მთავარი » ქრისტიანობა

მერვე მცნება – “არა იპარო”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.10.2015 | 1,900 ნახვა

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: “სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ათი მცნების შესახებ.

წინა საუბარში ვისაუბრეთ მეშვიდე მცნების შესახებ და აღვნიშნეთ, თუ როგორ მომაკვდინებლად მოქმედებს ადამიანზე მრუშობის ცოდვა, მამა დიონისერომელიც ადამიანის გულს აბინძურებს. მერვე მცნება ქურდობას ეხება; უფალი ასეთ მცნებას გვაძლევს: “არა იპარო”(გამ. 20,15).

ეს მოკლე განწესება ბუნებრივია, სხვა ყველა დანარჩენი მცნებების მსგავსად, ბევრის მომცველია თავის თავში. განვიხილოთ ამ მცნების მნიშვნელობა, რადგან ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ქურდობა არც ისე მძიმე ცოდვაა და არც თუ იშვიათად ამართლებენ კიდეც ასეთ ქმედებას.

პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ წმიდა წერილში ათი მცნების გარდა სხვა ადგილებშიც გვხვდება „არა იპაროს” შინაარსის მოწოდებები და მცნებები. გავიხსენოთ იესო ქრისტეს სიტყვები: „გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცისკვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი” (მთ. 15,19). ამ ცოდვათა ჩამონათვალში ერთ-ერთი ადგილი უჭირავს პარვას, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა საქმით არ აღვასრულებდეთ ქურდობას, მაგრამ გულში გვქონდეს ამის განზრახვა. ეს რაში გამოიხატება? აი, მაგალითად, როდესაც ჩვენი ახლობელი რაიმე ახალს და ძვირფასს შეიძენს, იმ წუთას გვიჩნდება სურვილი, რომ ჩვენს საკუთრებაშიც გვქონდეს მსგავსი რამ. ხოლო თუ ამგვარი ფიქრი გამიჩნდება, მაშინ გარკვეულწილად მწუხარებამაც შეიძლება მომიცვას, რადგან მსგავსი ქონება ჯერ არ გამაჩნია; ანუ შეგვიპყრობს შური. თუ ასე დაგვემართა, მაშინ პოტენციური ქურდები ვართ, რამეთუ ღმერთისა და კანონის შიში გვაფრთხობს, თორემ არც ქმედებაზე ვიტყოდით უარს.

წმიდა წერილიდან მოვიშველიოთ ასევე „სიბრძნე ზირაქისას” სიტყვები: „აღმაშენებელი სახლისა თვისისა უცხოთა საქონლითა, ვითარცა შემკრებელი ქვათა საფლავსა ზედა თვისად”(ზირ. 21,9). ანუ თუკი ადამიანი სახლს სხვისგან მი- ტაცებული ქონებით აშენებს, ის ფაქტიურად ქვებს აგროვებს საკუთარი საფლავისთვისო, რადგან ის უკვე სულიერად მკვდარია.

ასევე, წმიდა პავლე მოციქულს მომაკვდინებელი ვნებების ჩამონათვალში შეჰყავს ქურდობის ცოდვა: „არა უწყითა, რამეთუ ცრუთა სასუფეველი ვერ დაიმკვიდრონ? ნუ სცდებით: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგაჰრთა, არცა მპარავთა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ”(1კორ. 6, 9-10).

როგორც ვხედავთ, ქურდი და მპარავი ადამიანი ვერ შევა ზეციურ სასუფეველში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქურდობა თავის თავში კიდევ ორ მომაკვდინებელ ცოდვას, – სიცრუეს და უსიყვარულობას, – მოიცავს. ვინც იპარავს, ის ყოველთვის იტყუება. ჩვენ ალბათ იშვიათად თუ გაგვახსენდება შემთხვევა, რომ ვინმეს რაიმე მოეპაროს და მერე თავისი ნებით ეს დანაშაული ეღიარებინოს. აღიარება, ბუნებრივია, ადამიანებს არ სურთ, რადგან მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად აღასრულებენ ამგვარ ქმედებებს და სინანულიც ნაკლებად აქვთ. ანუ ქურდობა და სიცრუე ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. ამ ყოველივეს კი ორპირობა და ფლიდობა ერთვის ზედ, რამეთუ ხშირად მომავალ მსხვერპლს თვალებში უცქერს, როგორც კეთილმოსურნე; სინამდვილეში კი უკვე დიდი მზაკვრობა აქვს გამზადებული, ან აღსრულებული. ასე რომ, მპარავი ადამიანი ყალიბდება ცრუ ადამიანად და მისი ნდობა შეუძლებელი ხდება.

თუმცა არც ამით შემოიფარგლება ქურდობის ცოდვა და როგორც აღვნიშნეთ, უსიყვარულობასაც მოიცავს. ვინაიდან, გაძარცვულ ადამიანს უდიდესი ტრამვის გადატანა უწევს. ადვილი ხომ არ არის შრომითა და ბრძოლით მოპოვებული ქონების, ნივთის ან რაიმე ფასეულის უგზოუკვლოდ გაქრობა! მოპარვა მატერიალურთან ერთად დიდ სულიერ დარტყმასაც აყენებს გაძარცვულ ადამიანს. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ქურდს დიდი უსიყვარულობა და მტრობა ჩაუდია გულში საკუთარი მსხვერპლისადმი.

ზოგჯერ ქურდობას იმ მოტივით ამართლებენ, რომ უსამართლოდ და უშრომელად მოპოვებული ქონება ჯობია გლახაკებმა მიიღონო. ნუ დაგვავიწყდება, არსებობს ღვთაებრივი მსჯავრი და ჩვენ არ გვაქვს მის მაგივრად მსჯავრის გამოტანის უფლება.

ქურდობის ვნებამ ისეთივე სახით შეიძლება დაიმონოს ადამიანი, როგორც მემთვრალეობამ, ნარკომანიამ, ან აზარტულმა თამაშებმა. ამიტომ ძალიან უძნელდებათ ქურდობისთვის თავის დანებება; ხშირად ჩვევის გამო იპარავენ და არა რაიმე აუცილებელი საჭიროებისათვის. ეს თავად მათ უამბნიათ ჩვენთვის. აი, მაგალითად, ოჯახებში სტუმრად ყოფნისას, ათვალიერებენ, თუ რა შეიძლება ხელს გააყოლონ და აღასრულებენ კიდეც ამას. ასე რომ, ძალიან მძიმე დანაშაულია ქურდობა და ურთულესია მისი აღმოფხვრა. ამავდროულად, მპარავი ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშ და საზიანო პიროვნებად ყალიბდება.

ახლა პარვის და ქურდობის სახეობებზე ვისაუბროთ, რადგან მარტოოდენ სხვისი სახლის გაძარცვა, ან ნივთის მითვისება როდია ქურდობა. არსებობს გარკვეული ჩამონათვალი, რომელსაც მცირე კომენტარებს დავურთავთ. ქურდობის გამოვლინებაა, როდესაც ყალბ ფულს მოიხმარენ, კარგი საგნის მაგივრად ცუდს შეაპარებენ, რაიმე ხელშეკრულებას, ან პირობას არღვევენ. ასევე ქურდობაა თაღლითობაც, როდესაც ძალაუფლებას ბოროტად და სხვის საზიანოდ იყენებს ადამიანი; მექრთამეობა, ხელქვეითისაგან ქრთამის აღება და არაპროფესიონალთა დაწინაურება ღირსეული მოსამსახურის წილ; ეკლესიისადმი შეწირული ნივთის, ან ფულადი დახმარების არამიზნობრივად გამოყენება. მევახშეობა, პროცენტიანი ვალის გაცემა პიროვნების მხრიდან.

ასევე ცალკეულად აღნიშვნის ღირსია ჩვენთვის ღრმად ფესვებგადგმული – სახელმწიფოსაგან მოპარვის ჩვევა; კომუნიზმის დროს ეს ჩვეულებრივ მოვლენად იყო მიჩნეული და სახელმწიფო მოხელეები სახელმწიფოსგან, – გააჩნია რა სფეროში იყვნენ, – ჩვეულებრივ მიითვისებდნენ ხოლმე სხვადასხვა ქონებას. მართალია, ამგვარი გამოხატულება დღეს ბევრად შეზღუდულია, მაგრამ მაინც ბოლომდე ჯერ თავი ვერ დაგვიღწევია. ვცდილობთ ხოლმე, რომ სადაც ვმსახურობთ, იქიდან ხელფასის გარდა დამატებით რაიმე ხეირი ვნახოთ. ესეც, რა თქმა უნდა, ამ მცნების დარღვევაა და ვერანაირად გაგვამართლებს ის, რომ თითქოს არავის არაფერს არ ვაკლებთ. ბუნებრივია, ის მაინც ყველა შემთხვევაში სახელმწიფოსადმი ქურდობაა და სახელმწიფოში კი ადამიანები – ჩვენი მოქალაქეები იგულისხმებიან. სახელმწიფოს მიზანი ადამიანისადმი მსახურებაა. ჩვენი მითვისებული ერთი ნივთიც ვიღაცისთვისაა განკუთვნილი და მისი აღება, ბუნებრივია, ქურდობაა. ამიტომ, დროა ცოდვისგან თავის არიდებასთან ერთად, სახელმწიფოებრივი აზროვნებაც ვისწავლოთ, თორემ, ხომ ხედავთ, ვერ აგვიშენებია ჩვენი ქვეყანა.

ახლა შემდეგი სახის საკითხი განვიხილოთ. ვთქვათ ვიპოვეთ რაიმე ნივთი, შეგვიძლია თუ არა მისი მითვისება? როგორც წმიდა მამები გვარიგებენ, სხვისი ნივთის მითვისების უფლება არ გვაქვს. პირველ რიგში, გულდასმით უნდა მოვიძიოთ შესაძლო პატრონი, თუ ვერ ვიპოვნით, მაშინ ან გაჭირვებულს უნდა გადავცეთ ეს ნივთი, ან ეკლესიას უნდა შესწიროთ. ნაპოვნი ნივთი ღვთის წყალობის გამოვლინებაა, ამიტომ წყალობისთვისვე უნდა გამოვიყენოთ. ხოლო თუ ჩვენ ვართ ყველაზე გაჭირვებული, მაშინ ჩვენი ყოფილა, თუმცა სხვა გაჭირვებულსაც აუცილებლად უნდა გავუზიაროთ.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მდიდარი ადამიანის მდგომარეობაც ახლოს დგას ქურდობასთან. შეიძლება, მკაცრად მოგვეჩვენოს ეს გამონათქვამი, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით ამ მცნების განმარტებას, ვნახავთ, რომ სახარებისეული სულისკვეთებით სწორედ ასეა. დავიწყოთ იმით, რომ ქრისტე გვეუბნება: „ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე! უადვილეს არს აქლემი ხურელსა ნემსისასა განსვლად, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა”(ლკ. 18,24-25). ეს სიტყვები ფრიად დამაფიქრებელია. სხვაგან მაცხოვარი გვასწავლის: „რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი. და რომელი წარგიქცევდეს შენ მილიონ ერთ, მივლე მის თანა ორიცა. და რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარემიიქცევი”(მთ. 6,40-42).

ამ ყოველივეს კიდევ ერთი სახარებისეული იგავი დავურთოთ. ერთ მდიდარ კაცს შემოდგომაზე იმდენად დიდი მოსავალი მოუვიდა, რომ შესაბამისი სათავსო ვეღარ მოიძია. ხოლო იმის მაგივრად, რომ მოყვასისთვის ხელი გაემართა, დაანგრია ძველი სათავსოები და ახლის შენება წამოიწყო. ამაზე ზრუნვაში ჩართულს ღმერთი გამოეცხადება და ეტყვის, რომ დღეს შენ ჩემთან უნდა წაგიყვანოო. ასეთი მდიდარი ადამიანი ღმერთის წინაშე წარდგომისას სრულიად გლახაკად წარმოჩინდება. სიმდიდრეს აქედან ვერ წაიღებს, ხოლო კეთილი საქმენი ნაკლებად აქვს გაკეთებული. ამდენად, სიმდიდრისმოყვარეობა იმდენად დიდი საცდური არის ადამიანთათვის, რომ გვავიწყდება გვერდში მდგომი ადამიანი. ასე რომ, თავად სიმდიდრე ღვთისგან ბოძებული წყალობაა და არა ქურდობის ტოლფასი, ხოლო სიმდიდრისმოყვარეობა და ვერცხლისმოყვარეობა უკვე “არა იპაროს” საწინააღმდეგო მდგომარეობაა. ვისაც სიმდიდრე აქვს და გაჭირვებულს არ ეხმარება, ვინც სასოობს ქონებითა და ნივთებით, არ არის ჭეშმარიტი ქრისტიანი.
მაგრამ, ნუ ვიფიქრებთ, მოყვასის მიმართ თანადგომის გაუწევლობა მპარაობად მარტოოდენ მდიდარ ადამიანს ჩაეთვლება. ჩვენ აქ მყოფთ, რომელთაც დიდი სიმდიდრე არ გაგვაჩნია, ასევე მოგვეთხოვება შეწევნა და დახმარება მოყვასისა;

მათ მიმართ, ვისაც ელემენტალური საარსებო საშუალება არ გააჩნიათ. განა მდიდარზე უკეთესი რითი ვარ, როდესაც ბევრ გაჭირვებულზე ბევრად მეტი მაქვს, მაგრამ არავისთვის არაფერი მემეტება. ასე რომ, ბუნებრივია, მარტო სიმდიდრე ვერ გახდება დამღუპველი, თუკი ჯეროვნად მოვიხმართ მას, არამედ
– სიმდიდრისმოყვარეობა, რომელიც ფაქტიურად ქურდობასთან და პარვასთან არის გაიგივებული.

თუკი ზემოთ ნათქვამს გავითვალისწინებთ და გონიერებას გამოვიჩენთ, ნათელი გახდება, რომ უმოწყალობა დიდი დანაშაულია. ამიტომ უნდა ვისწავლოთ და შევიძინოთ მოწყალება. თუკი სხვის ქონებას არ ვიტაცებ და არ ვძარცვავ, ეს ჯერ კიდევ სათნოება როდია. ეს რაღაც ნეიტრალურ, გულგრილ და სულიერად უსარგებლო მდგომარეობას ჰგავს. ამიტომ ჩვენს თავში უნდა აღმოვაცენოთ „არა იპაროს” საპირისპირო შეგრძნება და განწყობილება, რათა ღირსეულ ქრისტიანებს დავემსგავსოთ. სამწუხაროდ, ჯერ ეს თვისებები ნაკლებად გაგვაჩნია და სხვათა შორის, ამის გამო საფუძვლიანად გვაკრიტიკებენ ხოლმე. გამკრიტიკებლები ამბობენ, რომ ეკლესიებს ამკობთ მრავალგვარი ძვირფასი მოსართავებით, ძვირადღირებული მანქანებით დადიხართ და გაჭირვებულებს არ ეხმარებითო და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ მარტო სასულიერო პირებისადმი განკუთვნილი კრიტიკა არის ზოგიერთ შემთხვევაში სამართლიანი, იგივე ითქმის მრევლზეც. აი, თუნდაც ჩვენი ეკლესიის მრევლი, ვერ ვიჩენთ ერთმანეთის მიმართ სათანადო ყურადღებას. ხომ გვყავს მრევლის გაჭირვებული წევრები, ან ახლობლები?! მათ ხომ სჭირდებათ ხელის გამართვა და გვერდში დგომა?! აქვე ავღნიშნავთ: ხშირად პროტესტანტული ეკლესიები საქველმოქმედო საქმიანობას მიზნობრივად იყენებენ; ბევრ გაჭირვებულ ადამიანს, რომ იტყვიან, შთანთქავენ ხოლმე. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ქრისტეს ეკლესიის დანიშნულება მაინც და მაინც იმაში როდი გამოიხატება, რომ ქველმოქმედებაზე იყოს მთლიანად ორიენტირებული. ეს ჩვენს მაკრიტიკებლებს ეშლებათ და ასე ჰგონიათ, რომ ეკლესიის დანიშნულება მიწიერი კეთილდღეობისა და მიწიერი ქველმოქმედების გამოხატვაში მდგომარეობს. თუმცა ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა კი გახლავთ ცალკეული ქრისტიანი, თუ ზოგადად ქრისტიანული საზოგადოების მხრიდან, რამეთუ ჩვენ ერთმანეთის ტვირთი უნდა ვიტვირთოთ.

გავიხსენოთ პირველი ქრისტიანები და თავდაპირველი ეკლესიის მოწყობა. მაშინ ყოველი, ვინც კი ქრისტეს სახელით მოინათლებოდა, მთლიან ქონებას მოციქულებს აბარებდა და ეს უკანასკნელნი თანაბრად უნაწილებდნენ მთელ საქრისტიანოს და ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს. როდესაც ქრისტიანთა რაოდენობა გაიზარდა, მოციქულებმა შვიდი დიაკვანი გამოარჩიეს და მათ ანდეს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობის გაგრძელება. თავად ეს ფაქტი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანთა სულიერად დაპურება ბევრად მნიშვნელოვანი იყო მოციქულთათვის, ვიდრე მატერიალური დახმარება და შეწევნა. თუმცა არც ამ საქმიანობაზე აუღიათ ხელი. ასე რომ, ძალიან დიდი როლი და ადგილი ეკავა ქველმოქმედებას პირველ საუკუნეებში.

იგივე სურათი გვხვდება შემდგომ საუკუნეებშიც. ფაქტობრივად, ეკლესია ყოველთვის ითავისებდა გლახაკებზე და მზრუნველობამოკლებულ ადამიანებზე პასუხისმგებლობას. მრავალი სახის მზრუნველობითი სახლები და დაწესებულებები არსებობდა. მაგრამ დღეს, როდესაც ეკლესია ჯერ კიდევ არ არის მოძლიერებული მატერიალურად, რაც განსაკუთრებით შეიმჩნევა რეგიონებში, ყველა ტაძარი ვერ ახერხებს საქველმოქმედო საქმიანობის წარმართვას. ეს საწყენია, თუმცა მწარე რეალობაა.

ასე რომ, როგორც ვხედავთ, მრავალი გამოვლინება აქვს მერვე მცნებას და მარტოოდენ სიტყვასიტყვით არ უნდა გავიგოთ ის. საბოლოო ჯამში, წმიდა მამები მძარცველ ადამიანს მას ამსგავსებენ, ვინც საცერით ხაპავს წყალს. რამეთუ, იმდენად, არამართებულად ცდილობს საარსებო საშუალების მოპოვებას თუ კეთილდღეობისა და მატერიალური დოვლათის შექმნას, რომ, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, არც მარადიულ სამყოფელში და არც მიწიერ ცხოვრებაში იგი უფლისგან წყალობას ვერ მიიღებს.

უფალმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ! თავისი მადლი არ მოგაკლოთ!”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი