“გამოფენაზე ხედავთ, როგორია ჯავახეთი, რომელიც ახლა იწყებს აღორძინებას”
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ახალქალაქის წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგთა და კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა (07.11.2014).

გამოფენაზე წარმოდგენილია თექისა და ფარდაგის ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა სახეობის ექსპონატი. ასევე კოლეჯის სტუდენტთა ექსპედიციის
დროს ჯავახეთში გადაღებული ფოტომასალა.
დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი (წმინდა ნინოს სახელობის საღვთისმეტყველო სასწავლებლის პრორექტორი): „ახალქალაქის წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი 2009 წელს შეიქმნა, დამფუძნებელი საქართველოს საპატრიარქო გახლავთ. სასწავლებლის შექმნის იდეა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს ეკუთვნის. კოლეჯში ისწავლება სამი პროფესია: თექის, ფარდაგისა და კინოტელეოპერატორის სპეციალობა.
გამოფენაზე წარმოდგენილია დაახლოებით 25-30 -მდე სტუდენტის და რამდენიმე პედაგოგის, მათი ხელმძღვანელის ამ წლების განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.

სრულად მათი წარმოდგენა ცხადია ვერ მოხერხდებოდა. ყოველწლიურად, 2001 წლიდან უწმიდესის ლოცვა-კურთხევით ეწყობა სტუდენტების ექსპედიცია ჯავახეთში. ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტომასალაში გადმოცემულია თუ რას საქმიანობენ სტუდენტები ჯავახეთში, 2014 წლის სტუდენტური ექსპედიციიდან.
მეუფე ნიკოლოზი ფაჩუაშვილი (ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი): „ჩვენმა სასწავლებელმა ახლახან გაიარა ავტორიზაცია და კოლეჯის სტატუსი მიიღო. 
მანამდე გახლდათ სახელობო სასწავლებელი. სასწავლებლის შექმნის მიზანია, ის ახალგაზრდები, რომლებიც ვერ ახერხებენ უმაღლესი განათლების მიღებას, მიეცეთ საშუალება და მიიღონ ისეთი ცოდნა 2 წლის განმავლობაში, რომ თავის შენახვა შეძლონ. … სასწავლებელში სწავლების პროცესს არაჩვეულებრივი, პროფესიონალი პედაგოგები უძღვებიან. მათი და მოსწავლეების შრომის შედეგი სახეზეა. ეს ბავშვები არიან ჯავახები, ქართველი და სომეხი ეროვნებისაც. გამოფენაზე ხედავთ, როგორია ჯავახეთი, რომელიც ახლა იწყებს აღორძინებას.“
ახალქალაქის წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგთა და კურსდამთავრებულთა ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში 21 ნოემბერს დაიხურება.
თეონა ნოზაძე
