მთავარიკულტურარა პრობლემების წინაშე დგას აზერბაიჯანის ქართული დრამატული თეატრი?

რა პრობლემების წინაშე დგას აზერბაიჯანის ქართული დრამატული თეატრი?

„ვფიქრობ, ჩვენი თეატრი დიდი ქართული თეატრის ნაწილია…“

აზერბაიჯანის, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი არსებობის 33 წელს ითვლის. აზერბაიჯანის ქართული თეატრი ამ ხნის განმავლობაში თეატრმა, საინტერესო და ამავდროულად, რთული გზა განვლო. თეატრს ამჟამად სამხატვრო ხელმძღვანელი არ ჰყავს. მსახიობები ბოლოს 21 ივლისს, გურამ ბათიაშვილის „წერილები შვილებს“ სპექტაკლით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. აქვე, უნდა ითქვას, რომ თეატრი სოფელში მდებარეობს და მას ერთგული მაყურებელი ჰყავს.

ბატონი კოტე ბარიხაშვილი თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობს, იგი თეატრის სრულუფლებიანი წარმომადგენელია და „ამბიონს“ თეატრის ისტორიისა და არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა.

კოტე ბარიხაშვილი: „ეს თეატრი თავდაპირველად დრამატული წრე გახლდათ, შემდგომ მას ილია ჭავჭავაძის სახელობის სახალხო თეატრის სტატუსი მიენიჭა, 2006 წელს კი სახელმწიფო წოდება მიიღო. ეს უდიდესი მოვლენაა, რადგან სახელმწიფოს მიერ იქნა აღიარებული და მივიღეთ დაფინანსება. აზერბაიჯანის ქართული დრამატული თეატრი ორი ქვეყნის – აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობის სიმბოლოა. იგი აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის ქართული კულტურის შენარჩუნების ერთადერთი კერაა.

თეატრში მომუშავე ადამიანებთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ენთუზიაზმითა და სიყვარულით ვიყავი ქართული თეატრის შექმნის სამსახურში. იმ დროს, თეატრის შექმნის მოტივაცია ჩვენი ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა.

მოგეხსენებათ, „თეატრი“ ცოცხალი სიტყვაა, საკუთარი აზრების რეალიზების საშუალება. ყველაზე მთავარი კი შემოქმედებაა. თავის დროს, საქართველოს ინტელიგენციამ, როგორც არასდროს, უდიდესი წვლილი შეიტანა ამ თეატრის შექმნაში. აზერბაიჯანის ქართული თეატრი ანზორ დოლენჯაშვილი იყო ამ თეატრის სულის ჩამდგმელი და დამაარსებელი. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამ თეატრის შექმნაში წვლილი შეიტანა.

თეატრის წარსულზე ბევრი რაიმეს თქმა შეიძლება, მაგრამ დღეს, თეატრის დასის წევრები პრობლემების წინაშე დგანან. საჭიროა საქართველოს კულტურის მინისტრთან შეხვედრა, რათა განვიხილოთ უამრავი საკითხი, მათ შორის, თეატრის შემოქმედებითი დონის ამაღლების, პროფესიონალი კადრების, საქართველოში გასტროლების დაგეგმვის შესახებ…

ჩვენ თვალ ვადევნებთ საქართველოში ქართული თეატრის ცხოვრებას. ვფიქრობ, ჩვენი თეატრი დიდი ქართული თეატრის ნაწილია, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაქვს, რადგან შემოქმედებითი თვალსაზრისით ნაკლები ყურადღება გვექცევა. საერთოდ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დეფიციტი არსებობს. დღეს ჩვენს თეატრს ურთიერთობა, დახმარება სჭირდება. თუ ჩვენ ვერ ვიქნებით ქართული კულტურის განვითარების მოვლენების ეპიცენტრში, ის მინიმუმი მაინც განხორციელდეს ჩვენი შემოქმედებითი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომ თავი საქართველოსგან მიტოვებულად და მოწყვეტილად არ ვიგრძნოთ.

თეატრის ცხოვრებაში იყო სხვადასხვა პერიოდი, როცა შემოქმედებითი მოტივაცია სიტუაციიდან გამომდინარეობდა. დღეს ჩვენ სახელმწიფო თეატრი ვართ და შემოქმედებითი თვალსაზრისით მეტი მოგვეთხოვება. ამისთვის საჭიროა ახალი სივრცეების მოძიება. ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს კულტურის სამინისტრო და რისი გაკეთება შეუძლია ჩვენთვის. ამ ეტაპზე გვსურს საქართველოს რეგიონებში გასტროლების დაგეგმვა და კარგი იქნება, თუ სექტემბრის თვის ბოლოს გამონახავენ დროს და შეხვედრა შედგება.“

როგორც ბატონმა კოტე ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს თეატრი აზერბაიჯანის სახელსაც წარმოადგენს და კულტურის სამინისტრო მათ ფინანსურად ეხმარება, რისთვის დასის წევრები მადლობლები არიან.

თეონა ნოზაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები