მთავარიქრისტიანობა"ათი მცნების საშუალებით ადამიანს მიეცა ღმერთისა და სიწმინდისკენ გზამკვლევი"

“ათი მცნების საშუალებით ადამიანს მიეცა ღმერთისა და სიწმინდისკენ გზამკვლევი”

ზოგადი განხილვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაგრამ კარგად არ ვიცით საღმრთო მცნებები. ეს ცუდია. ზოგმა ისიც კი არ იცის, ეს მცნებები ქრისტეს მიერაა დადგენილი, თუ ქრისტემდე. უნდა ვიცოდეთ, იღუმენი დიონისე გვიმრაძერომ ათი მცნება მიეცა მოსეს, რომელიც ამოტვიფრული იყო ქვაზე, ეს მოხდა ქრისტემდე ცამეტი საუკუნით ადრე, ძველი აღთქმის ეპოქაში.

სანამ უშუალოდ მოსეს ეპოქას შევეხებოდეთ, მანამდე მოკლედ, ბიბლიური ისტორია მიმოვიხილოთ. დავიწყოთ ადამით, როგორც პირველი ადამიანით. ჩვენ ვიცით, რომ ადამი თავდაპირველად სამოთხეში – ედემის ბაღში ცხოვრობდა, საიდანაც ცოდვის ჩადენის გამო, გამოდევნილ იქნა, ხოლო მისი ბუნება დაკნინდა, ანუ დაკარგა პირვანდელი უმანკოება. ამის შემდეგ დედამიწაზე ადამის და ევას შთამომავლობა გამრავლდა. აღსანიშნავია, რომ ადამის და ევას შვილი – კაენი იმდენად დაშორდა ღმერთს, რომ მოკლა თავისი ძმა – აბელი, რის გამოც ღმერთმა დაწყევლა კაენის შთამომავლობა.

რაც მეტი დრო გადიოდა სამოთხიდან გამოდევნიდან, მით მეტად ივიწყებდნენ მათი საერთო მამის – ადამის გადმოცემას ღმერთის შესახებ. შესაბამისად მეტად ივიწყებდნენ შემოქმედს და მეტადაც შთაეფლნენ ყოველგვარ უსჯულოებაში. საბოლოოდ, იმდენად დაშორდნენ უზენაესს, რომ ნოეს დროში ფაქტობრივად, ღვთის მსახურებაში აღარავინ იყო. ამიტომ ღმერთმა მოავლინა წარღვნა, რასაც ადამიანთაგან მხოლოდ მართალი ნოე და მისი ოჯახი გადაურჩა. თუმცა კაცობრიობას ამან ვერ უშველა. ისე მოხდა, რომ ახლა ნოეს შთამომავლებმა დაივიწყეს ღმერთი და უზნეობის მსახურება დაიწყეს. ასეთ პირობებში ღმერთმა გამოარჩია ერთი მართალი ადამიანი – აბრაამი, რომელსაც აღუთქვა, რომ თუ გამოვიდოდა თავისი ქვეყნიდან, დატოვებდა ოჯახს და გაჰყვებოდა მის ნებას, მაშინ მიმადლებდა ურიცხვ შთამომავლობას და სწორედ მისი შთამომავლობიდან მოევლინებოდა კაცობრიობას მხსნელი.

აბრაამმა, ამ მართალმა კაცმა, მართლაც დაუტევა თავისი ქვეყანა და შეუდგა ღვთის ნებას. ამის შემდგომ აბრაამის შთამომავალნი, როგორც ღვთისგან გამორჩეული ადამიანის მემკვიდრენი, იწოდებიან ღვთის რჩეულ ერად; უფრო მოგვიანებით – ებრაელ ერად. ამ რჩეულობის ნიშნად ღმერთმა მათ წინადაცვეთის წესი დაუდგინა. აბრაამს ჰყავდა შვილი – ისააკი, ისააკს – იაკობი, ხოლო იაკობს – თორმეტი ძე. მათგან ერთ–ერთი შვილი, იოსები, ძმებმა შურის გამო, რადგან მამას განსაკუთრებით უყვარდა იგი, გასწირეს და სიკვდილისთვის გაიმეტეს. თუმცა ღვთის განგებულებით ისე მოხდება, რომ იოსები გადარჩა, ტყვედ ჩავარდა და ეგვიპტეში წაიყვანეს.

მან ღვთის შეწევნით, თავისი გონიერებითა და სიბრძნით იმხელა თანამდებობა მოიპოვა ფარაონის კარზე, რომ ფაქტობრივად მთელი ეგვიპტის საქმეთა მმართველი გახდა. ამ დროს ქვეყანაზე დიდმა შიმშილობამ დაისადგურა, აღარსად მოდიოდა მოსავალი. აბრაამის შთამომავალნი, იოსების მამა და თერთმეტი ძმა, იძულებულნი გახდნენ სხვადასხვა ქვეყნებში დაეწყოთ საზრდოს მოძიება. ეგვიპტე კი, სადაც იოსები მოღვაწეობდა, მისადმი უშუალოდ ღვთის მინიშნებით, საზრდოს უდიდეს მარაგს ფლობდა. სწორედ ეგვიპტეს მოადგნენ იოსების ძმები. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ის ყველაფერს აპატიებს საკუთარ ძმებს, შეიწყნარებს მათ და მთელს თავის ოჯახს ეგვიპტეში დააბინავებს, რადგან სხვაგან საზრდელი აღარ მოიპოვებოდა. ამგვარი სახით აღმოჩნდებიან აბრაამის შთამომავალნი – ებრაელი ერი ეგვიპტის სამეფოში.

იოსების გარდაცვალების შემდგომ ეგვიპტეში ებრაელები, როგორც უცხო ეთნოსი, მონურ მდგომარებაში აღმოჩნდებიან; რასაც, ბუნებრივია, ვერ ეგუებოდნენ ისინი და არც ღმერთს ესათნოვებოდა მათი ეგვიპტელებთან აღრევა. უფალი, ებრა- ელებში გამოარჩევს ერთ დიდებულ პიროვნებას – მოსეს, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს. მასზე მოკლედ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი დაბადების დროს ებრაელები უკვე ძალიან გამრავლებულნი იყვნენ, ამიტომ ფარაონის ბრძანებით, უნდა მოეკლათ ყოველი ახალშობილი ბიჭი. ხოლო მოსე სასწაულებრივად გადარჩება, რადგან დედამისი მას კალათაში ჩასვამს, მდინარეს გაატანს და ღმერთს მიანდობს მის ბედს. იგი აღმოჩნდება ფარაონის სასახლესთან, სადაც აიყვანენ, აღზრდიან და საკმაოდ კარგადაც განსწავლიან. იგი სიმართლის დამცველი და მტკიცე ადამიანად ჩამოყალიბდება. ერთ-ერთი მშენებლობის დროს, ებრაელ მონას გამოესარჩლება და ამ დაპირისპირებაში მოკლავს ეგვიპტელ ადამიანს, რის გამოც იგი იძულებული აღმოჩნდება, რომ გაიქცეს ეგვიპტის სამეფოდან, რადგან მას ფარაონი მოსაკლავად დაეძებდა. ამის შემდეგ იწყება მისი ახალი ცხოვრება.

მიდიამის ქვეყანაში დამკვიდრდება, ცოლსაც შეირთავს და მწყემსის ცხოვრებას მიჰყოფს ხელს. ერთხელაც მას გამო- ეცხადება ღმერთი და ეტყვის: „გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები”(გამ. 3,10). ეს იყო მოსესთვის ურთულესი მისია, რადგან მას საერთოდ არ შეესვლებოდა ეგვიპტეში, როგორც მკვლელს. ამის გამო თავი- დან შეშინდება მოსე, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოსე დაჰყვება ღმერთის ნებას და შევა ეგვიპტეში. ალბათ გახსოვთ, რამდენი სასწაული აღსრულდება მოსეს ხელით ფარაონის თვალის ასახელად, მაგრამ უგუნურმა ფარაონმა არ შეისმინა ღვთის ბრძანება – ებრაელი ხალხი თავისი ქვეყნიდან გაეშვა.

ამის გამო დიდი რისხვა დაატყდებათ ეგვიპტელებს და მოსე, ღვთის მფარველობით, გამოიხსნის თავის ერს და წარუძღვება აღთქმული მიწისკენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელი ხალხი ორმოცი წელი იხეტიალებს უდაბნოში, სანამ აღთქმულ მიწამდე მივა. სწორედ ახლა მივადექით დღევანდელი საუბრის ძირითად თემას – ათ მცნებას; ხოლო ეს ბიბლიური ისტორია, რომელიც ახლა გავიხსენეთ, უფრო თვალნათლივ დაგვანახებს ათი მცნების გადმოცემის მიზეზებს.

ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს ისრაელიანები მიადგებიან სინას მთას, სადაც ღმერთი მოსეს გამოუცხადებს თავის ნებას: „ამიერიდან, თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცვათ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით”(გამ. 19,5-6). მოახსენებს რა მოსე ღმერთის სიტყვას ისრაელიანებს, ისინი აღთქმას დადებენ, რომ შეასრულებენ ღმრთის ბრძანებებს. მაშინ ღმერთი მოსეს მოამზადებინებს ერს სჯულის მისაღებად.

მესამე დღეს სინას მთაზე, ჭექა-ქუხილის გრგვინვისა და ზეციურ საყვირთა ხმების ფონზე, უფალი სჯულს – ათ მცნე- ბას აუწყებს მოსეს, რომელიც თავის მხრივ – ერს გადასცემს. გარდა ათი მცნებისა, ღმერთი კიდევ სხვა კანონებსაც დაუდგენს თავის რჩეულ ერს და ათ მცნებას ქვის ორ დაფაზე გამოუსახავს, როგორც უმთავრეს სახელმძღვანელოს. ქვის ფილები განსაკუთრებული სახით უნდა შეენახათ, ასეთი იყო უფლის განწესება.

სწორედ ათი მცნების ამგვარი განსაკუთრებულობა დიდად ყურადსაღებია ჩვენთვისაც. მართალია, ებრაელებს უამრავი კანონი და მცნება მოეცათ უფლისგან, რომელშიც ზნეობრივ- თან ერთად სამოქალაქო კანონებიც იყო წარმოდგენილი, მაგ- რამ ათი მცნების ქვაზე გამოსახვა და შენახვის განსაკუთრებუ- ლი წესი უკვე ბევრ რამეზე მიგვითითებს.

ათი მცნება, მართალია, ძველი აღთქმის ეპოქას განეკუთვნება, მაგრამ მას დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. მის პირველ ოთხ მცნებაში გადმოცემულია, როგორი უნდა იყოს ადამიანი ღმერთთან მიმართებაში, ხოლო შემდეგი ექვსი მცნება ადამიანთა შორის ურთიერთობის განწესებაა, რომელთაგან უკანასკნელი მავნე სურვილების უარყოფას განგვიწესებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ძველი აღთქმის სათანადო ცოდნის გარეშე, ვერ მოვახერხებთ ახალი აღთქმის სათანადოდ გაგებას.
რაზე მიგვანიშნა ბიბლიურმა ისტორიამ? იმაზე, რომ ადამის შთამომავლობა, ანუ კაცობრიობა ვერ ახერხებდა ღმერთის მუდმივად ხსოვნას. ადამს უდიდესი ცოდნა ქონდა უფლისა; ის უშუალოდ ურთიერთობდა მასთან და ის ედემის ბაღში, დედამიწაზე გარკვეულ შემოსაზღვრულ ადგილას ცხოვრობდა. მან თავის შვილებს აუწყა, რომ მისი სამოთხის ბაღიდან გამოძევება ცოდვისა და ურჩობის შედეგი იყო.

არავინ უნდა დაივიწყოს ღმერთი და მუდმივად უნდა ემორჩილებოდნენ მას. ადამის შვილი – კაენი გახდება თავის ძმის მკვლელი. ხოლო ნოეს დროს წარღვნა მოახდინა ღმერთმა, რადგან ღმერთის დავიწყებამ კაცობრიობის საყოველთაო ზნეობრივი გახრწნა გამოიწვია.

ვერც წარღვნამ უშველა წახდენილ ადამიანს და უფალმა უკვე აბრაამი გამოარჩია, რათა მისგან შობილიყო რჩეული ერი. სწორედ ამ რჩეული ერის მისია იმაში მდგომარეობდა, რომ გამოეფხიზლებინა ღმერთის უარმყოფელი და ზნედაცემული კაცობრიობა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებს არ ქონდათ საკმარისი ცოდნა ღვთისა და ზნეობის კანონები. მათ სახელმძღვანელოს წარმოადგენდა ადამისეული და შემდეგ ნოესეული გადმოცემა ღმერთის შესახებ, რომელიც არც თუ შეუბღალავად იქნებოდა დაცული ყველა ერის მეხსიერებაში. ხოლო ზნეობრივი კანონის არქონის პირობებში ისინი მხოლოდ სინდისის კარნახით ხელმძღვანელობდნენ.

ამიტომ საჭირო იყო ხალხს დავიწყებული ღმერთი გაეხსენებინა და დაკარგული ადამიანობისკენ სწრაფვა განეახლებინა. ამისთვის კი გზამკვლევი იყო საჭირო. ცალკეული ადამიანებს, ვინც ინახავდა თავის თავში უფლის ხსოვნასა და სიმართლეს, არავინ უსმენდა; საჭირო იყო ზეციური ჩარევა. სწორედ ამიტომ გამოირჩია უფალმა აბრაამი, მოსე და ზოგადად ისრაელი ერი, რათა მათი საშუალებით მთელი კაცობრიობა დაემოძღვრა და ჭეშმარიტი გზა ეჩვენებინა. მითუმეტეს, კაცობრიობის საბოლოო გამომხსნელი ღმერთკაცი – იესო ქრისტე უნდა მოვლენილიყო, ამიტომ მისი მოლოდინი უნდა არსებულიყო. უნდა შეემეცნებინათ მისი მოვლინების აუცილებელი საჭიროება. ეს ყველაფერი კი ვერაფრით შესრულდებოდა, თუ არ გვექნებოდა ღვთის მცნებები და განსაკუთრებით – ათი მცნება.

აი, ასეთი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ათ მცნებას. მისი საშუალებით ადამიანებს ღმერთი უნდა გაეხსენებინათ, მასთან უნდა დაბრუნებულიყვნენ და თაყვანი ეცათ. ასევე, ადამიანური ურთიერთობები სისასტიკიდან ჰუმანურობამდე და გარყვნილებიდან სიწმინდის მსახურებამდე უნდა გადასულიყო. მთლიანობაში ათ მცნებას ზნეობრივად უნდა მოემზადებინა ებრაელი ხალხი და მისი საშუალებით – მთელი კაცობრიობა მსხნელის მისაღებად.

ასე რომ, ათი მცნება ეს არის ფაქტიურად ის კანონმდებლობა თუ კონსტიტუცია, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს საზოგადოებამ და თითოეულმა ადამიანმა.

სხვადასხვა რელიგიებში არსებობს ქრისტიანობის ათ მცნებას მიმსგავსებული აზრები. ამ გარემოებამ არ უნდა დაგვაბნიოს. გავიმეორებ, ყველანი ადამის შვილები ვართ და ეს ბევრ რამეზე მიანიშნებს. აი, წარმოიდგინეთ, რომ გვყავდა დიდი წინაპარი, გამორჩეული ადამიანი და მან რაღაც მნიშვნელოვანი სწავლება დაგვიტოვა. მისი შთამომავლობა შეინახავს ამ ცოდნას, თაობიდან თაობას გადასცემს; მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ცოდნა და ინფორმაცია მოსალოდნელია სახეცვლი- ლი იყოს მის შთამომავლობაში. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ ცოდნის ზეპირად გადმოცემას ახასიათებს ასეთი რამ. დროის სვლასთან ერთად გამოჩენილი პიროვნებისადმი ხსოვნა ზოგ- ჯერ ნელდება კიდეც.

აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ადამის შთამომავლობაში სხვადასხვა ერებმაც შეინარჩუნეს პირვანდელი მემკვიდრეობიდან ჭეშმარიტების ელემენტები. ამასთან ერთად, რაც მთავარია, ჩვენ ყველანი ღვთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთმა თითოეულ ადამიანში ჩადო ზნეობრიობისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვა. ხოლო სრულფასოვნად ჭეშმარიტება თავად უფლისგან მომდინარეობს და არა რომელიმე თუნდაც მართალი პიროვნებიდან. სწორედ ასეთი წარმოშობის გახლავთ ჩვენს მიერ განსახილველი ათი მცნება, რამეთუ უშუალოდ უფლისგან ბოძებული და ამოტვიფრულია ქვის ფილებზე.

რაც შეეხება უფლისგან მოსესთვის გადაცემული ქვის ფილების ადგილმდებარეობას, ამჟამად უცნობია და უკვალოდ არის გამქრალი. ქრისტემდე ექვსი საუკუნით ადრე იერემია წინასწარმეტყველმა ისინი გადამალა, რადგან დიდი უბედურება ტრიალებდა მაშინ ებრაელი ერის თავზე და დღემდე დაკარგულად ითვლება; ისევე, როგორც თავად მოსე სჯულისმდებლის და წინასწარმეტყველის საფლავის ადგილმდებარეობა.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი აღწერილია წმიდა წერილში. ასევე ბიბლიის პირველ ხუთ წიგნში დაწვრილებითაა გადმოცემული ყველაფერი ის, რაც უფალმა აუწყა მოსეს. თუმცა, იესო ქრისტეს მოსვლის შემდეგ ძველი აღთქმის ბევრმა განწესებამ ფასი დაკარგა, ხოლო ათი მცნებას თავად იესო ქრისტე განმარტავდა. ეს იმიტომ, რომ ათ მცნებაში ის ძირითადი ზნეობრივი პრინციპებია გადმოცემული, რომლებიც არასდროს მოძველდება და არც გაუქმდება, სანამ კაცობრიობა იარსებებს.

ამიტომ ჩვენს შემდგომ საუბრებში ათივე მცნებას ცალკეულად და დაწვრილებით განვიხილავთ, რათა სიღრმისეულად გავითავისოთ ადამიანის სულიერი ცხოვრების უმთავრესი საფუძველი. ვინაიდან, როგორც სამოქალაქო სამართლის დარღვევა სასჯელს აკისრებს ადამიანს, ასეთივე შედეგს იძლევა თითოეული მცნების დარღვევა; ოღონდ, რასაკვირველია, სასჯელსაც სჯულის მსგავსად, სულიერი ხასიათი აქვს.

ადამიანს ევალება ღვთის მცნებათა დაცვა; წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერასდროს შეძლებს სრულფასოვან სიხარულს და ბედნიერებას ეწიოს. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არ დავარღვიოთ ღვთის მცნებები, რაც არც ისე ადვილია. თუმცა, უპირველესად, ჯერ უნდა შევისწავლოთ ისინი.

ამრიგად, დღეს ჩვენ მოკლედ გავიხსენეთ ბიბლიური ისტორია ადამიდან მოსემდე, რათა უკეთ წარმოჩენილიყო ათი მცნე- ბის მნიშვნელობა ადამიანის სულიერად განკურნების საქმეში; აღვნიშნეთ, რომ ათი მცნება თავის თავში მოიცავს იმ ძირითად კანონებს, რომელშიც, ფაქტობრივად, თავმოყრილია მთელი ზნეობრივი მოძღვრება. მისი საშუალებით ადამიანს მიეცა ღმერთისა და სიწმინდისკენ გზამკვლევი. ამავე დროს, კაცობრიობა, ათი მცნების აღსრულებით, ქრისტეს – ღმერთკაცის და მისი სრულყოფილი მოძღვრების მისაღებად იწყებს მზადებას. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენც მიგვეღოს ქრისტე მცნებათა აღსრულების გზით!

ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ! უფალმა თავისი მადლით აღავსოს ჩვენი გულები!”

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,
იღუმენი დიონისე გვიმრაძე

1 COMMENT

  1. დიდი მადლობა მამა დიონისეს და “ამბიონს”..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები