ანაკლია ზუგდიდის რაიონში ერთ-ერთი სახელგანთქმული სოფელია, ცენტრიდან იგი 30 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში სულ 811 კომლია და 2650 ადამიანი ცხოვრობს.
ანაკლიის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე თქმულება: მეცნიერთა ვარაუდით ანაკლია ბერძენთა ახალშენი ყოფილა და მისთვის კოლხებს ადგილობრივი გმირის სახელი – ჰერაკლია დაურქმევიათ. საუკუნეთა განმავლობაში ჰერაკლია ანაკლიად გადაკეთდა.
ერთ – ერთი ლეგენდის თანახმად კი ანაკლიას “ალ – ნარკია” ერქვა, რაც ნიშნავს ნაკივლებ ადგილს.
ანაკლია აღნიშნულია XVIII საუკუნის თურქულ რუკაზე და ამავე საუკუნის მიწურულს, გეოგრაფ ნანსონის მიერ შედგენილ, ფრანგულ რუკაზე. ე. ი. როგორც ვხედავთ, ანაკლია ჩვენთვის ხელმისაწვდომ წერილობით წყაროებში მხოლოდ XVII საუკუნიდან იხსენიება, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი ისტორია ბევრად უფრო ძველია, რადგან ანაკლიის მიდამოებში აკ. ჭანტურიასა და აბესალომ ტუღუშის მიერ აღმოჩენილი იქნა უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი “დიხა – გუძუბა”, რომელიც ძვ. წ. IIათასწლეულის ნამოსახლს წარმოადგენს, აქვეა ჯარგვალური ნაგებობის ნაშთებიც, რომელსაც, თავის დროზე, ბევრი მნახველი განუცვიფრებია. ანაკლიაში ნახეს ღომის დანახშირებული მარცვლებიც, რაც, სოფელში 5000 წლის წინათ მცხოვრებ კოლხთა მაღალ სამიწათმოქმდო კულტურაზე მიუთითებს. მიკვლეულია კერამიკის ნიმუშებიც, რომელთა შორის გვხვდება ხელით ნაძერწი და ქსოვილიანი ჭურჭელიც. განსაკუთრებით მნიშნელოვანია უძველესი სახეობის ბრინჯაოს თოხის ჩამოსასხმელი ყალიბები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აქაური მკვიდრნი შესანიშნავი ხელოსნებიც იყვნენ.
ანაკლია ერთ – ერთი უძველესი მეთევზეთა სოფელი და ნავსაყუდელიც ყოფილა საქართველოს შავიზღვისპირეთში. ეს ნავსადგური გაშენებული იყო შავი ზღვისა და ენგურის შესართავთან. თურმე ძველად იგი ტრაპიზონსა და კონსტანტინოპოლთან ძალზე მნიშნელოვან ვაჭრობას აწარმოებდა.
ანაკლიაში სავაჭრო გემები ივლისში ჭირნახულის აღების დროს მოდიოდნენ, ჩამოჰქონდათ მარილი, ჭურჭელი, რკინეულობა, იარაღი და ცვლიდნენ ბზაზე, თაფლზე, აბრეშუმზე, ხარის ტყავზე, კვერნისა და თახვის ბეწვზე, სიმინდზე და სამწუხაროდ, გოგო-ბიჭებზე, რომლებიც აფხაზ და მეგრულ თავადებს მოჰყავდათ და თურქებზე ყიდდნენ.
იქ, სადაც ენგური შავ ზღვას ერთვის, თურქების მიერ აშენებული ციხე – სიმაგრე ” ჯიხაა”. ეს ციხე უტყუარი მემატიანეა ანაკლიის ისტორიის ბობოქარი ხანისა, მასთან ქართველი ერის ბევრი ავბედითი და ტრაგიკული ამბებია დაკავშირებული. აქედან გაჰყავდათ უცხოეთში თურქ დამპყრობლებს ტყვე ქართველი ქალ-ვაჟები და სტამბოლის ბაზარზე ჰყიდდნენ. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში 1772 წელს ჩამოვიდა, დაწვრილებით აღწერს ამ შემაძრწუნებელ ამბებს.
1702 წელს იმერეთის მმართველმა, ოდიშისა და გურიის მთავარმა თურქებს მისართმეველის გაგზავნაზე უარი განუცხადეს, ამის პასუხად ისინი 1703 წელს ანაკლიაში შემოიჭრნენ, ილაშქრეს და აღაშენეს ხის ციხე-სიმაგრე, ხოლო დღემდე მოღწეული ქვით ნაგები სიმაგრე, როგორც ირკვევა, 1731წელსაა აგებული ხოფიდან მოზიდული ქვებით და სტამბოლიდან ჩამოყვანილი კირით-ხუროების მიერ. ანაკლიის ეს ციხე, საბოლოოდ, მხოლოდ 1856 წელს გათავისუფლდა ოსმალ დამპყრობლებისაგან.
ანაკლია საეკლესიო ცენტრიც ყოფილა. ჯოვანო ჯულიანო და ლუკა, რომლებმაც 1630 წელს მოიხილეს საქართველოს ზღვისპირეთი, წერენ, რომ ანაკლიაში საეპისკოპოსო ტაძარი იყო და ანაკლიელი ეპისკოპოსი მსახურობდა. ამჟამად ეს ეკლესია აღარ არსებობს, თუმცა ახლა ანაკლიას ამშვენებს ძველ ფუძეზე, კეთილი და გულისხმიერი ადამიანებისაგან აშენებული ტაძარი, რომელიც ადგილობრივთა წმინდა სალოცავია და მათ სიამაყეს წარმოადგენს.
ანაკლიაში რამდენიმე საუკუნეა მეგრელებთან ერთად ცხოვრობენ მაჰმადიანი ლაზები, რომლებიც დღეს მათთან ერთად არიან ჭირსა და ლხინში დაქრისტიანულ ადათ–წესებს მისდევენ.
საქართველოს შავიზღვისპირეთის მთვარ მარგალიტად წოდებული ანაკლია დღითი დღე მშვენდება. საუკთესო საზღვაო კლიმატის მქონე სანაპირო ზოლზე ძვირადღირებული ინვესტიციები ჩაიდო და მუშაობაც ელვისებური სისწრაფით დაიწყო. 2010 წელს ერთდროულად 3 სასტუმროს მშენებლობას ჩეყარასაფუძველი. პარალელურად კეთდებოდა ბულვარი და მშვენდებოდა სანაპირო ზოლი.
საკმაოდ სწრაფად აიგო ანაკლია–განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი, რომელსაც ,,მშვიდობის ხიდი“ უწოდეს. იგი 360 მეტრია და საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მისი თქმით, ანაკლია–განმუხურის ხიდი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
განმუხურის პატრიოტული ბანაკები, რომელიც 2008 წელს რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა, 2010 წელს კვლავ იქნა აშენებული. ლეგოს სტილის შენობამ ანაკლია კიდევ უფრო დაამშვენა. პატრიოტული ბანაკები მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და მხარის რწმუნებულთან ერთად გახსნა. საერთაშორისო ბანაკი წელს 300–მდე მოზარდს უმასპინძლებს.
ანაკლია–განმუხურის შემაერთებელი ბულვარის მშენებლობა გრძელდება. იგი პარლამენტის თავმჯდომარემ და ლიტვის ყოფილმა პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა ერთად მოინახულეს. ანაკლიაში, ეს ბულვარი სწორედ ლიტვის ყოფილი პრეზიდენტის სახელობის იქნება. ესპანელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ ბულვარს საცალფეხო, დაკიდული ხიდი გააერთიანებს.
რაც შეეხება იმას, რომ ანაკლია საპორტო ქალაქად უნდა იქცეს, ეს საკითხი განხილვას არ საჭიროებს.
აგრეთვე იგეგმება ფოთის აეროპორტიდან გზის გაყვანა ანაკლიამდე, რომელიც ანაკლიას ძალიან მნიშვნელოვან კურორტად აქცევს.
მიმდინარე სამუშაოებზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო თითოეული მოხალისისა თუ დაინტერესებული პირის თანამონაწილეობას, არამედ საზოგადოების ჩართულობას. თუ არ დაიზარებთ და ესტუმრებით ანაკლიასა და განმუხურს, გაკეთებულ საქმეებსაც მრავლად იხილავთ და არც გასაკეთებელი სამუშაოები გამოგრჩებათ. მშენებლობები, რომელიც თითქმის ყველა კუთხეშია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საშუალებას იძლევა და… თუ გეგმასაც გადავხედავთ, უახლოესი წლები ასე, აღმშენებლობაში გაგრძელდება.
სახელმწიფომ სანაპირო ზოლზე მშენებლობისთვის უპრეცენდენტო პირობები შესთვაზა ინვესტორებს: მიწა, სასტუმროს პროექტები და ყველა კომუნიკაცია საჩუქრად! მოგებისა და ქონების გადასახადისგან 15 წლით გათავისუფლება; ახალი გზა ფოთიდან შავიზღვისპირეთის გასწვრივ ანაკლიამდე.
წყარო: http://www.zugdidimunicipality.gov.ge
