“არტ-გენი 2015”-ის თბილისის ტური დღეს “სუხიშვილების” კონცერტით გაიხსნება.
ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა, ხალხური მედიცინა და ქართული სამზარეულო,
ასევე “შავფაროსნების” ქართული საბრძოლო ხელოვნების შოუ. ფინალურ კონცერტამდე ეთნოგრაფიულ მუზეუმში მისული მაყურებელი ქვემო ქართლის და რაჭა ლეჩხუმის ფოლკლორული ანსამბლების და ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლის “შაიმე” გამოსვლას იხილავს.
20 ივლისს ფესტივალი იმერეთის რეგიონის და სამაჩაბლოს წარმომადგენელთა წარმოდგენით გაგრძელდება და რობი კუხიანიძისა და ჯგუფი “აუთსაიდერის” კონცერტით დასრულდება. 21 ივლისს გურიის და სამცხე-ჯავახეთის ანსამბლების და ჯგუფ “რეგიონის” კონცერტი გაიმართება; 22 ივლისი – სამეგრელოს რეგიონი, აფხაზეთის დღე, ასევე ბაკურ ბურდული, Friendly Mosquito; 23 ივლისი – სვანეთი, კახეთი, პანკისის რეგიონები, ჯგუფი “ფრანი”; 24 ივლისი – ქალაქი ფოთი, შიდა ქართლის რეგიონი, ჯგუფი “მგზავრები”; 25 ივლისი – მცხეთა-მთიანეთი, რაჭის რეგიონები, ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “შაიმე”, დღის ბოლოს ჯგუფი “ინსაითი” და ნინო ქათამაძე; 26 ივლისს კი ფესტივალი აჭარის რეგიონის, ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი “შაიმეს” გამოსვლით და ჯგუფ “33ა”-ს კონცერტით დაიხურება.
ფესტივალი “არტ-გენი” წელს იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში რეგიონული ტურნეთი გაიხსნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში დასრულდა. თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში კი ფესტივალი 19-26 ივლისს გაიმართება. წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა მთავარ თემად “წიგნი და ბიბლიოთეკა” აირჩიეს. “არტ-გენსა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის კაბინეტი გაიხსნება, ხოლო “არტ-გენზე” ეთნოგრაფიულ მუზეუმში წიგნის სკივრი განთავსდება, სადაც შემოწირულ წიგნებს ნებისმიერი მსურველი გაეცნობა.
