული უნდა ყოფილიყო. თუმცა დღეისათვის მხოლოდ მისი ფრაგმენტია შემორჩენილი. ახალდაბას ტერიტორიაზე მთაზე კარგად ჩანს შუა საუკუნეებით დათარიღებული ახალდაბის ციხე. დაბის ტერიტორიაზე არის ფოთოლეთის ეკლესიაც. ახალდაბას ტერიტორიაზე მდ. მტკვარს მარჯვენა მხრიდან უერთდება გამორჩეული ხეობა – მდინარე ნეძვისწყლის ხეობა. საინტერესოა, რომ ახალდაბიდან 10-12 კმ.-ის მოშორებით გვხვდება მე-9 საუკუნით დათარიღებული ნეძვის სამეკლესიანი ბაზილიკა, სადაც წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს უმოღვაწიათ და ზუსტად იმ პერიოდიდან დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა სამონასტრო კომპლექსი. თუმცა მე-20 საუკუნეში აქ ნანგრევები იყო. დაიწყო ამ ტერიტორიის კვლავ აღორძინება. ამ ხეობაში ვიზიტორები თითქმის არც შედიან და ნაკლებადაა ცნობილი. თუმცა ბუნებით, რელიეფითა და ეკლესიით გამორჩეულია და მომავალში, ალბათ, კარგად აითვისებენ.

შემდეგი ისტორიული ძეგლი მდ. მტკვრის გაყოლებით მარჯვენა მხარეს გახლავთ სოფელ კორტანეთში, – კორტანეთის ეკლესია, ხოლო მარცხენა მხარეს მდებარეობს კორტანეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია და იგი გოგიას ციხე ტურისტულ ობიექტადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

სოფელ რველში გზიდან ახლოსაა რველის ციხე. სოფელ ყვიბისში მე-9 საუკუნით დათარიღებული ყვიბისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, რომლის მასშტაბურობა აშკარაა და ფრაგმენტულობა ბოლომდეა შემორჩენილი. იმედს ვიტოვებთ, ყვიბისის ტერიტორია და ეს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც სოფლიდან 2 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს, ამოქმედდება.

ბორჯომის ტერიტორიაზე არსებობს ციხე-სიმაგრეები. მათ შორისაა გოგიას ციხე და პეტრეს ციხე, რომლებიც მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე მდებარეობენ და ფაქტობრივად, ლიკანის სასახლეს ზემოდან დაჰყურებენ.

ბორჯომის ტერიტორიაზე მდინარე მტკვარს უერთდება გუჯარულასწყლის ხეობა. მის ზემო წელში 10-მდე ნასოფლარი და რამდენიმე ბაზილიკური ეკლესიის ნაშთია შემორჩენილი. გუჯარულასწყლის ზემო ნაწილიდან შესაძლებელია ძამას ხეობისკენ გადაადგილება. გუჯარეთისწყლის ხეობაში, სოფელ კიმოთესუბანში მდებარეობს მე-12-13 სს.-ის ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა), რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სავიზიტო ტაძარია და უნიკალური მხატვრობითაა გამორჩეული. აქ არის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფრესკა და ღვთისმშობლის დიდი ფრესკა, რომელიც პირვანდელი სახით კარგადაა შემორჩენილი.

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი

შემდეგი ძეგლი გახლავთ დაბა წაღვერის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესია. ასევე, სოფელ დაბას ტერიტორიაზეა წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. აღსანიშნავია სადგერის წმ. გიორგის ეკლესიაც. ბორჯომის ტერიტორიაზე ბევრი ახალი ეკლესიაა. მათ შორისაა ბორჯომის ცენტრში მდებარე ბორჯომის ჯვარგუმბათოვანი ტაძარიც, რომელიც ცენტრში ტერიტორიასთან კარგადაა შეხამებული. აგრეთვე გამორჩეული ტაძარია წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის მცირე ტაძარი ბორჯომის პლატოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

მდ. მტკვრის ხეობის გაყოლებით, მარცხენა მხარეს მდებარეობს გამორჩეული ისტორიის მქონე მე-9 საუკუნის მწვანე მონასტერი. ძნელბედობის ჟამს ეს მონასტერი აუოხრებიათ, ბერები დაუხოცავთ და როგორც ჩანს, მასობრივად დაღვრილა სისხლი. ამ ტერიტორიაზე მდინარის ხეობაში შემორჩენილია ქვები, რომლებზეც ამ სისხლის ნაკვალევი მაინც კარგადაა შემორჩენილი. ასეთი ანალოგია ნაკლებად თუ მოიძებნება.

შემდეგი ისტორიული ძეგლი გახლავთ ჭობისხევში არსებული მაცხოვრის სახელობის ეკლესია. ჭობისხევის ტერიტორიაზე სხვა ტაძარიც გვხვდება.

სოფელ დვირის ტერიტორიაზეა წმიდა მარიამის სახელობის ტაძარი. საინტერესო ტაძარს წარმოადგენს ქვაბისხევის სამნავიანი ეკლესია (მე-9-10 სს-ის). მასთან ახლოს გადის ტურისტული მარშრუტი და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. ფრესკებს შორისაა მდიდრულად ჩაცმული ქალისა და მამაკაცის გამოსახულებანი, რომელთაც ასომთავრულით აწერია: „შოთაი და იაი“. სლესის ციხე ლეგენდის მიხედვით, მამაკაცი დიდი პოეტი შოთა რუსთაველია, ხოლო ქალი — დედამისი. ლეგენდა გვამცნობს, თითქოს შოთას დეიდა ქვაბისხევის ხეობაში ყოფილა გათხოვილი და შოთას განათლება აქ მიუღია. ქვაბისხევის ტერიტორიაზე, მდ. მტკვირს მარცხენა მხარეს მდებარეობს წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია. ბორჯომის ხეობის ზედა ნაწილში არის სლესის, ანუ მოქცევის ციხე-სიმაგრე,რომელიც, ფაქტობრივად, კეტავდა ბორჯომის ხეობას და მის საკონტროლო პუნქტს წარმოადგენდა. ამ ადგილიდან გზა ახალციხის მუნიციპალიტეტის მიმართულებით გრძელდება.

1897 წელს მიხეილ რომანოვის განკარგულებით, ბორჯომის მინერალური წყლების ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და დირექციის წევრს – მოლდენგაუერს, ლიკანის სასახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება დაევალა. პირველი ჰიდროელექტროსადგური 1898 წელს ამუშავებული ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური იყო, რომლის ნაგებობის მშენებლობის ინიციატორი მოლდენგაუერი იყო. ჰიდროელექტროსადგურს 103 კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო. საინტერესო ტურისტულ ობიექტს წარმოადგენს რკინის ხიდი, რომელიც წაღვერს ცემთან ბორჯომი – ბაკურიანის რკინიგზით აკავშირებს, რომანოვმა სპეციალურად შეუკვეთა საფრანგეთში. ახალდაბა ფრანგი ხიდმშენის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ კონსტრუირებული ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და მდინარე ცემისწყალზე ააგეს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ველური ბუნების მრავალფეროვნების, ხელუხლებელი ტყეების დაცვის მიზნით შეიქმნა. იგი მოიცავს ხელუხლებელი ტყის, სუბ-ალპური და ალპური მდელოების 85 000 ჰექტარს. მათ შორის 50 000 ჰექტარი ველური ბუნების ზონაა. ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაარსებული პირველი ეროვნული პარკია კავკასიის რეგიონში. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკს 2006 წელს პენპარკის (დაცული ტერიტორიების ქსელი ევროპაში) ეროვნული პარკის სერთიფიკატი გადაეცა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორი, სექტემბრის მონაცემებით, 2013 წელს 50490 იყო, ხოლო შარშან – 42 ათასი.

ბორჯომის ხეობა გამორჩეულია ბუნებრივი პირობებით. ამ ტერიტორიაზე მრავალადაა ნახშირმჟავა – ჰიდრო – კარბონატიული წყლები, რომლებმაც ბორჯომს სახელი გაუთქვეს, თუმცა, მათი დიდი რაოდენობა საკმარისად არაა ათვისებული და მტკვარში იღვრება.

შესაბამისად, ბორჯომში წყლების, ჰავის, მუქწიწვიანი მცენარეების არსებობა, ადრეც არ გამოპარვიათ სხვადასხვა ქვეყნის მოგზაურებს. ამ რეგიონს დღესაც მრავალი ტურისტი სტუმრობს – უცხოელი თუ ქართველი. ქალაქ ბორჯომში კარგადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა.

ბორჯომის ხეობაში მაინც აქტუალურია ეკოლოგიური პრობლემები, რომელიც, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოგვარდა. გარკვეულ ტერიტორიებზე ხდება მცენარეული საფარის დაზიანება და ყველაზე ცუდია, რომ ბუნებრივი პროცესების შედეგად დაავადდა მუქწიწვოვანი მცენარეები. ცხადია, ამ პრობლემების მოგვარებაზე დღეს უკვე მუშაობენ… ასევე, 2008 წელს დაიწვა დაახლოებით 1 000 ჰექტრამდე ტყის ფართობი.

ამ უნიკალურ რეგიონში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ყოველგვარი ძალა უნდა ვიღონოთ.“

თეონა ნოზაძე

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი