მთავარიქრისტიანობაანგელოზთა შესახებ

ანგელოზთა შესახებ

წმინდა დიონისე არეოპაგელის თქმით: „ღვთისმეტყველებამ ცხრა გამოცხადებითი სახელი განუჩინა ყველა ციურ არსებას“, ანუ ცხრა დასად დაყო ისინი. ესენია: სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. წმინდა მამის ანგელოლოგია საღვთო სწავლებად შერაცხა ეკლესიამ. ამის თვალნათლივი ნიმუშია VIII ს-ის უდიდესი ძეგლი, წმინდა იოანე დამასკელის ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა, სადაც ვკითხულობთ: „როგორც ამბობს უწმინდესი, უსამღვდელოესი და უღვთისმეტყველესი დიონისე არეოპაგელი, მთელმა ღვთისმეტყველებამ, ანუ საღვთო წერილმა, ციური არსებები ცხრად დაასახელა, რასაც ეს საღვთო მღვდელმესრულე სამ-სამობით მწყობრად განყოფს. მისი თქმით, პირველი არის ის, რომელიც მარადის ღვთის გარშემოა და, გადმოცემისებრ, უახლოესად და უშუალოდ შეერთებულია მასთან. ესაა ექვსფრთიანი სერაფიმების, მრავალთვალა ქერუბიმებისა და უწმინდეს საყდართა მწყობრი; მეორეა უფლებათა, ძალთა და ხელმწიფებათა მწყობრი, ხოლო მესამე და დამაბოლოებელი – მთავრობათა, მთავარანგელოზთა და ანგელოზთა მწყობრი“.

ლიტურგიკული საკითხავები ამგვარად ეხმიანებიან ანგელოზთა ცხრა დასს:

„ექვს-ფრთენი სერაფიმნი, მრავალთვალნი ხერუვიმნი, ყოვლად-მაღალთა თანა საყდართა გარემოს შენსა მდგომარე არიან და ზიარ ყოვლადძლიერისა მცხინვარებისა შენისა უშუამდგომელოდ, ხოლო უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი და ძალნი საღმრთონი აქებენ დიდებასა შენსა ყოვლისმპყრობელო და ჩვენთვის გევედრებიან შენ“.

„ქერუბიმნი და სერაფიმნი მრავალ-თვალნი, და მთავარანგელოზნი მსახურნი მხედრობანი, საყდარნი ხელმწიფებათა თანა, უფლებანი, ანგელოზნი, ძალნი და მთავრობანი გევედრებიან შენ შემოქმედსა ღმერთსა ჩვენსა და მეუფესა, რათა არა უგულებელს-ჰყო ვედრება ერისა შეცოდებულისა, უფალო მრავალმოწყალე“.

„ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, საყდარნი, უფლებანი და ხელმწიფებანი, მთავრობანი, ძალნი, ქერუბიმ-სერაფიმნი ღმრთისმშობელისა თანა მეოხ გვეყვენით წინაშე ღმრთისა”.

მასალა მოამზადა გიორგი მეტრეველმა

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები