21 ივლისი 2024, კვირა
მთავარისხვადასხვააბრეშუმის გზის ისტორიული როლი

აბრეშუმის გზის ისტორიული როლი

“თბილისი ისევე, როგორც მცხეთა იმ გზაჯვარედინზე მდებარეობდა, რომელსაც აბრეშუმის გზა ჰქვია”

აბრეშუმის დიდი გზა ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზაა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა.

მეიდანი ამ გზით ვაჭრობა ძვ. წ. II საუკუნიდან იღებს სათავეს. აბრეშუმის გზით გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომელიც რომში, ბიზანტიაში, ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების – პართიისა და მოგვიანებით, სასანიანთა ირანის შუამავლობით ჩინეთიდან შეჰქონდათ.

აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და ბიზანტიას საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ პართიასთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან. აბრეშუმის დიდმა გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის.

თავად სახელი “აბრეშუმის გზა” არ გულისხმობდა მხოლოდ აბრეშუმით ვაჭრობას, ეს სახელი ეწოდა იმის გამო, რომ სწორედ ჩინურ აბრეშუმს მოჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი მოგება.

ამ გზითვე შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, შეაღწია რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა.

VII-IX საუკუნეებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალიფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის დიდმა გზამ მნიშვნელობა XVII საუკუნის მიწურულში დაკარგა, როდესაც ევროპელებმა საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით საბოლოოდ აითვისეს .

მერაბ ძნელაძე (არქეოლოგი, ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი):

“აბრეშუმის გზის გაყვანა დაკავშირებულია ბერძნული, სპარსული, ჩინური, ინდური, ხმელთაშუა ზღვისპირეთის, შავი ზღვისპირეთის ნაწილის გააქტიურებასთან. რომ წარმოვიდგინოთ თუ რას მოიცავს აბრეშუმის გზა რუკაზე, ეს გახლავთ ჩინეთი, ინდოეთი, შემდეგ მოდის აზია, რომელსაც გადაკვეთდნენ ხოლმე კასპიის ზღვამდე. არის კიდევ რამდენიმე გზა, რომელიც ჩვენამდე მოდის…ერთი, ეს გახლავთ და მეორე – სომხეთის საშუალებით მცხეთისკენ მომავალი, მესამე კი – სამხრეთის მხრიდან.

მოგეხსენებათ ძვ.წ. აღ-ით IV საუკუნის შემდგომ პერიოდში საქართველოს დედაქალაქი მცხეთა გახლდათ. ამ დროს ვაჭრობა განსაკუთრებულ ხასიათს იღებს. ბერძნული კულტურა ერწყმის ირანელების უაღრესად განვითარებულ კულტურას.
აბრეშუმის გზა უაღრესად მნიშვნელოვანი გზა იყო. შემოდიოდა სხვადასხვა ნივთები, ბიჟუტერია, ხელოვნების ნიმუშები, მშენებლობის ხელოვნება, სხვადასხვა ფორმით გამოხატული კულტურა.

ვაჭრობის, საქონლის გაცვლა-გამოცვლის გარდა ეს სამხედრო გზაც გახლდათ. ქვეყანა რამდენადაც ძლიერია, მას კარგი გზები აქვს ერთი ნაწილიდან მეორეში ადვილად მოსახვედრად. ამდენად, აბრეშუმის გზის არსებობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
აქ ორი დიდი სამყაროა – აღმოსავლეთისა და დასავლეთის. ხდება ამ სამყაროების კულტურების შერწყმა, გზა იყო ერთადერთი საშუალება ამ ურთიერთობებისა. ირანსა და საბერძნეთს, რომსა და სპარსეთს შორის უშველებელი ომები იყო სწორედ მსოფლიოს ბატონობისთვის. ძლიერი ქვეყანა ხელოვნებაშიც ძლიერია.

ვინც ფლობდა თბილისს, ის ფლობდა კავკასიას და ვინც კავკასიას ფლობდა, მას ის კარიბჭეც ეკუთვნოდა, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეერთება ჰქვია. სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ამ გზაზე მდებარეობს, ფაქტობრივად, კარიბჭეს ფლობს. კავკასიის კარიბჭე საქართველოზე გადის. ამდენად, ამას მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა და ახლაც გააჩნია.

თბილისი ისევე, როგორც მცხეთა იმ გზაჯვარედინზე მდებარეობდა, რომელსაც აბრეშუმის გზა ჰქვია. თბილისი გარკვეულწილად ითვლებოდა იბერიის დედაქალაქის – მცხეთის, ქართლის სამეფოს აღმოსავლეთ კარიბჭედ. მტერი რომ მოდიოდა, ჯერ გამაგრებული პუნქტი უნდა მოევლო, რომელიც თბილისში არსებობდა და შემდეგ დედაქალაქისაკენ მიემართებოდა. არქეოლოგიურმა კვლევამ, რომელიც 40 სებასტიელ მოწამეთა მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა, მოგვცა საშუალება, გარკვეული ხედვა ჩამოგვეყალიბებინა მცხეთიდან დედაქალაქის სამეფო რეზიდენციის თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით. საინტერესოა, რატომ გადმოდის სამეფო რეზიდენცია თბილისში? ამაზე უამრავი მოსაზრება და ფაქტორები არსებობს, როგორც ეკონომიკური, ასევე სტრატეგიული, პოლიტიკური და ა.შ. მაგრამ ქალაქური ტიპის ციხე-სიმაგრისა და ანტიკური ხანის აბანოს აღმოჩენამ განსხვავებული ხედვა ჩამოგვიყალიბა. მით უმეტეს, დღეს საბჭოთა იდეოლოგიას ავცილდით, ბევრი საკითხი, რაზე საუბარიც საბჭოთა პერიოდის დროს გვინდოდა და ვერ ვამხელდით, ახლა უკვე თავისუფალია, განსაკუთრებით ეს რელიგიას ეხება.

ჩვენი მთავარი კონცეფცია ამასთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ მიზანი თბილისში დედაქალაქის გადმოტანისა, ეს იყო გენიოსი, შორსმჭვრეტელი მეფის, უჭკვიანესისა და დიდი მთავარსარდლის ვახტანგ გორგასლის მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული დიდი საშვილიშვილო საქმე, რაც ქრისტეს კვართთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ქრისტეს კვართი დაცული ყოფილიყო, ვახტანგ გორგასალმა ეს ნაბიჯი გადადგა. პოლიტიკურად და ეკონომიკურად მცხეთა გაცილებით ძლიერია. გორგასალმა იცოდა, რომ დედაქალაქი ყოველთვის გალესილ ხმალზე დევს, მტერი, პირველ რიგში, დედაქალაქს, სახელისუფლებო ცენტრს, ყველაზე მდიდარ ადგილს იპყრობს. უამრავი მტერი ჰყავდა საქართველოს. ამიტომ გადაიტანა დედაქალაქი თბილისში.

მცხეთა მეორე იერუსალიმად ითვლებოდა, რადგან აქ ყველა სიწმინდე მეორდება, რაც იერუსალიმშია. გორგასალმა დედაქალაქი თბილისში რომ გადმოიტანა, იგივე გააკეთა და დააარსა ყველა ის წმიდა ადგილი, რომელიც იერუსალიმში მეორდება…”.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. დზლაიან სასარგებლო ინფორმაციაა მართალია სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი მაგრამ ისტორია დზლაიან მიყვარდა მაგრამ ეს არასდროს მომისმენია ეხლა კი ბედინერი ვარ რომ წავიკითხე და ვიცი გორგასლის კიდევ ერთი მოხერხებული გზა სიწმინდეების დასაცავად

  2. საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა, ეს ყველა ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები