
ბოდბის მონასტერი კახეთში, ქალაქ სიღნაღის მახლობლად, სოფელ ბოდბეში მდებარეობს. მონასტერი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ქართველთა განმანათლებელი, წმინდა ნინო, სწორედ ამ ადგილზე გარდაიცვალა და მისი ნეშთიც აქ არის დაკრძალული.
მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ–ერთ მათგანს “წმინდა ნინოს წყაროს” ეძახიან. იგი მონასტრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით ის წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. წყაროს ნაკურთხი წყლის ძალა აქვს. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი განკურნებულა.

წმიდა ნინოს ლოცვის ძალა შეეწიოს სრულიად საქართველოს!