19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიკულტურააკაკი ბაქრაძე

აკაკი ბაქრაძე

თანალმობა და სიყვარული, მტრის მწუხარების გაზიარება -ქართული მწერლობის გამჭოლი აზრი.

აკაკი ბაქრაძე: “ყოველი ერის მწერლობას თავისი მყარი ტრადიცია აქვს, თავისი განსაკუთრებული, გამორჩეული, დამახასიათებელი ნიშანი. მაგალითად, ნიკოლოზ ბერდიაევი ფიქრობდა, რომ რუსული ლიტერატურისათვის ასეთი გამორჩეული ნიშანი პროფეტულობა იყო.
აკაკი ბაქრაძე იგი ყოველი გამოჩენილი რუსი მწერლის შემოქმედებაში პოულობდა ამ წინასწარმეტყველურობას. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ხალხების ლიტერატურაში არ შეხვდებით მწერლებს, პროფეტულობის ნიშნით აღბეჭდილს, ნიმუშის მოსაძებნად რაღა შორს წავიდეთ. ჩვენი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედება განა წინასწარმეტყველური არ არის? მან არ იწინასწარმეტყველა კვაჭების, ჯაყოების, დამპატიჟეების მომრავლება-გაბატონება? მაგრამ, საერთოდ, ამგვარი პროფეტულობით ჩვენი მწერლობა არ გამოირჩევა.მას სხვა ნიშანი აქვს. თუ არ ვცდები, ეს ნიშანი თანალმობის, გულმოწყალების ეთიკური პრობლემისადმი დაჟინებული ყურადღება უნდა იყოს.(ცხადია, ეს თვისება სხვა ხალების მწერლობასაც ახასიათებს, ოღონდ მე ჩვენი ლიტერატურის თავისებურობის გამოყოფას ვცდილობ).

“ვეფხისა და მოყმის ბალადაში” ქალი შურისძიებაზე კი არ ფიქრობს, არამედ მტრის ჭირის, ტკივილის, წუხილის გაზიარებაზე. იგი თანალმობითა და გულმოწყალებით არის შეპყრობილი.
„ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება, ვეფხის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ ვუთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც ვუთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!”
ავთანდილი პირდაპირ აცხადებს – “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად, ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად”.

აკაკი წერეთლის ჰაჯი-უსუფი სხვას კი არ დებს ბრალს საფარ-ბეგის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის, არამედ თავისთავს, რაკი გამზრდელის როლი პირნათლად ვერ შეუსრულებია(“გამზრდელი”). შეურაცხყოფილ ნაზიბროლასა და ბათუს იგი თანალმობას და თანაგრძნობას საკუთარი სიცოცხლით უცხადებს. საკუთარი სისხლით იხდის სხვისი დანაშაულის ვალს.

და ბოლოს, ვაჟას მინდიას უსაშველო და ყოვლისმომცველი სიყვარული, თანალმობა და მოწყალება ყოველი არსისადმი.
ეს ქართული მწერლობის გამჭოლი აზრია. ამა თუ იმ დოზით, ამა თუ იმ ფორმით მას ყველგან ნახავთ.

ქართველი ერი ისტორიულად დაჩაგრული და თავზემტვერწაყრილი ხალხია, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი არ გაბოროტებულა, შურისგების ბოღმით არ ავსებულა. პირიქით, თავისი საუკეთესო შვილების პირით, მან სიყვარული, თანაგრძნობა, თანალმობა, გულმოწყალება და პატიება იქადაგა. რგორც ჩანს, ეს უკვალოდ არ დაკარგულა, რაკი ჩვენი ხალხის ყოფაშიც იჩენს თავს. ამას წინათ, „თბილისში“(1987), რეზო ყარალაშვილმა წერილი გამოაქვეყნა- “უცხოეთში დანახული საქართველო”.

ავტორი გვიამბობს: ზაარბრუკენში ყოფნისას მასთან მისულა ბერტა ფონ ზუტნერის საზოგადოების თავმჯდომარე-ჰუგო ბოკი. მას ყარალაშვილისათვს გადაუცია ორი ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილი ყოფილა ჰუგო ბოკის ძმის, ვენის ოპერის სოლისტის ალბერტ ბოკის სიმღერა და პაწია მოთხრობა „მომღერალი“, რომელიც სოლისტის ცხოვრების ერთ ეპიზოდს აღწერს.

1941-54 წლების ომის დროს ალბერტ ბოკი ტყვედ ჩავარდნილა. ტყვეობა საქართველოში გაუტარებია. მერე სამშობლოში დაბრუნებული, იგი ცნობილი მომღერაი გამხდარა. იგი ევროპაში მოგზაურობდა და ოცნებად ჰქონია გადაქცეული საქართველოშიც ჩამოსულიყო და სიმღერით გადაეხადა მადლობა ქართელი ხალხისთვის. „ბოლოს როგორც იქნა,აუსრულდა გულის წადილი და 1973 წელს ჩამოვიდა თბილისში კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტის გასამართავად. მაგრამ ისე უღელვია, რომ ხმა წართმევია და მისი გამოსვლა გაუქმებულა. ამან, თურმე ძალიან შეაწუხა მომღერალი. სულ იმას ამბობდა, ისე როგორ უნდა წავიდე სცენიდან, რომ თბილისში არ ვიმღეროო. ამიტომ ერთი წლის შემდეგ ისევ სწვევია ჩვენს ქალაქს და ამჯერად გაუმართავს კიდეც კონცერტი-ეს მისი უკანასკნელი გამოსვლა ყოფილა.

მოთხრობაში აღწერილია ალბერტ ბოკის ფიქრები კულისებში, სცენაზე გამოსვლის წინ. მას ახსენდება მტკვრის სანაპირო,სადაც იგი ტყვეობისას ქვებს ეზიდებოდა, სუსხიანი ქარი, აზვირთებული მდინარე, თავისი მეგობრები და მოხუცი ქართველი ქალი ძაძებში, რაღაც ნიშნებითა და ორიოდე გერმანლი სიტყვით რომ ცდილობდა მისთვის გაეგებინებინა, რომ აგერ მეოთხე წელია შვილს ელოდება ომიდან, შიგადაშიგ ეკითხებოდა კიდეც, შენ ხომ არ გინახავს სადმეო. ომის შემდგომი წლები იყო და პური ჯერ კიდევ ჭირდა. ამ ქალს კი თავისი წილის ნახევარი ყოველდღე მოჰქონდა ბოკთან-შვილო, ჭამე, შენ უფრო გჭირდებაო (კარგად დააკვირდით ხაზგასმულ სტრიქონებს განა ეს ნამდვილი ამბავი თავისი კაცთმოყვარეობით რითიმე განსხვავდება “ვეფხისა და მოყმის ბალადაში” აღწერილ დედის საქციელისაგან?-ა.ბ.) ამის გახსენებაზე მომღერალს ისევ ცრემლები მოებჯინა ყელში და სცენაზე გამოსულს, მთელი ძალის მოკრება მოუხდა, რომ ხმა ამოეღო და სიმღერა დაეწყო”.

იმ ძაძებ მოსილ ქალს, ალბერტ ბოკს რომ შეხვდა, შესაძლებელია წაკითხული არც ჰქონდა აკაკი წერეთლის სტრიქონები, მაგრამ მაინც ისე იქცეოდა, როგორც პოეტი ბძრანებს:

“არვინ გაბედოს, დატყვევებულებს
რომ მიაყენოს შეურაცხყოფა,
ვაჟკაცს, ბედი რომ სხვას დაუმონებს,
დასაჩაგრავად ისიც ეყოფა”.

ცხადია, ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ბოროტება უცხო იყოს ჩვენთვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენში იყო საუკუნეები, როცა ადამიანით ვაჭრობა ჰყვაოდა. შვილი მშობლებს არ ინდობდა და მშობლები-შვილს, ძმა-დას და და-ძმას, ქმარი-ცოლს და ცოლი-ქმარს, ერისკაცი ბერს ეჯიბრებოდა ბოროტმოქმედებაში და ბერი-ერისკაცს. იქნებ სწორედ ამ აღვირახსნილმა ბოროტებამ გახადა აუცილებელი სიყვარულის, თანაგრძნობის, თანალმობის, გულმოწყალების ქადაგება? იქნებ ამ ქადაგებით ცდილობდნენ დაეოკებინათ ჩვენი პირქუში ვნება ადამანით ვაჭრობსა? ასე იყო თუ ისე, ის მაინც ფაქტია, რომ ჩვენი მწერლების სიტყვა ღვთაებრივი კაცთმოყვარეობის სიტყვაა.

ეს ძირითადი და არსებითი პრობლემაა. ჩვენმა დღევანდელმა ყოფამ აჩვენა და თვალნათლივ დაგვანახა, რომ არაფერს ისე არ უჭირს ახლა, როგორც სიყვარულს, თანალმობას, თანაგრძნობას, გულმოწყალებას. არაფერი ისე მასხრად არ არის აგდებული, დამცირებული და დაკნინებული, როგორც ეს ეთიკური მოთხოვნილებანი ადამიანისა.

ადამიანით ვაჭრობა მარტო ფულის გაკეთების მიზნით არ ხდება. უფრო უარესია, ადამიანით ვაჭრობა მისი ზნეობრივი დამცირების მიზნით. ადამიანით ვაჭრობაა ისიც, როცა მოსამართლე ქრთამს იღებს, უდანაშაულოს სჯის და დამნაშავეს ამართლებს, როცა უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად აბიტურიენტმა ეგზამენატორს ფული უნდა მისცეს. როცა თანამდებობა უნდა იყიდო… გვინდოდა თუ არ გვინდოდა, მოველოდით თუ არ მოველოდით, ხიდი გავდეთ ბნელ ეპოქასთან, როცა ჩვენში ადამიანით ვაჭრობა წარმოებდა. ხომ არ შეუწყო ხელი ამას ჩვენი მწერლობის ძირთადი და განსაკუთრებული ნიშნის დავიწყებამ? ლანა ღოღობერიძის კინო სურათში „დღეს ღამე უთენებია“არის ეპიზოდი, რომელშიც ორი რევოლუციონერი სულით ავადმყოფს ჰკლავს იმისათვის, რომ სნეულმა ეკლესიის ზარი დარეკა. ამ რევოლუციონერებისათვის რომ გეკითხათ-ეს დანაშაული რატომ ჩაიდინეთო? უთუოდ გეტყოდნენ-ადამიანთა ბედნიერებისთვისო. აი, როგორ შევცვლილვართ. როგორ დავშორებივართ იმ ქალს (მინდიას რომ თავი დავანებოთ), რომელიც ვეფხის დედასთან მიდიოდა სამძიმრის სათქმელად. მტრის ტკივილის გაგების სურვილიდან, მოყვასის(ისიც შეშლილის) მკვლელობამდე დავკნინებულვართ.”

გამოყენებული მასალა: აკაკი ბაქრაძე “კინო.თეატრი”(1989წ)

მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. კატეგორიულად ვაფრთხილებ სხვა ინტერნეტჟურნალების ადმინებს!(განსაკუთრებით “პრესა.გე”) არ დააკოპირონ და არ განათავსონ “ამბიონის” სტატიები თავიანთ ჟურნალებში, თუნდაც წყაროს მითითებით ბმულის სახით!!! “ამბიონში” გამოქვეყნებული სტატიები მზადდება მხოლოდ “ამბიონისათვის”.

  2. au raia bujo egi a? racxaa patara dawere ra weikitxavs amas.raia egi raia raia adamianebi araxart????

  3. ჩაცუცქულ მდგომარეოაში, ასეთი პატარა სტატიის წაკითხვაც გაგიჭირდებათ, ნამდვილად.. :) “გეიგეეეთ”? საერთოდ კითხვა რომ იცით, ეგეც საკვირველია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები