მთავარიეკლესია-მონასტრებიბოლნისის სიონი (V საუკუნე)

ბოლნისის სიონი (V საუკუნე)

უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი ქვემო ქართლში, სოფელ ბოლნისში მდინარე ფოლადაურის ნაპირას მდებარეობს.

ბოლნისის სიონი V საუკუნეში აგებული სამნავიანი ბაზილიკაა, ღია თაღოვანი გალერეით ჩრდილოეთ ფასადის გაყოლებით, მეორე მცირე თაღოვანი გალერეით და სანათლავი ოთახით სამხრეთის მხარეს.
ბოლნისის სიონი
როგორც ჩრდილოეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: ”შეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად განეშორა”,- ტაძარი 478-493 წლებშია აშენებული. მშენებლობის ინიციატორი გახლდათ დავით ეპისკოპოსი. ტაძრის არქიტექტურა მკაცრი მონუმენტურობით გვხიბლავს – აქ, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის არქიტექტურაში, უმთავრესი გულისყური შიდა სივრცის გამშვენებაზეა მიმართული და ფასადის მოკაზმვა ნაკლებად მნიშვნელოვანია.

ტაძარი ნაგებია მომწვანო ფერის კარგად თლილი კვადრებით. ბოლნისის სიონში პირველად ვხვდებით სკულპტურული და ორნამენტული სამკაულის გამოყენებას. ინტერიერში არის გვიანი მხატვრობის ფრაგმენტები.

ბოლნისის სიონმა უძველესი ასომთავრული წარწერა შემოგვინახა. ტაძარი მოკაზმულია გასაოცარი რელიეფური სკულპტურებით: ხარის თავით, ფრინველთა თუ ცხოველთა გამოსახულებით, აგრეთვე სხვადასხვაგვარი გეომეტრიული და მცენარეული ჩუქურთმებით, ჯვრებით. ფრინველთა და ცხოველთა ერთ ნაწილს ქრისტიანულ რელიგიაში სიმბოლური დატვირთვა ენიჭება. ფარშავანგი -სულის უკვდავებას განასახირებს, ირემი – მორწმუნე ადამიანთანაა გაიგივებული.

ჯვრის ერთ სახეს – წრეში ჩახაზულ ბოლოებგაფართოებულ ჯვარს სწორედ “ბოლნური ჯვრის” სახელწოდებით ვიცნობთ.
ბოლნური ჯვარი
ჩრდილოეთიდან ტაძარს მთელ სიგრძეზე გასდევდა ღია თაღოვანი გალერეა, რომლის უმეტესი ნაწილი დღეს დანგრეულია.

ტაძარს გარშემო ფართო, მასიური გალავანი აქვს შემორტყმული. გალავნის შიგნით, გარდა ეკლესიისა, სამსართულიანი სამრეკლოა აღმართული. როგორც მხედრული წარწერა გვამცნობს, სამრეკლო XVII საუკუნის 80-იან წლებში აუგია ბოლნელ ეპისკოპოსს, ნიკოლოზ მუხრანბაგრატიონის ძეს.

ბოლნისიტაძარი საფუძვლიანადაა რესტავრირებული. 1634 წელს სპარსელების შემოსევის შედეგად იგი ძლიერ დაზიანდა, XVII საუკუნეში მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის ბრძანებით აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. XVII საუკუნის ბოლო წლებში ბოლნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა ტაძარი შეაკეთა, მოხატა და სამხრეთ-დასავლეთით სამრეკლო მიაშენა. 1936-1939 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ტაძარი კვლავ შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. ბოლო სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ძეგლს 1970-1971 წლებში ჩაუტარდა.

უძველესი ქართული ტაძარი ცნობილია მწიგნობრული საქმიანობოთ. აქ ვხვდებით ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამზადებულ ხელნაწერებს.

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარი ბოლნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და ამჟამად მოქმედია.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

2 COMMENTS

  1. +++ დიდება უფალსა და დედა ღვთისასა, ამინ!!! ამინ!!! ამინ!!! ++++

    • ეწევნითა წმიდისა სამებისაითა ოც წლისა პეროზ მეფისა ზე ხიქმნა დაწყებაი ამის ეკლესიისაი და ათოთხმეტ წლისა სემდგომად განეშორა”
      ეს წინადადება სწორედ გიწერიათ თუ შეცდომებია ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები