მთავარი » კულტურა

არტ-გენი 2011 გაიხსნა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2011 | 1,688 ნახვა

ქართული გენის დღესასაწაული, ფესტივალი არტ-გენი დღეს მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში გაიხსნა. კახეთის სხვადასხვა რაიონის ფოლკლორული ანსამბლები, ხალხური რეწვის ნიმუშები და კახური სამზარეულო – ყველაფერმა ერთად ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნა. არტ-გენი
უკვე კარგად ნაცნობი ფესტივალი სტუმრების სიუხვითაც გამოირჩეodა. ადგილობრივების გარდა ფიროსმანის მშობლიურ სოფელს დღეს დედაქალაქიდანაც ათასობით ადამიანი ეწვია.

სტუმრები იყვნენ თავად მონაწილეთა შორისაც. ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებს სცენაზე თბილისიდან ჩასული შემსრულებლები ცვლიდნენ. მათ შორის იყო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან არსებული დროებით გადაადგილებულ ბავშვთა ანსამბლი სიმბოლური სახელწოდებით “დაბრუნება”. ფესტივალის განუყრელი ნაწილი – ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება – ხრიდოლი. მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაციები არტ-გენი 2009-ის აღმოჩენამ, გოგონათა ანსამბლმა “გორდელამ” გამოიწვია.

გორდელასტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა მირზაანელი თვითნასწავლი ახალგაზრდა მხატვრის ბელა ლობჯანიძის ნამუშევრებმა.

არტ-გენი უკვე მერვე წელია ტარდება და ყველაზე ხალხმრავალ ფესტივალს წარმოადგენს. მისი მიზანი მთელი საქართველოს მასშტაბით საოჯახო ფოლკროლისა და ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაციაა. ქალაქსა და სოფელს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენა და მათი ერთმანეთთან დაკავშირება თავიდანვე უმთავრეს მოვალეობად განისაზღვრა. ერთის მხრივ, ახალგაზრდებში ინტერესის გაღვიძება ქართული ტრადიციებისადმი და მეორე მხრივ, სოფლის მოსახლეობისათვის მათ მიერ შენარჩუნებული წეს-ჩვეულებებისადმი ინტერესისა და მოთხოვნის ჩვენება – ამ ფუნქციის შესასრულებლად არტ-გენის ორგანიზატორები სოფელ-სოფელ დადიან, ხალხური შემოქმედების ნიმუშებს ეცნობიან და შემდეგ მათ ერთად უყრიან თავს.

ფესტივალი წელსაც, ტრადიციულად, რეგიონებიდან იწყება, მთავარი და ყველაზე მარავალფეროვანი ღონისძიებები კი თბილისის ეთნორაფიულ მუზეუმში იმართება.

კახეთის შემდეგ რუსთავის ჯერი დგება. 23 ივნისს უკვე აქ მოიყრიან თავს ქართული ტრადიციების მოყვარულები და შიდა ქართლის კულტურას გაეცნობიან. 25-26-27 ივნისს კი არტ-გენი დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს. ამჯერად ეპიცენტრი ფოთი იქნება. უკვე 15 ივლისიდან ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაგრძელდება. 24 ივლისამდე მუზეუმის ტერიტორიაზე ყოველდღიურად სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები უმასპინძლებენ სტუმრებს.

ფესტივალი, რომელიც ყველას უქმნის სადღესასწაულო განწყობას, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ყველა სტუმარში იწვევს ამაღლებულ და განსაკუთრებულ ემოციებს და აღვიძებს საკუთარი ფესვებისადმი პატივისცემას.

სტარტი აღებულია, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. არტ-გენი 2011 კიდევ უამრავ სტუმარს ელის.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი