მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ალვანის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.09.2023 | 208 ნახვა

ალვანის წმ.იოანე ნათლისმცემლის ეკლესია VIII-IX საუკუნეების გარდამავალი ხანის დამახასიათებელი სამნავიანი ბაზილიკაა კახეთში, ახმეტის რაიონში. მდებარეობს მთაზე, სოფელ ზემო ალვანის მახლობლად. იქვე დგას ცხრაკარას სასახლე, XVI ს-ში აგებული კახთა მეფის ლეონის მიერ, ხოლო ზედ ეკლესიის სამხრეთით XVI საუკუნისავე სამრეკლო აქვს მიშენებული.

საყურადღებოა, რომ გარედან ეკლესია თითქმის კვადრატულია (1,18:1) შიგნით კი, საკურთხევლის ნაწილის გამოკლებით, სიგანე სჭარბობს კიდეც სიგრმეს. თუ ვაზისუბანში შუა ნავის სიგრძე სამჯერ მეტია, ვიდრე მისივე სიგანე, აქ ეს შეფარდებაა 2,16:1; ასევე ვაზისუბანში შუა ნავის სიგანე სამჯერ და მეტად აღემატება გვერდის ნავებისას, რომლებიც, არსებითად, დამოუკიდებლობას მოკლებული, ვიწრო და გრძელი სათავსებია. ნათლისმცემლის ეკლესიის გვერდის ნავების სიგანე შუა ნავის სიგანის ნახევარს აღწევს, ისინი გარკვეულად ჩამოყალიბებული სივრცის შთაბეჭდილებას ქმნიან. ამგვარად, ამ მხრივ ნათლისმცემლის ეკლესია უფრო ახლოა აშხანის ბაზილიკასთან.

ნავებს შორის ორ-ორი ჯვაროვანი გეგმის მქონე მასიური ბოძია, ე. ი. სამ-სამი მალი, ნახევარწრიული თადებით. კვადრატული, უაფსიდო პასტოფორიები მხოლოდ ნავებს უკავშირდება. შესასვლელი ერთია, სამსრეთიდან, სწორედ შუა მალების პირდაპირ, რაც აგრეთვე ანელებს ეკლესიაში შემსვლელისთვის სიგრძივობის შთაბეჭდილებას, პირიქით, ცენტრალური სივრცის იერს ანიჭებს ინტერიერს. შუა ნავის კამარა ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა, მაგრამ მისი ფორმა დამახინჯებულია, ალბათ, გვიანდელი გადაკეთების წყალობით – ახლა ნამდვილი კამარის ნაცვლად ორი სიბრტყეა, ერთმანეთთან კუთხით შეერთებული; გვერდის ნავების კამარები სხმულია, „მცოცავი“ მოხაზულობისა, საბჯენი თაღების გარეშე. საშენი მასალა ორგვარია – კახეთისთვის ტრადიციული რიყის ქვა და აგური (ბოძები და თაღები).

XVI ს-ში, ლეონ მეფის დროს, ეკლესია შეაკეთეს, შუა ნავი მოხატეს (დარჩენილია თვით ლეონის პორტრეტი დასავლეთ კედელზე; ლეონს, ქტიტორების წესისამებრ, ხელთ ეკლესიის მოდელი უჭირავს, თუმცა იგი მხოლოდ აღმდგენი, „მეორედ მაშენებელი“ იყო, და არა მაშენებელი), ჩადგეს მოხატული კანკელი, მიაშენეს სამრეკლო. არც შიგნით და არც ფასადებზე ეკლესიას სხვა რაიმე თავდაპირველი სამკაული არ გააჩნია. გარედან ეს საკმაოდ ამორფული, მძიმე მასაა, მით უფრო რომ შუა ნავი სიმაღლით მაინცდამაინც არ გამოიყოფა გვერდის ნავებისგან.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი