მთავარი » კულტურა

“უცნობი აკაკი წერეთელი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.10.2011 | 8,454 ნახვა

აკაკი წერეთელისაქართველოს ეროვნულ არქივში მრავალი დოკუმენტია დაცული აკაკი წერეთლის შესახებ. დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, რომ მწერალი რუსეთის ჟანდარმერიის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო “თავისუფლების მოყვარული პოეტური ბუნების” გამო და მის ნაწარმოებებსა თუ წერილებზე მკაცრი ცენზურა ხორციელდებოდა.

საქართველოს საისტორიო არქივში მნიშვნელოვანი ცნობა ინახება აკაკის დაბადების თარიღის შესახებ. ზოგადად ცნობილია, რომ მწერალი 1840 წელს დაიბადა. იმერეთის სასინოდო კანტორის მეტრიკული ჩანაწერებიდან კი ირკვევა, რომ აკაკი წერეთელი 1841 წლის 9 ივნისს დაბადებულა (ფონდი 489, აღწ. 1, საქმე 9796, ფურც. 63.).

საინტერესო მასალაა დაცული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქ.შ.წ-კ.გ.) საზოგადოების 1880 წლის 20 იანვრის საერთო ყრილობის შესახებ. სხდომა ნაშუადღევს 1 საათზე გაიხსნა და დასრულდა 4 საათზე. თავმჯდომარეობდა დიმიტრი ყიფიანი. ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს საზოგადოების ნამდვილი წევრები. მათ შორის აკაკი როსტომის ძე წერეთელი (ფ. 489 აღწ. 1, საქ. 27. 1880 წ.).

საყურადღებოა აკაკის თხოვნა ქ.შ.წ-კ.გ. საზოგადოებისადმი, რომ მის ხელთ არსებული ხუცური დამწერლობით შესრულებული მინიატურული სახარება შეიძინოს გამგეობამ: “წარმოვადგენ ამასთანავე მინიატურულს სახარებას, რომელსაც ვგონებ არა მცირედი მნიშვნელობა აქვს ისტორიისა და არხეოლოგიისათვის და ვსთხოვ მმართველობას, შეიძინოს იგი. რადგანაც მე არა ვიცი წ-კ. გ. საზოგადოების შეძლება, ფასსაც არ ვარქმევ ამ სახარებას”. აქვეა ცნობა: “ეს სახარება შესანიშნავია იშვიათ საარხეოლოგო ნივთთა მოყვარულთათვის. ეკუთვნის XVIII საუკუნეს. ნახატებიანია” (ფ. 481 აღწ. 1. საქ. 66, 1884 წ.).

განთიადიმნიშვნელოვანია დოკუმენტი 1894 წლის 1 მაისის კრების შესახებ, რომელზეც განხილულია გამგეობის მიერ გამოჩენილი დაუდევრობა და გულგრილობა ბიბლიოთეკის წიგნების მიმართ. კრებაზე გადაწყდა კომისიისათვის საყვედურის გამოცხადება, მაგრამ აკაკი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა: “მე მგონია, რომ კომისიას არ ეკუთვნის საყვედურის გამოცხადება, რადგან, მართალია, იმას უხმარია უხერხული სიტყვები – შავი ფიქრები, მაგრამ ეს უფრო ქართულის უცოდინრობით მოსვლია, ვიდრე ცუდის განძრახვით. რა საჭიროა კომისიის მოხსენება, როდესაც მე თვითონ ვიცი გამგეობის დაუდევრობის მაგალითი. ამ დაუდევრობის გამო ამ შვიდის წლის წინად საზოგადოების წიგნთსაცავითგან წაღებული იყო წიგნები, რომელთაც წამღები თავის ნებით არ აბრუნებდა. ბოლოს გამგეობა იძულებული შეიქნა ნოტარიუსის საშუალებით მოეთხოვნა წიგნები. როდესაც მე გაზეთის საშუალებით ვთხოვე გამგეობას დაესახელებინა საზოგადოების საყურადღებოდ ის პირი, რომელსაც წიგნები ჰქონდა წაღებული ბიბლიოთეკითგან და არ აბრუნებდა, გამგეობამ სიტყვა ბანზე ააგდო და დაასახელა ექვსი სხვადასხვა პირი, რომელთაც უსარგებლიათ ბიბლიოთეკითგან. იმის მაგიერ, რომ გვარი გამოეცხადებინა იმ პირისა, რომელმაც მხოლოდ ნოტარიუსის ძალდატანებით, შიშით მოიტანა წიგნები, პასუხად მითხრეს, ერთი პირი არ აბრუნებდაო. ბევრსა ჰგონია სრულიად უსამართლოდ, რომ ეს პირი იქნებოდა ან თაყაიშვილი, ან მთვარელიშვილი, ან ხახანაშვილი, და ამნაირად გამგეობამ ეჭვი შეატანინა იმისთანა პირებზე, რომელთაც ბრალი არა აქვსთ. ჩვენ, მართალია, ვიცით გვარი იმ პირისა, მაგრამ საჭირო იყო მთელს საზოგადოებასაც სცოდნოდა. ამას გარდა განა გამგეობას დაუდევრობად არ ჩაეთვლება ის გარემოება, რომ იმ პირისგან დაბრუნებული წიგნები, იმის გარდა, რომ მათ აჩნევიათ ფურცლების ამოხევის ნიშნები, ძალიან გაჭუჭყიანებული და დაბღაჯნილებია. ესეთი დაუდევრობა ისეთი რამ არის, რომ შესაძლებელია დიდი ვნება მოიტანოს და რაკი ვნების შიში შეეპარებოდა თავში სარევიზიო კომისიას, შავი ფიქრებიც მოუვიდოდა. ამიტომ კომისია გაკიცხვის ღირსი არ არის”.

აკაკი წერეთელიაქვეა 1896 წლის 16 აპრილის სხდომაზე წარმოდგენილი იაკობ გოგებაშვილის მოხსენება ქ.შ.წ-კ.გ. საზოგადოებისადმი აკაკისა და ილიას მიერ ქართული მწიგნობრობის განვითარებაში ღირსეული წვლილის შეტანისათვის გამგეობის საპატიო წევრად მათი არჩევის შესახებ.

აკაკი წერეთლის პიროვნებას კარგად წარმოაჩენს საისტორიო არქივის ერთ-ერთ დოკუმენტში დაცული ნაკვესები (ფ. 480, აღწ. 3. საქ. 136, ფურც. 130, 134):

I. “ლხინში საზოგადოდ ძალიან მოწყენა იცის აკაკიმ. ერთხელ, როდესაც ახალგვარ ~მრავალ ჟამიერს~ ამბობდნენ და ყველანი მოლხენილად იყვნენ, ჰკითხეს:
– მოწყენილი რათა ხარო?
– როგორ თუ, რათაო?… მიუგო აკაკიმ, – ვხედავ, რომ ძველებურს ჩვეულებას წესს უგებთ, ზარს ამბობთ; თქვენ ჭირის უფლებათა სხედხართ და ამ აღაპში მე რა მომალხენსო”.

II. “ერთგან შეყრილიყვნენ ყმაწვილები და სწუხდნენ:
– რა გვეშველება, რომ ჩვენში შრომა ყველას სძულს და მუშა არავინა გვყავს, განსაკუთრებით ქართველ ქალებშიო?
– ეგ ძალიან ტყუილიაო, – სთქვა აკაკიმ, – ვერა ჰხედავთ, რამოდენა კურტან-ტიურნირები დააქვსთ ჩვენ ქალებს? მუშები არიან, აბა რა არიანო?…”

საინტერესოა აკაკის მიერ “ცნობის ფურცელში” გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც იუწყება, რომ მისი რედაქტორობით გამოცემული ჟურნალი “კრებული” “მეორე წელიწადში გადადგა”… რომ აქამდე მათ უფლება არ ჰქონდათ სხვების ნაწარმოებები დაებეჭდათ, ახლა კი დართეს ნება და იმედოვნებს, ვინც წინა წელს ეხმარებოდა, არც მომავალში მოაკლებდა მათ თანაგრძნობას. აქვე ამცნობს, რომ რედაქცია გადავა “დაბა ყვირილაში (ზესტაფონში) ღამბაშიძის სახლებში” (ფ. 480, აღწ.1, საქ. 1474, ფურც. 26).

აკაკი წერეთლის პიროვნების გასაცნობად ყურადსაღებია პუბლიკაცია “კრებულის” ფოსტა”, რომელიც მთლიანად ჟურნალის ფოსტაში შემოსულ წერილებზე გაცემული რედაქტორის პასუხებისაგან შედგება. მაგალითად მოგვყავს ერთ-ერთი:
“მოწაფეს. ყოვლად შეუძლებელია, რომ კაცი უმეცარი იყოს, უსწავლელი, გონება გაუვითარებელი, ულოღიკო და ამავე დროს კი კარგი პოეტი იყოს. ამას მხოლოდ ის იტყვის, ვინც ტვინ შელახულია და ან სრულიად გამოტვინებული!… ეს კი შეიძლება, რომ კაცს ბევრი რამ ესწავლოს, ბევრი ეკითხოს, ბევრსაც ლაპარაკობდეს, მაგრამ მაინც “დიდი-დურაკი” იყოს” (ფ. 480, აღწ. 1. საქ. 1542, ფურც. 3-7).

აკაკი წერეთელიაკაკი წერეთლის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის წერილი “1860-იან წლებიდან”, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთიდან დაბრუნებული აკაკი ამ დროს ქუთაისში ცხოვრობდა და “უსაქმოდ” იყო. “მისი თავისუფლების მოყვარული პოეტური ბუნება სახელმწიფო დაწესებულებებში მოხელეობას ვერ ეგუებოდა, საზოგადოებრივი საქმე კი მაშინ ქუთაისში სავსებით მიმქრალი იყო. “სულიერ საზრდოს, სულიერ თანაგრძნობას” აკაკი პოულობდა იაკობ ნიკოლაძისა (ნიკო ნიკოლაძის მამის) და ბესარიონ ხელთუფლიშვილის ოჯახებში”. ამავე დროს, მწერალი მონაწილეობდა სალიტერატურო საღამოებსა და თეატრალურ წარმოდგენებში, რომელთაც თავად აწყობდა რაფიელ ერისთავთან ერთად. შემოსავალი ქუთაისის ქალთა “უსასყიდლო სკოლას” ხმარდებოდა. აქვეა ცნობა, რომ 1869 წელს თბილისში დაარსდა ჯგუფი “ახალი საზოგადოება”, რომლის “უახლოესი დამხმარე და თანამდგომი” გახლდათ აკაკი წერეთელი; რომ მწერალი აქტიურად თანამშრომლობდა 1869 წელს ნიკო ავალიშვილის რედაქტორობით დაარსებულ “მნათობში”; რომ 1873 წელს თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე 7-ოთახიანი ბინა იქირავა. დაბინავების შემდეგ ქუთაისში წავიდა და მხოლოდ 4 თვის შემდეგ დაბრუნდა;

1874 წელს აკაკიმ “დროებასა” და “კრებულში” მუშაობა შეწყვიტა. სერგეი მესხის საზღვარგარეთიდან ჩამოსვლის შემდეგ კი დაუბრუნდა “დროებას”.

1874 წლის გაზაფხულზე აკაკი ისევ თბილისშია, შემოდგომაზე – სამეგრელოშია სტუმრად, 17 ნოემბერს კი კვლავ ქუთაისში იმყოფება.

“უკვე 1875 წელს აკაკი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს… საზოგადოებაში, როგორც პოეტი და ფელეტონისტი. 1875 წელს ის განსაკუთრებული ენერგიით და ნაყოფიერებით მუშაობს “დროებაში”. 1875 წლის დასაწყისში აკაკიმ სერგეი მესხს გამოუგზავნა (ქუთაისიდან) თავისი რომანის “იმერლები”-ს პირველი თავი.

იმ ხანებში აკაკი ხან თბილისშია, ხან სხვიტორში, ხან ქუთაისში. 1875 წლის გაზაფხულზე თბილისში, ზაფხულში – ერთხანს სოფელში და შემდეგ ქუთაისში ცხოვრობს – სასტუმრო “კოლხიდაში”.

1876 წლის მარტში “დროების” ათი წლისთავის აღსანიშნავ სადღესასწაულო ბანკეტს ესწრება.

1876 წელს შედგა “დროების” ახალი რედაქცია, რომლის შემადგენლობაშია აკაკი წერეთელი.

1877 წელს აკაკი რუსეთში იმყოფება, ცხოვრობს პეტერბურგში და ესწრება რუსი მწერლის ნიკოლოზ ნეკრასოვის დაკრძალვას (ფ. 2099, აღწ. 1, საქ. 39).

არის ცნობა აკაკის სახელობის სალიტერატურო ფონდის დაარსების შესახებ, რომელიც უნდა დახმარებოდა ქართული მწერლობისა და ხელოვნების “მოხუცებულ და შევიწროვებულს” მოღვაწეებს. აქვეა აკაკის თხოვნა სამი თვის პენსიის წინასწარ გამოყოფის თაობაზე: “რადგანაც ამ ზამთარს აქ არ ვიქნები, ამიტომ გთხოვთ სამი თვის პენსია ახლავე მომცეთ… საშუალება არა მაქვს… თუ საჭირო იქნება წარმოვადგენ ექიმების მოწმობასაც”; ასევე დაცულია აკაკის ფონდის შემომწირველთა და იუბილეზე მწერლისათვის მირთმეული ნივთების სია და ქ. შ. წ-კ. გ. საზოგადოების გამგეობისადმი მიწერილი წერილი, საიდანაც ჩანს, რომ აკაკის ფონდისათვის შეწირულობის მოსაგროვებლად იაკობ გოგებაშვილის მიერ დასახელებული კომიტეტი თავად აკაკი წერეთელმა მოიწონა. აქვეა თხოვნაც, რომ 1904 წლის 1 ნოემბრიდან თხუთმეტი თუმანი ყოველთვიურად გამოიყოს აკაკის დასახმარებლად (ფ. 481. აღწ. 2. საქ. 141).

აკაკი წერეთელიაკაკი წერეთლის შესახებ არსებული მასალებიდან მნიშვნელოვანია: საცენზურო კომიტეტის მიერ მწერლისადმი “კრებულში” პოლემიკური წერილების მოთავსების აკრძალვა (ფ. 480, აღწ. 1, საქ. 1409, ფ. 21); აკაკის სახელზე დაარსებული ფონდის გასაძლიერებლად ბაროს საბლაღოჩიანო სამღვდელოების შემომწირველთა სია (ფ. 481, აღწ. 1. საქ. 884. ფ. 15-16); მწერლის განცხადება საზოგადოებისადმი სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხებით დახმარების გაწევის თაობაზე (ფ. 481, აღწ. 1. საქ. 928, ფურც. 4); აქვეა ცნობა საზოგადოების გამგეობის მიერ აკაკისათვის იანვრის თვის ანგარიშში 15 მანეთის გაგზავნის შესახებ (ფ. 481, აღწ. 1, საქ. 885, ფ. 15.); მწერლის თხოვნა საცენზურო კომიტეტისადმი ყოველკვირეული იუმორისტული გაზეთის “ხუმარას” გამოცემის ნებართვის მიღებაზე (ფ. 480, აღწ. 1, საქ. 2056, ფურც. 1,5); მისი სახელობის ფონდიდან პენსიის ანგარიშში ათას ხუთასი მანეთით დახმარების თაობაზე (ფ. 481, აღწ. 1. საქ. 1143, ფურც. 66); დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვაზე მწერლის მიერ წარმოთქმული სიტყვა (ფ. 27, აღწ. 12, საქ. 634, ფურც. 23); მგოსნის ხელნაწერი ლექსები (“მამაო ჩვენო”, “ახლანდელი ქალი”, “სხვაგვარი სიყვარული”) და დრამები (“ირაკლი ბატონიშვილი”, “გელა”, “დღევანდელი გმირი”, “განთიადი”)…

ცნობილი ისტორიკოსის, პროფესორ შალვა ჩხეტიას პირად ფონდში დაცულია 1876 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში სამხედრო საველე სასამართლო პროცესზე მწერლის მიერ წარმოთქმული სიტყვა. ამ პროცესზე განიხილებოდა უბატონო სვანეთში მომხდარი აჯანყების მოთავე 22 სვანის საქმე. მათ ბრალი ედებოდათ აჯანყების მოწყობაში, რასაც რამდენიმე ჯარისკაცის, პოლიციელისა და ოფიცრის სიცოცხლე შეეწირა.

ბრალდებულთა დამცველად გამოვიდა აკაკი წერეთელი არა როგორც ნაფიცი ვექილი, არამედ როგორც საზოგადო დამცველი. ჩხეტიას თქმით, მგოსნის სიტყვა “მრავალმხრივ მნიშვნელოვანია როგორც სვანეთის აჯანყების შესასწავლად, ისე საერთოდ 70-იან წლების საქართველოს რიგ საკითხების გასაშუქებლადაც.”

არქივში ინახება გამგეობის ოქმები, სამგლოვიარო დეპეშები და მასალა აკაკი წერეთლის ავადმყოფობის, გარდაცვალებისა და მისი ნეშტის თბილისში გადმოსვენების შესახებ (1915 წელი, ფ. 481, აღწ. 1. საქ. 1551). მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე წერილს:

1. “20 იანვარი 1915 წ.
ოქმი #3.
ნინო ნაკაშიძის მოხსენება აკაკის ავადმყოფობის შესახებ.
განჩინება გამგეობისა:
გადაიდოს აკაკისათვის დასახმარებლად ორასი მანეთი /200/. ეს ფული გადაეცეს კომიტეტს ან ქუთაისში ან აქ, თბილისში, როცა საჭიროდ იქნება.
დ. კარიჭაშვილი.”

2. “რწმუნებული ჩემდამო ითხვისის იოანნე ნათლის მცემლის ეკკლესიის კრებული და მრევლი ღრმა მწუხარებას გრძნობს საქართველოს დიდებული შვილის აკაკი წერეთლის გარდაცვალებისა გამო.
ს. ითხვისი 26 იანვარი 1915 წელი.
დეკანოზი ო. წერეთელი.”

3. “6 თებერვალი, 1915 წ.
აკაკის გადმოსვენებისა და დაკრძალვის მომწესრიგებელი კომიტეტის დადგენილების თანახმად, დღეს, დღის 12 საათიდან შუაღამის 12 საათამდე, დაკისრებული აქვს გამგეობას იმორიგეოს ქაშვეთის ეკლესიაში განსვენებულის კუბოსთან.
ზემოხსენებულის შესახებ, თავმჯდომარის დახმარებით, მაქვს პატივი ვაუწყო გამგეობის წევრთ.
საზოგადოების მდივანი…”

4. “ქალაქ ბრესტში მყოფი ქართველებიდან მოგროვებულ ფულს გიგზავნით და გთხოვთ უმორჩილესათ იქნას გარდასცემული ჩვენის მგოსნის აკაკი წერეთლის ფონდის გასაძლიერებლათ…
ამ პირებიდან იქნა შეგროვებული სულ ორმოცდარვა მანეთი /48 მანეთი/, რომელიც გამოგზავნილია პოშტით.
1915 წელსა. 3 თებერვალსა.”

აკაკი წერეთელი საინტერესოა ბრძოლის ველიდან გამოგზავნილი წერილი: “შორს ჩრდილოეთით მტრის ცეცხლში გახვეულ ქართველებს თავზარ დამცემი ანბავი მოგვიტანა რუსულმა გაზეთებმა: “გარდაიცვალა ქართული პოეზიის მეფე აკაკი”-ო; აუწერელია ჩვენი მწუხარება ასეთი ანბით; მწუხარება მით უფრო გვიორკეცდება, რომ ამ მსოფლიო ომში გახვეული ჩვენი სამშობლო ღირსეულათ ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას სულმნათ პოეტის წინაშე.

ჩვენს მწუხარებას უერთებთ ქართველი ერის საერთო მწუხარებას” (ფ. 481, აღწ. 1. საქ. 1551. ფურც. 11).
არქივში ინახება აკაკი წერეთლის ანდერძი, წერილები და სხვა საბუთები ანდერძის განმტკიცების, ნაანდერძევი ქონების მიღებისა და მოვლის შესახებ (ფ. 481, აღწ. 1. საქ. 1545. 1915 წლის 10 ივნისი – 1925 წლის 10 აპრილი). ამ მასალებიდან ირკვევა, რომ მწერალმა ანდერძით შორაპნის მაზრის სოფელ სხვიტორში ქ.შ.წ-კ.გ. საზოგადოებას დაუტოვა სამოსახლო ადგილი შენობებით; რომ საზოგადოებას ნაბრძანები აქვს შორაპნის სოფელ სხვიტორში მდებარე აკაკის უძრავ მამულში პოეტის სახელობის ქალთა სკოლა დააარსოს და ზემოხსენებული მამულის სახლში მოათავსოს; რომ “ეს სამოსახლო ადგილი ნაწილია მთლიან მამულისა, რომლის მეორე ნაწილი /ვენახი/ განსვენებულმა აკაკი წერეთელმა უანდერძა ქართულ საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას”. მნიშვნელოვანია ცნობა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებამ მგოსნის ანდერძის ერთი ნაწილი დაარღვია: არ დაკრძალა მისი ნეშტი სხვიტორის ეკლესიაში, თუმცა ეს ნება კატეგორიულად იყო “გამოცხადებული ანდერძში”.

საისტორიო არქივში ინახება აგრეთვე ცნობა თბილისის ნაძალადევის ქართული სკოლისათვის აკაკი წერეთლის სახელის მინიჭებისა (ფ. 192, აღწ. 7. საქ. 129. ფურც. 332) და საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმის თანამშრომლის ირ. სონღულაშვილის ხელწერილი აკაკი წერეთლის საიუბილეო საქმეების მუზეუმის მიერ ჩაბარების შესახებ (ფ. 481, აღწ. 1. საქ. 2100. ფურც. 1.).

მოამზადა თათია ნავროზაშვილმა
ეროვნული არქივის მასალებზე დაყრდნობით


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი