მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ახტალის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.12.2011 | 3,285 ნახვა

ახტალის მონასტერი ქვემო ქართლში(დღევანდელი სომხეთის ტერიტორია) მდინარე დებედას შუა წელზე მდებარეობს. მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ძირითადი ტაძარი ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშია.

გზა თბილისიდან ახტალამდე დაახლოებით 82 კილომეტრია და გავივლით სოფლებს: ფონიჭალას, კოდას, მარაბდას, შულავერს, სადახლოს… მარაბდა საბარათაშვილოს საზღვარი იყო, სადაც მდინარე ალგეთის ორივე სანაპირო იწოდებოდა მარაბდად. მოიცავდა ძველი ციხე-სიმაგრეების, ტაძრების, სოფლების ნანგრევთა ნაშთებს.

სადახლოს შემდეგ გზა მიემართება მდინარე დებედას მიმართულებით, ტყით დაფარულ მთებსა და კლდოვან ხეობას შორის და ბოლოს მთის ბილიკით ჩნდება ძველ ნასახლართა ნანგრევები ცნობილი ვერცხლისა და ოქროს საბადოთა ნაშთებით, რაც საქართველოს მეფეებს ყოველწლიურად აძლევდა 100 ფუნტამდე წმიდა ოქროს.მეფე ერეკლე მეორეს სვეტიცხოვლის ტაძრისთვის შეუწირავს ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი და სუფთა ოქროთი დამზადებული კოვზი, მოპოვებული აღნიშნული საბადოდან.

ვარდიკო არაბული (საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი, ხელოვნებათმცოდნე):

“ახტალის მონასტერი დაფუძნებულია მაღალი, კლდოვანი მთის ზეგანზე,რომელიც აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მაღალი მთებითა და ღრმა ქარაფებით.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ადგილის სახელწოდება ძველად ყოფილა აგარაკი დაარსებულია წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ, იერარქიულად მე-11 საეპისკოპოსო კათედრა.
“ეკლესია აგარაკისა, რომელსა შინა დასუა გორგასალ ეპისკოპოზი, შემდგომად იქმნა მიტროპოლიტი, რომლისა სამწყსო იყო ხუნანი, გარდაბანი და ბერდუჯი. გუმბათიანი, დიდშენი. აწ უწოდებენ ახტალას, გარნა აწ ხუცის სამარ არს”.

ახტალის მონასტერი

ახტალის ქვემოთ ხოჟორნის ხეობაში არის ხოჟორნის გუმბათიანი ეკლესია და წოფის ციხე ტაძრით, ნაგები უჯარმული წყობით, ასევე წმიდა ვახტანგ გორგასლის დროისა. “ხეობა ესე არს ვენახოვანი, ხილიანი, ყოვლისა თესლისა მოსავლიანი”.

მონასტერთან მისასვლელი თაღიანი კარიბჭით იწყება. იქვე მდგარა საყარაულო კოშკი, რომლის ორივე მხარეს მონასტერს ორმაგი ქვის გალავანი შემოუყვებოდა.

ახტალის მონასტერში სამი ტაძარი ყოფილა: ორი დარბაზული – “წმიდა გიორგი” და “სამება”. მესამე – ჯვარგუმბათიანი ღვთისმშობლის შობის სახელობისა.
ძველად ყოფილა ეკვდერებიც: წმიდა დემეტრეს, წმიდა ბასილის, წმიდა იოვანეს.

მონასტრის შემოგარენში მრავალი ეკლესია და ნანგრევთა ნაშთი ყოფილა. დავასახელებთ რამდენიმეს: ახტალის ტაძრის აღმოსავლეთით – “წმიდა გიორგი”, ორ მთას შორის ხეობაში დგას ეკლესია “სამება”, დასავლეთით – ეკლესია “გრიგოლ ღვთისმეტყველი”. გალავნის კარიბჭის მოპირდაპირედ – “წმიდა ოქროპირი”. გალავნის შიგნით ორი დარბაზული ეკლესია. ერთ-ერთი “წმიდა ბასილი დიდის” სახელობისა.

ახტალის ტაძრის მახლობლად, გზის პირას მდგარა ქვა-ჯვარი, წარწერით: “აღვმართე ჯვარი ავაგის
შესაწევნელად, ამაზასპის ზედამხედველობის დროს და წინამძღვრობისას პეტრესი. წელი იყო 693(1244).”აქ სომხურ ენაზე წარწერაში მოხსენებულია ავაგი ათაბაგი.

XIII საუკუნის ისტორიული წყაროები (როგორც ქართული, ისე უცხოური) ახტალის მფლობელებად ასახელებენ ივანე ათაბაგს და შემდეგ მის ძეს – ამირ-სპასალარ ავაგ I-ს, ან სარგის II-ს, რომელიც ომში მოკლეს 1260 თუ 1262 წელს. ცნობილია,რომ ისინი ახტალის ტაძრის აგებაში მონაწილეობდნენ და იქვე არიან დაკრძალულნი.

ისტორიკოს დემეტრე ბაქრაძეს 1875 წელს უნახავს ტაძრის ფრესკები, ტრაპეზის კუთხესთან გვირგვინითა და პორფირით შემოსილი წმიდა მეფე თამარი, თანამეცხედრე დავითი და ძე გიორგი.
წმიდა კათოლიკოს-პატრიარქი კირიონი აღნიშნავს ტაძრის ჩრდილოეთის ქვის კვადრებით ნაგებ მცირე ნაგებობას, რომელიც სანათლავი ყოფილა (8X1 არშინი, სიმაღლე 4 და 1/4 არშინის).
ხოლო გადახურვები ქვის ლორფინებით გახლდათ მოწყობილი.

ტაძარი მთლიანად ფრესკებით ყოფილა მოხატული. საკურთხეველში ვლაქერნის ღვთისმშობელი ყრმით მრავალფეროვანი ძვირფასი ქვებით შემკულ სვეტებიან, ძოწისფერ ტახტზე მჯდომია წარმოდგენილი. ტახტის განაპირა მხარეებზე დევს თეთრ ჩუქურთმიანი ქსოვილით გადაფარებული მუთაქები.
ღვთისმშობელს მოსავს გიმატიონი. ხელები მტკიცედ აქვს საბუხარებით შეკრული, ანუ საღვთო ხარისხში აღყვანილია წარმოდგენილი. ზემოდან გიმატიონზე მოსავს ხიტონი.
ყრმა მაცხოვარი თეთრი ხიტონითაა მოსილი.

ღვთისმშობლის ქვემოთ, სარკმლის თავზე გამოსახული ყოფილა მოციქულთა ზიარება იერუსალიმში – “საიდუმლო სერობა”. მაცხოვრის ორივე მხარეს, ტახტის განაპირა ბოლოებთან ერთმანეთისკენ თავდახრილი ანგელოზებია რიპპიდებით. მოციქულებთან წარწერებით ირკვეოდა, რომ მაცხოვართან პირველი მარცხნიდან მიემართება პეტრე, მეორე – იოანე ღვთისმეტყველი, მესამე – ლუკა… მარჯვნიდან – პავლე, შემდეგ – მათე …

საიდუმლო სერობის ქვემოთ ორ რიგად გამოსახულნი ყოფილან ცნობილი წმინდანები. წარწერები ყველგან ქართული და ბერძნულია.

გუმბათის ჩამონგრევის შედეგად ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, თუმცა შემორჩენილა ორი ფრესკა – ღვთისმშობლის შობა და მიძინება, რაც ტაძრის საკუთარი დღესასწაული ყოფილა.

მნიშვნელოვანია კიდევ სარკმლებს შორის ფრესკაზე ორი სვიმონ მესვეტე – უმცროსი და უფროსი, ხოლო გარშემო – ყველა ცნობილი მეუდაბნოე წმიდა მამათა ფრესკები შესაბამისი სახელების წარწერებით ქართულად და ბერძნულად.

ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი აგარაკისა, ანუ ახტალისა აშენებულია ადგილობრივი წარმოშობის რუხი ფერის დამუშავებული ქვით. როგორც მეცნიერები თვლიან, ტაძარი გუმბათიან-ბაზილიკური გეგმის ნაგებობას წარმოადგენს.
ტრაპეზის ქვის ზომები 1×2 არშინია, დამაგრებული ყოფილა ცემენტის ხსნარით, 1875 წელს. კანკელი XIX ს. დასაწყისშია შეცვლილი და განახლებული”.

ქეთი ჭელიძე
უნიკალური საარქივო მასალა ახტალის მონასტრის შესახებ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • მიქაელი says:

    ღმერთმა გაგახაროთ ასეთი უბრწყინვალესი გვერდის შექმნისათვის. მადლიერებით ქედს ვიხრით თქვენს წინაშე და მადლობას გიხდით, რომ მშობლიური ენაზე მრავალი საღვთისმეტყველო და სამეცნიერო სტატიის წაკითხვის საშუალება გვაქვს.
    საბერძნეთის ქალაქ ათენის ქართველი მრევლის სახელით იეროდიაკვანი მიქაელი (ეჯიბიშვილი)

  • დიდ მადლობას ვუცხადებ იეროდიაკვან მიქალეს გამოხმაურებისთვის. ასევე გაგახაროთ და გაგაძლიეროთ უფალმა თქვენ და ათენის ქართველი მრევლი…

  • nana says:

    გაიხარეთ, ძალიან საინტერესოა, მაგრამ თუ შეგიძლიათ ბოლოში ჩაასწორეთ კორექტურა

    სერი ფერის – უნდა რუხი ფერის

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი