13 ივლისი 2024, შაბათი

“არა იპარო”

“ქურდობის ცოდვამ იუდა საკუთარი მოძღვრის გაყიდვამდე მიიყვანა…”

“იქნებ თქვენ შორის არ არის პროფესიონალი ქურდი, ყაჩაღი და თაღლითი, მაგრამ ისეთები კი ნამდვილად არიან, რომელთაც თუნდაც მცირედი მიუთვისებიათ იმისა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. ყოველივე ეს იგივე ქურდობაა,” – არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი).

დეკანოზი დავით დათუაშვილი ერთ-ერთი ცოდვა, რომელიც სასუფეველს გვაშორებს უფლის მიერ დადგენილ მცნებათა შორის, მერვეა – არა იპარო. უფლისათვის ქურდობის ყოველგვარი სახე მიუღებელია.

ადამიანებს სრულებით არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ მოპარული ფულით რაიმეს გააკეთებენ. ამ ფულით ვერ შეძლებენ სიხარულის მოპოვებას. უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ამ ცოდვის მატარებელ ოჯახში უბედურებები, ავადმყოფობა, ტანჯვა, გაღატაკება იწყება.…

დეკანოზი დავით დათუაშვილი (წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამღვარი): “სინას მთაზე ასულ მოსეს უფალმა ათი მცნება მისცა და გამოყო ის ძირითადი ცოდვები, რითაც ადამიანი ეცემა. მათ შორი განსაკუთრებულად ხაზგასმულია ქურდობის ცოდვა.
ქურდობის ცოდვით დაცემა ადამიანს ისტორიულად მოჰყვება. რაც არ გეკუთვნის და დაისაკუთრებ მოპარვით, ან რაიმე ხერხებით, სწორედ ქურდობის ცოდვად გეთვლება.

ქურდობის ცოდვას ერთ-ერთი უმძიმესი გავლენა აქვს ადამიანებზე. ვინც ამ ცოდვასაა დაქვემდებარებული და ამით ეცემა, მისი სულიერი მდგომარეობა განსაკუთრებულად საშიშია. მას უფალთან შეხების წერტილები აღარ აქვს.

ერთ-ერთი გამორჩეული, სახოვანი ქურდობის ცოდვით დაცემა იუდა ისკარიოტელის მიერ ჩადენილი ცოდვა გახლავთ. ვიცით, რომ მას გვადრუცი ებარა, რაშიც შესაწირი ფული გროვდებოდა. ხშირ შემთხვევაში გვადრუციდან იუდა იპარავდა იმ ფულს, შესაწირს, რომელიც ყველას ეკუთვნოდა, რათა გამოეყენებინათ საკვების, ან გადაადგილებისათვის. სამწუხაროდ, იუდა ქურდობის ცოდვამ მიიყვანა დაცემამდე და 30 ვერცხლად თავისი მოძღვარი იესო ქრისტე გაყიდა.

ამ ცოდვის შესახებ არ შეიძლება მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ადამიანს შეეშალა, ცოდვა ჩაიდინა. ეს არ გახლავთ შესახედად მარტივი საქმე, რადგან ქურდობის ცოდვა ადამიანში ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, ის ხდება ცბიერი,მზაკვარი, ადამიანების მიმართ სრული მატყუარა, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიპარავს.

როდესაც ქურდობის ცოდვაზე ვსაუბრობთ, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ადამიანს მხოლოდ ეს ცოდვა ახასიათებს. მთელი ცოდვათა ჯაჭვი შეიძლება იყოს ამის უკან დაფარული.

ქურდობის ცოდვით დაცემულ ადამიანს კიდევ ერთი ნიშან-თვისება გააჩნია: თვალებში თუ ჩავხედავთ, დავინახავთ მის არეულ გამომეტყველებას. ნათქვამია, თვალი სულის სარკეა. თუ ადამიანში გულწრფელობა, მოყვასისადმი სიყვარულია და არა – ქურდობის ზაკვა ის ყოველთვის ალალ-მართლად იყურება, გულით, მთელი თავისი სულითა და გონებით. ხოლო როცა მასში ქურდობის ცოდვაა გამეფებული, მუდამ თვალებს აცეცებს, თვალს ვერ გვისწორებს, რადგან შინაგანად კარგად იცის,მატყუარა, ცბიერი, მზაკვარია და შეუძლია ადამიანების მოტყუება.

როდესაც ადამიანი თავს იმართლებს ნებისმიერი ცოდვის ჩადენის გამო – ქურდობა იქნება ეს თუ მრუშობა, კაცის კვლა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, მან კარგად იცის, რომ ცოდვა ჩაიდინა და ეს არ არის ნორმალური და კარგი საქციელი, სცოდავს როგორც ადამიანების, ისე ღვთის წინაშე, მაგრამ მასში ამპარტავნების ცოდვა იწვევს იმას, რომ გაიმართლოს საკუთარი თავი და სხვის თვალში მოიპოვოს კომპენსაცია, იპოვოს საყრდენი წერტილი იმისა, გაამართლოს მის მიერ ჩადენილი ცოდვა.

თავის მართლება ამპარტავნებაა, ხიბლისკენ მიმავალი გზა. ამპარტავნება კი ცოდვათა დედაა. ამ ცოდვით დაცემული ადამიანი, თავისთავად, ყოველთვის შეეცდება, სხვაზე უკეთესად წარმოაჩინოს საკუთარი თავი.

ანუ სახარებისეულ მცნებას – ეძიე შენს თვალში ნაფოტი და მერე ამოიღე სხვისი ბეწვი, – თავისი საქციელით უარჰყოფს.

ყურადღება მინდა გავამახვილო აგრეთვე ე.წ. კანონიერი ქურდის მცნებაზე.
საბჭოთა კავშირის პერიოდში, და არა მარტო მაშინ, როდესაც მეფის რუსეთი არსებობდა, საიდუმლო პოლიციამ კანონიერი ქურდის მცნება შემოიღო და სხვათა შორის, ეს მკვიდრდებოდა სხვადასხვა მეთოდებით, რადგან ამ რეჟიმებს ახასიათებდა ადამაინების დათრგუნვა. ფაქტობრივად, დიქტატორული რეჟიმები იყო, არ არსებობდა დემოკრატიული საზოგადოება და თავისთავად ციხის მართვა შიგნიდან უნდა მომხდარიყო. კანონიერი ქურდი გარკვეული წესებით, რაც, ასე ვთქავთ, ჩამოყალიბებული გახლდათ ქურდული მცნებების მიხედვით და როგორც ციხის უფროსს, ან საიდუმლო პოლიციეს აწყობდა, “წესრიგს” ამყარებდა. ამან შემდგომში ძალიან ცუდი ფორმები მიიღო. გვახსოვს რამდენიმე ათეული წლის წინ როგორ მუშაობდა ეს მენტალიტეტი, კერძოდ, საქართველოში, როდესაც ადამიანები გარკვეული პრობლემის გადასაჭრელად ე. წ. კანონიერ ქურდებთან მიდიოდნენ, მათთან ხდებობდა ამ საქმეების გარჩევა, მართლისა და მტყუანის დადგენა და სამწუხაროდ, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც გარკვეული საფასურის გადახდით მტყუანი ადამიანი მართლდებოდა.

ეს, თავისთავად, მანკიერი მოვლენა იყო და ღვთის წყალობით, ადამიანებმა გააცნობიერეს ამ მანკიერი ცხოვრების უარყოფითი თვისებები და დღესდღეობით ქურდული ავტორიტეტები აღარ არიან.

ძალიან კარგია, როდესაც ადამიანები მიდიან სასამართლოში და იქ ცდილობენ გადაწყვიტონ თავისი პრობლემები, თუმცაღა აქაც გაგვაჩნია გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ, იმედია, რომ დემოკრატიული საზოგადოება განვითარდება, მით უმეტეს, რომ სახარება გვასწავლის სიმართლის თქმას, სამართლიანობას და თუ ამ მცნებებით იცხოვრებს საზოგადიოება, მიაღწევს იმ შედეგებს, რასაც ჩვენ იდეაში ვგულისხმობთ, ანუ დემოკრატიულ საზოგადოებას, თანაბარუფლებიანობას, სრულუფლებიანწევრობას“.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. ძალიან კარგადაა ახსნილი თუ რა დიდი ცოდვაა ქირდობა და საერთოდ ქურდობის არსი. დიდი მადლობა.

  2. ქურდული მენტალიტეტის შესახებ ძალიან კარგად და საინტერესოდ საუბრობს მამა დავითი. დიდი მადლობა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები