წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი:“შრომა – კეთილმდგომარეობის საძირკველია და შრომის გარდა სხვა საშუალება არ არსებობს, რომ კაცმა ბედნიერება და კეთილდღეობა მოიპოვოს. ღმერთმა კაცი ქვეყანაზე შრომისა და გარჯისათვის დაბადა. კაცმა თვისი ბუნების ყველა საჭიროება და მოთხოვნილება შრომით უნდა დაიკმაყოფილოს, ხოლო ამისთვის მას ღმერთი შობიდანვე რომელიმე ნიჭს ან ღონეს აძლევს, რომ შრომა შეძლოს.
ქვეყნისა და მთელი საზოგადოების სიმდიდრეც, განათლებაც და წარმატებაც კერძო პირთა შრომისა და მეცადინეობისაგან შედგება; ამიტომ ის პირი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, საჭმელსაც არ უნდა ჭამდეს. ზოგიერთები იმით იმართლებენ თავს, რომ შრომისათვის მზად ვართ, მაგრამ რა ვქნათ, საქმე ვერ გვიშოვნია, შესაფერისი სამუშაო არა გვქვსო. ეს მიზეზი პატივსადები არ არის. როგორ შეიძლება კაცმა საქმე ვერ იშოვნოს, თუკი შრომა მართლა არ ეზარება. ეს დაბრკოლება ისეთ პირებს შეემთხვევათ, რომლებიც თავის მოყვარენი არიან და დიდ-დიდ საქმეებს ეძიებენ, მცირე საქმეს კი არ კადრულობენ.
ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით, ერთხელ ერთმა უზომოდ მიდიდარმა ვაჭარმა, როცა დაბერდა და დასუსტდა, ყოველი თავისი საქმე მემკვიდრეს ჩააბარა, თვითონ კი ქალამნებს კერავდა და გლახაკებს ჩუქნიდა. როდესაც ჰკითხავდნენ, რა გაგიჭირდა ასეთი, რომ ქალამნებს კერავო? პასუხობდა: ამის მეტი საქმე აღარ შემიძლია და უსაქმოდ ყოფნა კი ცოდვად სწერიაო.”
“მიუხედავად იმისა, რომ იესო ქრისტემ თავისი სწავლებით ადამიანი ცრუ, მავნე რწმენისაგან და შეხედულებებისაგან გაათავისუფლა, საუბედუროდ, ქრისტიანთა შორისაც არსებობს ცრუ აზრები და შეხედულებანი, რომელნიც ძალიან დიდ ზიანს აყენებენ მათ. ერთი ასეთი ცრუ აზრი და შეხედულება ისაა, რომ თითქოს კეთილშობილი კაცისთვის რომელიმე საქმე (ფიზიკური სამუშაო) სათაკილო და სასირცხვო იყოს. ამის თაობაზე უნდა ვთქვათ, რომ ამქვეყნად არ არსებობს საქმე, რომელსაც ადამიანისთვის სარგებლობა მოჰქონდეს და მისი ღირსების შემაგინებელი იყოს. როგორც ჩანს, ეს შეხედულება, რომ კეთილშობილი კაცისთვის მუშაობა სათაკილოა, იმ დროიდან წარმოიშვა, როცა ჩვენს მამულს ყოველდღე იარაღით დაცვა სჭირდებოდა და მისი დამცველები უმეტესი პატივით სარგებლობდნენ. მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანას მტერი არ ავიწროებს, ზემოხსენებული შეხედულება მუშაობაზე დიდად მავნებელია და არაფრით არ განმართლდება. საღმრთო წერილი სიტყვითა და საქმით შეგვაგონებს, რომ შრომა კეთილი, საქები და ღმრთის სათნო საქმეა. პავლე მოციქული არც მდაბიოთა წრიდან იყო და არც ღარიბი, ამასთან, მის მიერ მოქცეულ ქრისტიანეს ისე უყვარდათ, რომ არა თუ სასმელ-საჭმელს, არამედ იმისთვის სიცოცხლესაც არ დაიშურებდნენ, მაგრამ როგორც კი თავისუფალ დროს იპოვნიდა, კარვებს კერავდა და თავს ამ ხელობით ირჩენდა. ასევე ვიცით, რომ უმაღლესნი მამათა შორის – ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტყველი და იოანე ოქროპირი ეკლესიის მსახურებისაგან თავისუფლ დროს მიწაზე მუშაობდნენ.
ჩინეთის იმპერატორი, რომელსაც მრავალი მილიონი ქვეშევრდომი ჰყავს და აურაცხელი სიმდიდრის პატრონია, ყოველი წლის ერთ დანიშნულ დღეს შვილებსა და დიდებულებთან ერთად მინდორში გამოდის, ხარებს გუთანში საკუთარი ხელებით აბამს, მინდორს ხნავს და სთესს. მის ამ საქმიანობას ურიცხვი ხალხი უმზერს. იმპერატორი ასე იმიტომ იქცევა, რათა აჩვენოს, რომ მიწაზე მუშაობა არავისთვის არაა სასირცხვო და სათაკილო. მართალია, იგი სარწმუნოებრივად გაუნათლებელი და კერპთმსახურია, მაგრამ ამ შემთხვევაში ქრისტიანებსაც კი გონივრულ და სასარგებლო მაგალითს გვაძლევს. იგივე კაცი, რომელიც ფიზიკურ მუშაობას არ კადრულობს, რა ხერხს – ტყუილი იქნება ეს, ჭორი, ავაზაკობა თუ სხვა რამ, არ მიმართავს იმისთვის, რომ ქონება შეიძინოს. აი, როგორ წამხდენელია კაცის ბუნებისა ცრუ აზრი და შეხედულება. ბედნიერია ის ქვეყანა, რომლის მცხოვრებნიც შრომისმოყვარენი არიან და იმედს საკუთარ შრომაზე აფუძნებენ. საბრალო და საწყალია ის ქვეყანა, რომლის მცხოვრებთა უდიდესი ნაწილი მთავრობას შეჩერებია და ბედნიერებისა და წარმატების იმედი ჩინებზე, ჯამაგირსა და ჯილდოებზე დაუმყარებია. ხოლო შრომასა და მუშაობას შეურაცხყოფს და უკადრისობს.”
