მთავარისაზოგადოებაარამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოში

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საქართველოში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისა და საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მკვლევართა ჯგუფის ერთობლივი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტში უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებთან და სტუდენტებთან (24.06.2013). შეხვედრის მიზანი გახლდათ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებისა და სტუდენტების ინფორმირება საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით გაწეული სამუშაოს, ასევე, ჩატარებული მიზნობრივი ინვენტარიზაციების შესახებ.

UNESCO-ს 2003 წლის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ კონვენციის განმარტებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებულ ენასა და დიალექტებს, ადათ–წესებს, ცოდნასა და გამოცდილებას. ასევე, მათთან დაკავშირებულ ინსტრუმენტებს, საგნებს, არტეფაქტებსა და კულტურულ სივრცეებს. აღნიშნულ კონვენციას საქართველო 2008 წლის დასაწყისში შეუერთდა. საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მართვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

როზეტა გუჯეჯიანი (ისტორიის დოქტორი, პროფესორი): „მოგეხსენებათ, დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში გაქრობის საფრთხის წინაშე დგას სხვადასხვა წმინდა ეთნიკური კულტურის ნაირსახეობანი, რომელთაგანაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი კულტურა. ეს მოიცავს ხალხურ დღესასწაულებს, სხვადასხვა რიტუალს, წარმოდგენებს. ამასთან აქტიურადაა დაკავშირებული ქართული ეთნო–მუსიკალური მემკვიდრეობა, რომელიც ყოველთვის სარიტუალო პრაქტიკის ნაწილი გახლდათ. ამავე კონტექსტში განიხილება ქართული ჩვეულებითი სამართალი, რომელიც ქართული სახელმწიფო სამართლის უშუალო გაგრძელებაა და 1801 წლიდან აღარ არსებობს საქართველოში. ამიტომ მას შემდეგ აქტუალიზირდება ქართული ჩვეულებითი სამართალი. ვგეგმავთ, შემდგომი პროექტი სწორედ ქართულ ჩვეულებით სამართალს მიეძღვნას.

ჩვეულებითი სამართალი – ეს გახლავთ ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში შემუშავებული ეროვნული სამართალი. მოგეხსენებათ, 1801 წლამდე საქართველოში არსებობდა ქართული სახელმწიფო სამართალი, რომლის უძველესი ძეგლები მეშვიდე, მერვე, მეცხრე საუკუნეების ჩანართების სახით არის შემონახული, შემდგომ უკვე დასრულებული რამდენიმე სამართალი მოგვეპოვება, რომელთა შემაჯამებელ სახეობას ვახტანგ მეექვსის სამართალი წარმოადგენდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართული სახელმწიფო და ქართული სამართლებრივი სისტემა გააუქმა, ამის შემდეგ სახელმწიფო სამართლის ამა თუ იმ ნორმამ, რომელიც ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო ქართველებისათვის, რითაც ისინი თავის ყოფა–ცხოვრებას აწესრიგებდნენ, არალეგიტიმურ ფაზაში გადაინაცვლა, ანუ ის შემორჩა ხალხის მეხსიერებას და სწორედ ამ ისტორიული მეხსიერების აქტუალიზირებით მოვიდა დღევანდელ დღემდე. მან არსებობა საბჭოთა პერიოდშიც გააგრძელა. ცარიზმისა და საბჭოთა პერიოდშიც ოფიციალური სახელმწიფო ჯერ ცარისტული და შემდგომ საბჭოური სამართლის პარალელურად საქართველოს მთიანეთში ნებისმიერი კრიმინალური შემთხვევა განიხილებოდა ქართული ხალხური სამართლით. მხოლოდ იმ სამართლის აღსრულების შემდგომ ითვლებოდა დანაშაული ამოწურულად, ბრალმდებელი დაკმაყოფილებულად, ბრალდებული კი დასჯილად. ეს ძალიან საინტერესო ნორმაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მასში შერწყმულია კანონიკური სამართლიდან მომდინარე უამრავი ნორმა, როგორიც იყო მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, ანუ საერო სამართალი კანონიკურ სამართალთან ერთად არსებობდა, რამაც შემდგომ ჩვენს ხალხურ ჩვეულებით სამართალშიც ჰპოვა ასახვა.

ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანი, ეროვნული საქმეა აღნიშნული პროექტი. იგი ემსახურება თვითმყოფადი ქართული ეთნიკური კულტურის გადარჩენას ადგილებზე. მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალ, მოქმედ ელემენტებს აფიქსირებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია. მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაცოცხლება და ქართული, ტრადიციული ცხოვრების წესის შენარჩუნება“.

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ტესტირების მიზნით, 2012 წელს მოეწყო ატენის ხეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პილოტური ინვენტარიზაცია. გამოვლინდა 120–ზე მეტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში. მიმდინარეობს მათთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურა.

ამავე წელს განხორციელდა დარგობრივი საპილოტე ინვენტარიზაცია, ჩატარდა ქართული ტექსტილისა და ეროვნული კოსტიუმის ინვენტარიზაცია. გამოვლენილმა მასალამ 150 ელემენტს გადააჭარბა.

მოპოვებული მასალა საფუძველს იძლევა, შემუშავდეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა, სტრატეგიული გეგმა და მენეჯმენტის პრინციპები.

ქეთი ჭელიძე

1 COMMENT

  1. ხალხური დღესასწაულები არა ქრისტიანობის პერიოდიდან იწყება, არამედ ძველი წელთაღიცხვის 2 ატასწლულიდან სულ ცოტა. იუნესკოს ეგიდით მკოპოვებულ პროექტს უფრო მეტი მასშტაბურება უნდა ახასაითებდეს. ეს კი სულ ცოტა ქარტული კულტურის ერთი მონაკვეთია. ამდენი არქეოლოგიური მასალის გამოვლენიუს შემდგომ, თუნდაც 1970 წლისად საქრთველოს ისტორიის ნარკვევების პირველ ტომშია გაწერილი- საკმარისი არ აღმოჩნდა პროქტის შერჩევის თვალსაზრისით?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები