24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარისხვადასხვააღდგენილი ბაგრატის ტაძრის კურთხევა (16.09.2012)

აღდგენილი ბაგრატის ტაძრის კურთხევა (16.09.2012)

16 სექტემბერს, აღდგენილ ბაგრატის ტაძარში ტაძრის კურთხევის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.

აღდგენილი ბაგრატი ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი მომლოცველი ესტუმრა.

კათოლიკოს-პატრიაქმა ილია მეორემ აღდგენილი ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე 9 სექტემბერს სრულიად საქართველო მიიწვია.

“მეფე ბაგრატი აღმშენებელი ამ ტაძრისა, არის საქართველოს გამაერთიანებელი, ამიტომ ყველას გიწვევთ იქ, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს. მადლი ღვთისა ყველამ უნდა მიიღოს ამ დიდი და მადლიანი ტაძრიდან,”- აღნიშნა უწმიდესმა (09.09.2012).

ბაგრატის ტაძარში აღვლენილ წირვას დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა. წირვაზე იმყოფებოდნენ ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

“ათეული და ასეული წლების განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ბაგრატის ტაძრის ნანგრევებს. ახლა ვხედავთ აღდგომილ ტაძარს. ჩვენ ვმადლობთ უფალს. ესაა უდიდესი სასწაული, ამიტომ ჩვენ ვხარობთ აღდგომის სიხარულით. ქრისტე აღდგა! ბაგრატის ტაძარი აღდგა! საქართველო აღდგა…

ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი, ბატონი პრეზიდენტის, მეუფე კალისტრატეს და ყველასი, ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ დიდებული ტაძრის აღდგენაში. წლების განმავლობაში არქიტექტორები და მეცნიერები მსჯელობდნენ ტაძრის აღდგენის შესახებ, მაგრამ ვერ შეძლეს. ღმერთმა დღეს ინება ეს და ინება, როგორც სიმბოლოსი საქართველოს გაბრწყინებისა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ არსებობდეს ეს სიმბოლო. ჩვენთან არს ღმერთი!..

ბაგრატის ტაძარმა ჩვენ გაგვაერთიანა. აქ ბრძანდებიან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრები და აქ ბრძანდებით თქვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მინდა ოპოზიციას მოგმართოთ – პრეზიდენტის სახელით თქვენ მიწვეული ბრძანდებით ბანკეტზე…

მომავალ კვირას, 23 სექტემბერს, იქნება კურთხევა ფოთის საკათედრო ტაძრის. მე ასევე ყველას – პოზიციას, ოპოზიციას და მთელ საქართველოს გიწვევთ ამ დიდებულ ზეიმზე,“- ბრძანა უწმიდესმა ქადაგებისას.

პატრიარქის თქმით, საქართველო დღეს აღდგომის სიხარულით გალობს, ამიტომ ბაგრატის ტაძარში ქრისტეს აღდგომის საგალობელი სამჯერ შესრულდა. გალობა თავად უწმინდესმა შეასრულა.

ტაძრის კურთხევის შემდეგ მეუფე კალისტრატემ საქართველოს პრეზიდენტს ჯვრის ფორმის ხატი და დავით აღმაშენებლის მედალიონი უსახსოვრა, ხოლო პატრიარქს – მარგალიტებით შემკული ღვთისმშობლის ხატი.

“საქართველოს ისტორია იწყება ჯვრით. ჯვრით მოვიდა მაცხოვარი. ჯვრის ფორმა აქვს ამ ხატს – უფალი, ნათლისმცემელი და ღვთისმშობელი. ნიშნად დიდი მადლიერებისა, მინდა ეს ხატი გადმოგცეთ. ჯვარი გფარავდეთ ჩვენო პრეზიდენტო დიდ საქმეში და დიდ ვაჟკაცობაში”, – აღნიშნა მეუფე კალისტრატემ.

პატრიარქს კი მეუფემ სთხოვა, ილოცოს ღვთისმშობლის წინაშე, რათა საქართველო “დღეს დაბნეული, გაერთიანდეს და სიმართლით იაროს”. “თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ხართ ჩვენი მამა, გამაერთიანებელი საქართველოს იმ ტრადიციებისა და სიყვარულისა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ღირსად ამისა, მინდა მოგართვათ ღვთისმშობლის ხატი, მარგალიტებით შემკული, რომელიც თქვენ და სრულიად საქართველოს დაიფარავს”, – აღნიშნა მეუფე კალისტრატემ.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოს ჰყავდა ილია ჭავჭავაძე და ჰყავს ილია მეორე, რომელმაც ეროვნული სულისკვეთების გაღვივება და აღორძინება შეძლო.

“დიდი მეფე ბაგრატის მიერ აშენებული ეს ხელქმნილი სასწაული არის საქართველოს ერთიანობის იდეის ყველაზე სიმბოლური განსახიერება. მინდა მის უწმიდესობას მადლობა ვუთხრა მისი აღდგენის ინიციატივისთვის. მისი საქმიანობა არის ქართული ეროვნული სულიერების ბრწყინვალე გამოვლინება, ეროვნული სულისკვეთების გაღვივება და აღორძინება. მრავალი თაობის ოცნება იყო ბაგრატის ტაძრის აღდგენა. ამიტომ ესაა სასწაული და ყველა ჩვენგანის ოცნების ასრულება”, – განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. კარგი სტატიაა მომწონა შინაარსი მაგრამ გული მწყდება რომ საქართველოში ეგეთი სიტოაციაა, მადლობა “ღმერთშ” რომ ჩვენთანაა და მოგვივლინა კათალიკოს პატრიარქი მისი წყალობაა დგეს საქართველოს სიმშვიდე და ნუ აუვლით ამ ფაქტს გვერდს. მე ქართველი ემიგრანტი ვარ და გული მწყდება დღევანდელ საქართველოზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები