მთავარიეკლესია-მონასტრებიახტალის ტაძარი (XIII ს.)

ახტალის ტაძარი (XIII ს.)

ახტალის ტაძარი თბილისიდან სამხრეთით, 90 კმ–ში, ხოლო ერევნიდან 185 კმ-ში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს (ადრე საქართველოს ტერიტორიაზე), ქალაქ ლორესთან, მდინარე დებედას ხეობაში მდებარეობს. ციხე-სიმაგრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვაში. ახტალა სომხურად პღნძაჰანქია, რაც სპილენძის მადანს ნიშნავს. სახელწოდება მიუთითებს, რომ ამ მხარეშე ძველად სპილენძი მუშავდებოდა.

ახტალის ტაძარი XIII ს-ის პირველი ორი ათეული წლის განმავლობაშია აგებული. მშენებელი იყო მხარგრძელთა გვარის ცნობილი წარმომადგენელი – ივანე ათაბაგი, რომელიც ამავე ტაძარშია დაკრძალული.
მრუშობა
ახტალის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. ახტალა დიდი გუმბათოვანი ტაძარია. გეგმით ბეთანია – ფიტარეთის ჯგუფს მიეკუთვნება. აღმოსავლეთ ფასადზე ორი ნიშაა, შუა ღერძზე კი, სარკმელთან ერთად, დიდი ჯვარი და ორი, კუთხით დაყენებული, მოჩუქურთმებული კვადრატი. დეკორაციული თაღების სისტემა უკუგდებულია. ცალკეულ კომპოზიციურ-დეკორაციულ მოტივებში შემოჭრილია ისლამური მოტივები, რომლებიც სხვა ქართულ ძეგლებში უფრო გვიან ჩნდება. ეს აიხსნება ძეგლის მდებარეობით საქართეელო – სომხეთის სასაზღვრო რაიონში და ისლამურ სამყაროსთან მეტი სიახლოვით. დამახასიათებელია კედლის დიდი, თავისუფალი სიბრტყეების დაუნაწევრებლად დატოვება ფასადებზე.

ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინწამოწეული საქართველოს ეკლესიის წმიდანთა თემა; გამოსახულნი არიან: წმიდა ნინო, წმიდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე; აგრეთვე, წმიდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმიდა ილარიონ ქართველი.

ახტალის საეპისკოპოსო კათედრის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. IX-X საუკუნეებში, ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა, თუმცა მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში.

მრუშობაახტალაში სამონასტრო ცხოვრების აღმავლობის ხანა XIII საუკუნის დასაწყისია. XIV საუკუნიდან ახტალა მიტროპოლიტის კათედრა ხდება. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ ომარ ხანის შემოსევის შემდეგ სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა, სამთამადნო წარმოების ასაღორძინებლად.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა, ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის.

მონასტერი XIX საუკუნს მეორე ნახევრამდე ადგილობრივი მმართველების – მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ შემდგომ ხანებშიც იკრძალებოდნენ ქართული წარჩინებული გვარის წარმომადგენლებიც.

ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი ამჟამად უმოქმედოა. შიგნით კედლის მხატვრობის მნიშვნელოვანი ნაწილებია დარჩენილი. ძეგლის კორპუსი მთლიანად გადარჩენილია, მაგრამ გუმბათის ყელი აღარ არსებობს. ტაძარს კარიბჭეები და კაპელები აქვს მიშენებული, გარშემოც რამდენიმე სამლოცველო და დიდი სამსართულიანი კოშკია.

თეონა ნოზაძე

1 COMMENT

  1. ამ წერილში რამდენიმე საკითხია დასაზუსტებელი.პროფესორ დევი ბერძენიშვილის გამოკვლევით,როდესაც ახტალაში ქართული მონასტერი ააგო ამირსპარსალარმა ივანე მხარგრძელმა(13 საუკუნის დასაწყისი),ამ პერიოდიდან უკვე ამ მონასტერს ჰქვია არა სომხურენოვანი პღნძაჰანქი, არამედ ქართული სახელი სპილენძაჰანი.მონასტრის თურქულენოვანი სახელწოდება ახტალა ქართულ წყაროებში პირველად ჩნდება 1392 წლიდან.გარდა ამისა უნდა აღინიშნოს ,რომ ერეკლე მეორეს ახტალის ხეობაში ბერძნები არ ჩამოუსახლებია ომარ-ხანის შემოსევის (1785წ.)შემდეგ,ბერძენი მადნისმწარმოებლები(800 ოჯახი) მან ჩამოასახლა თურქეთის გიუმიშხანეს პროვინციიდან(ბასიანი)- 1763 წელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები