წმიდა სერაფიმე საროველის მიერ აღსრულებული სასწაულები
სერაფიმო-დივეევოს მონასტრის 40 წლის მორჩილი ნატალია პუშკინა 7 წლის განმავლობაში იტანჯებოდა სისხლდენით. ის ფეხით მივიდა სერაფიმო-პონეტაევკოს მონასტერში, რის შემდეგაც სისხლდენა შეუჩერდა.

ცოტა ხანში მუცელში მას განუვითარდა სიმსივნე, რომელიც 5 წლის განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. ის ძლივს დადიოდა და მოხრა უჭირდა. ექიმმა მისი ავადმყოფობა უკურნებელად ჩათვალა და ოპერაციის გაკეთება ურჩია. ნატალიამ ყველა იმედი ღმერთზე დაამყარა. ახლოვდებოდა მამა სერაფიმეს გარდაცვალების დღე და მან გადაწყვიტა, საროვოში გამგზავრებულიყო. მონაზონ თებრონიასთან ერთად ის ფეხით წავიდა საროვოში, თუმცა იღლებოდა და ძალიან უჭირდა. აქ ის მივიდა საფლავზე, აღსარება თქვა და ეზიარა. ღამით სენაკში წავიდნენ დასაძინებლად.
მონაზონმა თებრონიამ გასაღებით გადაკეტა კარები. ღამით ნატალია გააღვიძა კარების ხმამ. იგრძნო, ვიღაც შემოვიდა ოთახში. მან იფიქრა, რომ მორჩილი აღვიძებდა დილის ცისკარზე და საბანი გადაიფარა თავზე. უცებ ვიღაც შეეხო მარჯვენა მხარზე და უთხრა: „შენ მოხვედი საწყალ სერაფიმესთან განსაკურნებლად, 3-ჯერ განიბანე ჩემს წყაროში და გამოჯანმრთელდები“. შემდეგ მოესმა ფეხის ხმა, რომელიც ნელ-ნელა შორდებოდა. ნატალიამ სასწრაფოდ გადაიძრო საბანი და დაინახა რაღაც უჩვეულო, მაგრამ სასიამოვნო ნათელი. მან მღელვარებით გააღვიძა თებრონია და ყველაფერი მოუთხრო. მისცვივდნენ კარებს. იგი შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა. ნატალია მიხვდა, რომ თვით მამა სერაფიმემ ინახულა. მან შეასრულა ბერის დარიგება და 3-ჯერ განიბანა წყაროზე, რის შემდეგაც მისი სიმსივნე გაქრა.
