მთავარიჯანმრთელობარატომ უნდა ავირჩიოთ ბიოპროდუქტები?

რატომ უნდა ავირჩიოთ ბიოპროდუქტები?

ბიოპროდუქტის უპირატესობები და მისი წარმოების პერსპექტივები

დღეს, როდესაც გარემოს დაცვა, ნიადაგის ჯანმრთელობა და სურსათის უსაფრთხოება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ბიომეურნეობა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ბიომეურნეობა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემაა, რომელიც ბუნებრივ პროცესებს ეყრდნობა, ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და აგროეკოსისტემაში ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას.

ბიომეურნეობაში მკაცრად იზღუდება ან აკრძალულია:

სინთეზური პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენება;
სინთეზური ზრდის რეგულატორები;
ხელოვნური კონსერვანტები, საღებავები და არომატიზატორები;
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო).

ამასთან, ბიოწარმოება მხოლოდ „ქიმიის გარეშე“ პროდუქტის მიღებას არ გულისხმობს. მისი მთავარი პრინციპია ისეთი წარმოების სისტემის შექმნა, რომელიც ბუნებრივ პროცესებთან მაქსიმალურად არის თავსებადი.

რატომ არის ბიოპროდუქტი მნიშვნელოვანი?

ბიოწარმოების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გარემოზე მისი დადებითი გავლენაა – ნიადაგის, წყლისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.
კვლევები ასევე მიუთითებს, რომ ბიოწარმოების პირობებში მიღებულ ზოგიერთ პროდუქტში შესაძლოა უფრო მაღალი იყოს გარკვეული ანტიოქსიდანტებისა და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებების შემცველობა.

ბიოპროდუქტის უპირატესობა:

ნიადაგის ჯანმრთელობა – ორგანული მეთოდები ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერებისა და ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებას;

ბიომრავალფეროვნების დაცვა – ბიომეურნეობა ხელს უწყობს ადგილობრივი ჯიშებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნებას;

პროდუქტის ხარისხი – წარმოების მეთოდები და ბუნებრივ სიმწიფეში მოსავლის აღება შეიძლება აისახოს პროდუქტის გემოსა და სხვა მახასიათებლებზე;

ცხოველთა კეთილდღეობა – ორგანული წარმოების სისტემები ითვალისწინებს ცხოველების ბუნებრივ პირობებთან უფრო მეტად მიახლოებულ გარემოში შენახვასა და კვებას.

რა პერსპექტივა აქვს ბიოწარმოებას საქართველოში?

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები, ადგილობრივი მცენარეული და ცხოველური რესურსები და სოფლის მეურნეობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ბიოწარმოების განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

განსაკუთრებით საინტერესო შესაძლებლობები არსებობს იმ რეგიონებში, სადაც ინტენსიური სოფლის მეურნეობა შედარებით ნაკლებად არის განვითარებული და ბუნებრივი რესურსები უკეთ არის შენარჩუნებული.

ამასთან, ბიოპროდუქტებზე საერთაშორისო მოთხოვნის ზრდა საქართველოსთვის მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოებისა და საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრების შესაძლებლობას ქმნის.

შესაბამისად, საქართველოს ბიოწარმოების განვითარების მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საექსპორტო პოტენციალი აქვს , ეს არის შესაძლებლობა, შეიქმნას ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი, დაცული იყოს ბუნებრივი რესურსები და განვითარდეს მდგრადი სოფლის მეურნეობა.

წყარო – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები