საქველმოქმედო ფონდში “სოციალური პარტნიორობა”, დახმარების თხოვნით 6 შვილის მამა, ბადრი ქობულაშვილი მივიდა. მათი ოჯახის ისტორია მართლაც შემაძრწუნებელია!
2 წლის წინ ბავშვების დედას, თეას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – სიმსივნე! ოჯახმა მთელი თავისი დანაზოგი მკურნალობას მოახმარა, გაყიდეს ყველაფერი რაც ებადათ.

სანამ მეუღლე ავად გახდებოდა, ბადრი მუშაობდა და ოჯახს ინახავდა, მაგრამ როდესაც თეას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მან სამსახურს თავი დაანება, რათა ბავშვებისა და ცოლისთვის ყურადღება მიექცია.
ქობულაშვილების ოჯახი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. ბინის ქირას ვეღარ იხდიდნენ, რის გამოც ქუჩაში აღმოჩდნენ და აეროპორტის დასახლებაში დაუსრულებელ ბეტონის კონსტრუქციას შეაფარეს თავი. ეს შენობა კარცერს უფრო ჰგავს. აქ არც დენია გაყვანილი და არც წყალი, კანალიზაცია და გაზზე საუბარიც კი ზედმეტია.
ხელ–პირის დაბანა ბავშვებს მეზობლებთან უწევთ, სასმელი წყალი ქუჩიდან მოაქვთ.
მათ ერთადერთ ოთახში ,,სამზარეული“ და ,,საძინებელი“ აქვთ მოწყობილი, იმდენად ცივა და ნესტია, რომ კედლებზე ობის სქელი ფენაა მოდებული, სახლის გათბობა არ ხერხდება – შეშას ვერ ყიდულობენ უფულობის გამო. ეკონომიის გამო სანთლებსაც ყოველ საღამოს ვერ ანთებენ და როცა დაბნელდება დასაძინებლად წვებიან, რომ ძველი საბნების ქვეშ ცოტა მაინც გათბნენ და ღამე გადააგორონ. ბეტონის ოთხ კედელში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრების გამო, ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ.
ფოტოებზე ნათლად ჩანს, თუ როგორ პირობებში უხდება არსებობა ქობულაშვილების მრავალშვილიან ოჯახს. 6 ბავშვი, რომელთა ასაკი ორიდან თხუთმეტ წლამდეა და მათი დედ–მამა ენით აუწერელ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ამჟამად ქობულაშვილების ოჯახის მდგომარეობა კატასტროფულია. საარსებოდ სოციალური დახმარება არ ჰყოფნით! დღეში ერთხელ სოციალური სასადილოდან მოაქვთ საკვები, მაგრამ 8 სულიანი ოჯახისთვის ეს საკმარისი არ არის…
ბავშვები ხშირად მშივრები რჩებიან და უბრალო პურიც კი სანატრელი აქვთ!
თანხის უქონლობის გამო, თეას მკურნალობის შეწყვეტა მოუხდა, მას ეშინია, რომ თუ მისთვის ისევ წამლების ყიდვა გახდება საჭირო, ბავშვები უბრალოდ შიმშილით დაიხოცებიან…
დახმარებას არავისგან ელიან… ექვსი ბავშვი: ავთანდილი, კახაბერი, მიხეილი, ნათია, მარიამი და ბარბარე გულისხმიერ ხალხს დახმარების თხოვნით მიმართავენ, მათ უნდათ, რომ დედიკო კვლავ ჯანმრთელი ჰყავდეთ… მათ არ უნდათ დაობლება.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას ქობულაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. გთხოვთ გვერდში დაუდგეთ მათ და დახმარების ხელი გაუწოდოთ! ამ ოჯახს ესაჭიროება თანხა თეას სამკურნალოდ ასევე საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები ბავშვებისთვის, შეშა და ტანსაცმელი.
თუ გაქვთ საშუალება აღმოუჩინოთ მათ ფინანსური დახმარება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ქობულაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან www.fsp.ge
გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და კეთილშობილება. მცირედი თანხის შემოწირვითაც კი, თქვენ აჩუქებთ შანსს გადარჩეს, არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელ ოჯახი, რომელიც განადგურების პირასაა მისული…
აღნიშნული წერილი “ამბიონის” გვერდზე განთავსებულია საქველმოქმედო ფონდ “სოციალური პარტნიორობისა” და “ამბიონის” უერთიერთშეთანხმების საფუძველზე.

Sad cxovroben misamarti sheizleba?
დაუკავშირდით ფონდს “სოციალური პარტნიორობა” – ტელ.: +995 32 219 33 21