მთავარი » სხვადასხვა

ადამიანი მღვიმეებში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.08.2012 | 3,929 ნახვა

ადამიანის მიერ მღვიმეებით სარგებლობას რამდენიმე ასეული ათასი წლის ისტორია აქვს. ქვაბთმშენებლობისა და ადამიანის ცხოვრებაში მღვიმეების დანიშნულების შესახებ გვესაუბრება გეოგრაფი, ადამიანი მღვიმეებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი:

“როდის დაიწყო ქვაბთმშენებლობა ადამიანმა, ზუსტად დადგენილი არ არის, რამდენადაც გამოქვაბულთა უმრავლესობა მოკლებულია დამათარიღებელ ნიშნებს. ეგვიპტეში შემონახული ბენიჰასანის სააკლდამე ქვაბების შექმნის დროდ 5 ათას წელს ითვლიან. ქვაბთმშენებლობა ინტენსიურად წარმოებდა ანტიკურ ეპოქასა და საშუალო საუკუნეებში. ხელოვნური მღვიმეები გვხვდება სხვადასხვა ჰიფსომეტრიულ სარტყლებში – ზღვის დონიდან 4000 მ. სიმაღლემდე. ამ მხრივ აღსანიშნავია ბეთლემის ქვაბი მყინვარწვერის ფერდობზე, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 4050 მ-ზე მარადიული თოვლის სარტყელში. დიდ აბსოლუტურ სიმაღლეებზე გამოქვაბულები გვხვდება ნეპალში. ქანები, რომლებშიც გამოკვეთილია ხელოვნური მღვიმეები, ლითოლოგიურად მრავალგვარია: ქვიშაქვები (უფლისციხე, დავითგარეჯა), კონგლომერატები (შიომღვიმე, თურდო, კისისხევი, ბოდორმა), ვულკანური ტუფები და ტუფობრექჩიები (ვარძია, სამსარი, ვანისქვაბი), ბაზალტები (კაკლიანი, დაშბაში).

ქვაბთმშენებლობა წარმოებდა სხვადასხვა მიზნით და ემყარებოდა სხვადასხვა ერების სამშენებლო-სახუროთმოძღვრო ტრადიციებს. ამიტომაც გამოქვაბულების სიდიდე, მათი დაჯგუფების სირთულე, მისადგომობა, ფორმა, გარეგანი და შინაგანი მოწყობილობა-მორთულობა დიდ მრავალგვარობას იჩენს. შეიძლება გამოვყოთ გამოქვაბულ ნაგებობათა შემდეგი ძირითადი ფუნქციონალური ტიპები: საცხოვრისები (გამოქვაბული სახლები, უბნები, სოფლები, ქალაქები); სამხედრო-თავდაცვითი გამოქვაბულები (სახიზრები, ციხეები, განძსაცავები); საკულტო (ქრისტიანული, ბუდისტური, ინდუსტური ტაძრები, მონასტრები, სალოცავები, სააკლდამე და სამარხი ქვაბები, ბერთა და განდეგილთა საკნები); სამიმოსვლო (მიწისქვეშა ქუჩები, საიდუმლო ხვრელები, გვირაბები); სამეურნეო (საწყობები, მარნები, მაცივრები, პირუტყვის სამწყვდევები, ფაბრიკა-ქარხნების სათავსოები); წყალმომარაგებისა და წყალსაწრეტი გამოქვაბულები (წყალსადენები, სადრენაჟო გვირაბები, ცისტერნები); სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებელი (მაღაროები, შახტები). აგვრეთვე გვხვდება გამოქვაბული თეატრები, აბანოები, მეთევზეთა, კონდრაბანტებისა და ყაჩაღთა თავშესაფრები, კარანტინები და სხვ. ვარძიის შემადგენლობაში შედის გამოქვაბული ტაძარ-ეკლესიები, საცხოვრებელი საკნები, საიდუმლო გვირაბი. ბევრი გამოქვაბული და მათი ჯგუფი ერთსა და იმავე დროს ემსახურებოდა სამხედრო და საკულტო მიზნებს (მყინვარწვერის ბეთლემი, ჯორთკლდე, შავწყალა, აბუხალო).

მრავალი საკულტო და სამოქალაქო გამოქვაბული ნაგებობა აღჭურვილია მორთულობით კედლის მხატვრობისა, ბარელიეფებისა და სკულპტურების სახით. ქრისტიანულ ძეგლებს მხოლოდ ფრესკები ამკობენ, ხოლო ბუდისტურსა და ინდუისტურ ტაძრებში გვხვდება ქანდაკებებიც. იმერეთის მღვიმე მართლმადიდებელი ერების მოხატული გამოქვაბული ნაგებობებიდან აღსანიშნავია დავით გარეჯა, ვარძია და აბუხალო საქართველოში. გორემეს ხეობის ტუფრ კონუსებში გამოკვეთილი ბიზანტიური მონასტრები (თურქეთი, კაპადოკია) და სხვ. ეგვიპტეში, ქ. ქაიროს გარეუბანში აღმოაჩინეს ძვ.წ. VII ს. სამარხები მუმიებითა და კედლის მხატვრობით. ფრესკები არის ეგვიპტეშივე, სუდანის საზღვართან კლდეში ტაძარშიც, რომელიც მიეკუთვნება ფარაონ რამზეს II-ის ეპოქას (ძვ.წ. XIV-XIII სს.) სკულპტურებით შემკული გამოქვაბული ტაძრებიდან აღსანიშნავია აჯანთა (ინდოეთი, ძვ.წ. II _დან ახ. წ. VII ს-მდე), ელორა (ქ. აურანგაბადის ჩრდილო-დასავლეთით); “ათასი ბუდას ქვაბები” და სხვა გამოქვაბულ-მონასტრები ჩინეთში. სკულპტურები გამოსახავენ ღმერთებს, ადამიანებსა და ცხოველებს.

რა პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა მღვიმეებს?

მღვიმეთა პრაქტიკული მნიშვნელობა დღეისათვის შემდეგში მდგომარეობს: ა) მათი წყლების გამოყენებაში, ბ) საკანალიზაციო ექსპლოატაციაში, გ) მღვიმურ მკურნალობაში, დ) მღვიმურ ტურიზმში, ე) მღვიმური სასარგებლო ნამარხების მოპოვებაში, ვ) მღვიმეების საწყობებად გამოყენებაში, ზ) მღვიმეებში საბოსტნე კულტურების ზამთრობით მოყვანაში და ა.შ. მღვიმური წყლების სასმელად გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევებში, თუ დადგენილია მათი იზოლირებულობა არაჰიგიენური ზედაპირული წყლისაგან. ამგვარი მიწისქვეშა ნაკადები წყალს იკრებენ დაუსახლებელი ზედაპირული აუზებიდან, ტყიანი და ალპური სარტყელების ფარგლებში. კარსტული წყლების გაჭუჭყიანების ასაცილებლად საჭიროა აიკრძალოს დახოცილი პირუტყვის კარსტულ ჭებსა და ძაბრებში ჩაყრა, რასაც ხშირად სჩადიან მწყემსები. მღვიმური წყლები გამოიყენება მოთენას (ოდიში), ჭიშურას (იმერეთი), ჯიხაშკარისა (ოდიში) და სხვა მღვიმეებში. პრომეთეს მღვიმე ანტიკურ ხანაში ბერძნები და რომაელები სარგებლობდნენ კარსტული მღვიმეებით ზოგიერთი რაიონის ჭარბი წყლების დასაწრეტად და ამით შესაძლებლობას ქმნიდნენ დახშულ ტაფობებში მიწათმოქმედებისა და მოსახლეობის არსებობისათვის. უფრო გავრცელებულია კარსტული სიღრუვეების საკანალიზაციო გამოყენება დასახლებული პუნქტების ფარგლებში. მღვიმური გარემო აღჭურვილია გარკვეული სამკურნალო თვისებებით, სპელეოთერაპია საკმაოდ გავრცელებულია, სამკურნალო მიზნით გამოიყენება როგორც თბილი (თერმებიანი), ისევე ჩვეულებრივი (ცივი) კარსტული მღვიმეებიც.

რა პირობების დაცვაა საჭირო მღვიმეებით სარგებლობისას?

მღვიმეთა სამკურნალოდ გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე, მღვიმის სპეციალური შესწავლა და დაავადების ზუსტი საექიმო დიაგნოზი. მღვიმეებში ყოფნა მავნებელია ტუბერკულოზით დაავადებულთათვის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არასათანადოდ მოწყობილ მღვიმურ მკურნალობას საწინააღმდეგო (უარყოფითი) შედეგი მოჰყოლია. ბუნებრივი (კარსტული) მღვიმეების გარდა, მიწისქვეშა მკურნალობა ქვამარილის მაღაროებშიც წარმოებს. მარილის ნაწილაკებით გაჟღენთილი, ბაქტერიებს მოკლებული, მუდმივი ტემპერატურის მქონე ჰაერი და ზოგ შემთხვევაში მაღალი ატმოსფერული წნევაც კურნავს სასუნთქი გზების, კანის დაავადებებს, ბრონქიალურ ასთმას, ყივანახველასა და სხვა სნეულებებს.

რამდენად უწყობს ხელს მღვიმეების არსებობა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას?

მთელი რიგი ბუნებრივი და ხელოვნური მღვიმეები მასობრივი ტურიზმის ობიექტებს წარმოადგენენ და ზოგან ნაკრძალებადაცაა გამოცხადებული, ასევე, სხვა ტურისტულ ობიექტებთან ერთად შედის ეროვნულ პარკებში. გარდა ამისა, მთელი რიგი შესანიშნავი მღვიმეებისა და გამოქვაბულებისა პიარის გარეშეც მრავალ მნახველს იზიდავს. ბევრი მღვიმე და გამოქვაბული თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით კეთილმოწყობილია (ელექტროგანათება, მისადგომი გვირაბები, ლიფტები, მიწისქვეშა მდინარეებსა და ტბებზე სამოგზაურო ნავები, სახიფათო ადგილებში აგებული აივნები, მოაჯირები, კიბეები და ა.შ.). მღვიმური ტურიზმი და ექსკურსიები მნიშვნელოვან შემოსავალს აძლევს სახელმწიფოს. საქართველოში გარდა ახალი ათონის, სათაფლიის, პრომეთეს (წყალტუბოს) და ნავენახევის მღვმეებისა, მასობრივი ტურიზმის ობიექტად გადაქცევის პერსპექტივა აქვთ აბრსკილის, ცუცხვათის, ნაზოდელავოს, გარახას, კორცხელის, კარიანიკლდის, ნახიზნევის, კოტიას კლდისა და ხვედელიძეების კლდის მღვიმეებს.

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი