მთავარისაზოგადოებაარასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის დახვეწისთვის აქტიურად მუშაობენ

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის დახვეწისთვის აქტიურად მუშაობენ

„სისხლის სამართლის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილია განრიდებისა და მედიაციის პროგრამის სამუშაო ქვეჯგუფი, სადაც მიმდინარეობს მსჯელობა პროგრამის დახვეწისა და გაფართოების შესახებ. განრიდება საუბარია დანაშაულის კატეგორიების გაფართოებაზე, მედიატორის როლის გაზრდაზე პროგრამაში და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებზე.

გარდა ამისა პროგრამის ხელშეწყობისათვის იგეგმება იუსტიციის სამინისტროს მიერ საგრანტო პროგრამის გამოცხადება რაც ხელს შეუწყობს სერვისების განვითარებას და დაეხმარება პროგრამაზე მომუშავე პროფესიონალებს შეარჩიონ საჭირო ხელშეკრულების პირობები პროგრამაში ჩართული არასრულწლოვნებისათვის,“ – აღნიშნა „ამბიონთან“ საუბრისას განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერმა ლადო ჯავახიშვილმა, რომლსაც აღნიშნული პროგრამის შესახებ ვესაუბრეთ.

რას გულისხმობს და რა მიზანს ემსახურება არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა?

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი მექნიზმია, რომლის ძირითად მიზნებსაც წარმოადგენს: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს ლიბერალიზაცია, განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება, დაზარალებულის ჩართვა სამართლიანობის აღდგენის პროცესში. აქვე, ხაზი უნდა გაესვას, რომ პროგრამის ძირითადი მიზანია, საზოგადოებას დაუბრუნდეს სრულყოფილი მოქალაქე, ამიტომ არასრულწლოვნის რეაბილიტაციასა და სოციალურ რეინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა ამოქმედდა 2010 წლის 15 ნოემბერს, 19 ნოემბერს განრიდებულ იქნა პირველი არასრულწლოვანი, თავდაპირველად პროგრამა მოქმედებდა 4 ქალაქში, შემდეგ კი ეტაპობრივად მოხდა მისი გავრცელება სხვა ქალაქებშიც, 2013 წლის აგვისტოდან კი პროგრამა მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში არასრულწლოვანთან მუშაობენ 3 უწყების პროფესიონალები: პროკურორი – რომელიც იღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ. სოციალური მუშაკი – რომელიც ადგენს არასრულწლოვნის ბიო-ფსიქო სოციალურ პორტრეტს, რის საფუძველზეც იგი არჩევს საჭირო სერვისებისა და მოვალეობების ჩამონათვალს, შემდეგ კი ახორციელებს ხელშეკრულების შესრულების მონიტორიგს. მედიატორი – რომლის ძირითადი ფუნქციაა, იმუშაოს არასრულწლოვანთან რათა მან გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების შინაარსი და გულწრფელი ბოდიში მოიხადოს დაზარალებულთან. მედიატორი ასევე მუშაობს დაზრალებულთანაც, რათა მოამზადოს საერთო შეხვედრისათვის (მედიაციის კონფერენციისათვის), სადაც ხდება არასრულწლოვნისა და დაზარალებულის შეხვედრა და შერიგება.

რა ხანგრძლივობით მოქმედებს პროგრამა?

რაც შეეხება პროგრამის მიმდინარეობას და პროცედურებს, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო ეს საკითხი. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, განრიდების გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, რის შემდეგაც იგი არასრულწლოვნის საქმეს სოციალურ მუშაკს გადასცემს. თავის მხრივ, სოციალური მუშაკი არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან შეხვედრების საფუძველზე ადგენს შეფასება-დახასიათებას და განსაზღვრავს, თუ რა კონკრეტული პირობების შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. ამის შემდეგ მხარეებთან შეთანხმებით დგება სამოქალაქო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირი. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს გაეწევა მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე. არასრულწლოვნის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ არასრულწლოვანმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ამ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი არასრულწლოვნის საქმეს კვლავ პროკურორს დაუბრუნებს. ბიჭი პროკურორი კი უფლებამოსილია ხელახლა დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ამ არასრულწლოვნის მიმართ. ასეთი შესაძლებლობის არსებობამ, კარგად უნდა დააფიქროს არასრულწლოვანი და უზრუნველყოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

რა ვალდებულებები ეკისრება არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართულ არასრულწლოვანს?

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია როგორც არასრულწლოვანისათვის, ასევე დაზარალებულისათვის. მას შემდეგ რაც პროკურორი მიიღებს თანხმობას არასრულწლოვნისა და მისი კანონიერი წარმომადგენლისაგან, იგი საქმეს უგზავნის სოციალურ მუშაკს, რომელიც ხვდება არასრულწლოვანს და ადგენს მის ბიო-ფსიქო-სოციალურ პორტრეტს, სწორედ ამ შეფასებისა და არასრულწლოვნის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე სოცილაური მუშაკი და პროკურორი არჩევენ შესაბამის პირობებს ხელშეკრულებისათვის. პირობები განსხვავებულია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, გამოიყენება სერვისები რათა დავეხმაროთ არასრუწლოვანს პროფესიულ განვითარებაში, ასევე გამოიყენება სერვისები არასრულწლოვნის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისათვის, საჭიროების შემთხვევაში არასრულწლოვანს ეკისრება სოციალური ვალდებულებები, ასევე თუ საქმეში არის დაზარალებული, პროფესიონალები მაქსიმალურად ცდილობენ რომ არასრულწლოვანმა თავად, საკუთარი ქმედებით აანზაღაუროს მიყენებული ზიანი და გააკეთოს დაზარალებულისათვის სასარგებლო საქმე.

ის არასრულწლოვნები, რომლებიც ჩადიან ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რამდენად ინტერესით ერთვებიან ამ პროგრამაში?

ამ ეტაპზე პროგრამა ვრცელდება ნაკლებად მძიმე დანაშაულზე და ასევე მძიმე დანაშაულზე, რომელიც ამ კატეგორიაში ხვდება ჯგუფურობის გამო, რაც ნიშნავს, რომ არასრულწლოვანს ეს დანაშაული მარტოს რომ ჩაედინა იგი მოხვდებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიაში. აღნიშნული ცვლილება იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში მისი ამოქმედების შემდეგ შევიდა, პრაქტიკამ და კვლევებმა აჩვენა, რომ არასრულწლოვნები დანაშაულს ხშირად ჯგუფურად ჩადიან, რაც გამოწვეული ამ ასაკობრივი ჯგუფის ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან, შესაბამისად, გადაწყდა, რომ პროგრამა გავრცელებულიყო ამ კატეგორიის მძიმე დანაშაულებზეც.
რაც შეეხება მაჩვენებლებს, 2013 წელს აშკარად შეინიშნება პროკურორების მხრიდან განრიდების პროგრამის აქტიურად გამოყენება, 2013 წელს განრიდებულ იქნა 51% არასრულწლოვნებისა, რომლებიც აკმაყოფილებდნენ განრიდების პროგრამის წინაპირობებს, რაც აშკარა პროგრესია წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით. ასევე პროგრამის განვითარებაში და მის აქტიურად გამოყენებაში დიდი როლი ითამაშა 2013 წლის ბოლოს და 2014 წლის დასაწყისში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის პროექტის დახმარებით ჩატარებულმა ტრენინგებმა, რის ფარგლებშიც საქართველოს ყველა რეგიონში ვიმყოფებოდით და ადგილობრივ პროფესიონალებთან ჩავატარეთ ტრენინგები.

რაც შეეხება თავად არასრულწლოვნების მხრიდან პროგრამაში ჩართვის სურვილს, როგორც უკვე აღვნიშნე, პროგრამა ნებაყოფლობითია და არასრულწლოვანსაც და დაზარალებულსაც პროცესის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ უარი თქვამ მასში მონაწილეობაზე, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ერთეული გამონაკლისების გარდა, არასრულწლოვნების და მათი კანონიერი წარმომადგენლდების მხრიდან, დღემდე არ ყოფილა პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის შემთხვევები.

როგორია პროგრამაში ჩართული არასწულწლოვნების მხრიდან განმეორებით დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა?

ამ მხრივ შესაძლებელია ითქვას, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გაქვს. დღეისათვის განრიდებულია 600–მდე არასრულწლოვანი და აქედან განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა მხოლოდ 24–მა, რაც ნიშნავს, რომ განმეორებითი დანაშაულის მაჩვენებელი 4%-ს უტოლდება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით პროგრამა წარმატებულად ითვლება თუ ეს მაჩვენებელი 25%-ს არ აღემატება, ჩვენს შემთხვევაში კი ეს 4%-ია. სამომავლოდ მაჩვენებლის გაზრდა მოსალოდნელია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ზრდა მცირე იქნება, რაც ნორმალურიცაა, პროგრამა ახალია და საბოლოო შედეგების დათვლაც ჯერ ნაადრევია.

რისი გაკეთება შეუძლია თითოეულ მოქალაქეს პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისათვის?

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია პროგრამისათვის, ყველა ერთად უნდა დავუდგეთ თითოეულ არასრულწლოვანს გვერდით, რათა მან გააცნობიეროს თავისი ქმედება და მიხვედეს, რომ ამ ქმედებამ სხვა მოქალაქეს და საზოგადოებას ზიანი მოუტანა, რაც თავის მხრივ იმის გარანტი იქნება რომ არასრულწლოვანი დანაშაულს აღარ ჩაიდენს.

ხშირად ბავშვები დანაშაულს გაუცნობიერებლად სჩადიან და ვერც შედეგებს აანალიზებენ, რაშიც ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის მხრიდან მედიაციის პროცესში ჩართვა, რაც სასიკეთოდ აისახება არასრულწლოვნის მომავალ განვითარებაზე.

ხშირად დაზარალებულები დროის უქონლობისა თუ სიზარმაცის გამო უარს ამბობენ პროგრამაში ჩართვაზე, რაც მართლაია არ აფერხებს განრიდებას, თუმცა ამ შემთხვევაში აღარ ხდება მედიაცია, რაც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს არასრულწლოვანის მიერ დანაშაულის გააზრებაზე. მედიაციის კონფერენციაზე არასრულწლოვანი და დაზარალებული გულწრფელად საუბრობენ მომხდარ ფაქტზე და უყვებიან ერთმანეთს იმ ემოციების შესახებ რაც დანაშაულის ჩადენის მომენტში განიცადეს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მედიაციის კონფერენციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის გააზრებისათვის და შემდგომში განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებისათვის.

თეონა ნოზაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები