შუა საუკუნეები- IV- XVIII სს. /გვიანი შუა საუკუნეები – XVI-XVIII სს.
დარბაზული, უგუმბათო, ორნავიანი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის დასავლეთ ნაწილში, სასელექციო სადგურის ჩრდილოეთით. 1692 წელს ეკლესია განუახლებიათ. სამხრეთ კედელში ორი კარია დატანებული: დასავლეთის კარს კარიბჭე აქვს მიშენებული. აბსიდასა და დასავლეთის კედელში თითო სარკმელია გაჭრილი. აბსიდაში სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. ასეთივე ნიშია ჩრდილოეთის კედელშიც. კამარის საბჯენი შეისრული თაღები კონსოლებს ეყრდნობა. ფასადები დასრულებულია აგურის სამრიგიანი თაროსებრი ლავგარდანით. ტაძრის კარები და სარკმლები შეისრულთაღიანია. კამარა გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც კონსოლებზე დაყრდნობილ თაღს ემყარება. დასავლეთის კარის თავზე ჩადგმულია სამშენებლო წარწერიანი ფილა. წარწერა მხედრულია. შესრულებულია 8 სტრიქონად. იკითხება: ,,ნებითა და შეწევნითა ღმრთისაითა კვლავცა აღვაშენე ესე ყოვლადწმიდა საყდარი მე გოგინაშვილმა . . . . . ერისთვისა გიორგი . . დროსა მდივანბეგის . . . . ქორონიკოზსა ტპ”.
წყარო: www.mtskheta.gov.ge
