მთავარისხვადასხვა164 გაუკაცრიელებული სოფელი და პატრიარქის მიმართვა ხელისუფლებას

164 გაუკაცრიელებული სოფელი და პატრიარქის მიმართვა ხელისუფლებას

“ქორთიარდ მარიოტში” მთის პრობლემასთან და პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით სპეციალური კონფერენცია სახელწოდებით “SOS საქართველოს მთა” გაიმართა. მთა კონფერენცია “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის”, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციაზე, რომელსაც სასულიერო პირებიც დაესწრნენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი წაიკითხეს.

“გულითადად მოგესალმებით დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და გამოვხატავ ჩემს მადლიერებას მთის პრობლემების წინ წამოწევის გამო. ამ თემაზე გასულ წლებში არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს ქადაგებებსა და ეპისტოლეებში, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი არ მოჰყოლია. ვიმედოვნებ, ეს კონფერენცია, ქმედითი ღონისძიებების საწყის ეტაპად იქცევა.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებებია განსახორციელებელი და სამუშაო ადგილები შესაქმნელი, რომ ხალხი დაინტერესდეს და მთისკენ იბრუნოს პირი. ვინ შეიძლება დასახლდეს აღნიშნულ რეგიონებში? პირველ რიგში, უნდა ვეცადოთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაბრუნდეს და თუ ამას ვერ მივაღწევთ, პირობები უნდა შეიქმნას, თუნდაც მათი ნახევარწლიანი მომთაბარე ცხოვრებისათვის, ანუ ნაწილობრივი დაბრუნებისათვის მიტოვებულ ადგილებში.

კარგი იქნება, თუ დავასახლებთ (წინასწარი მომზადების შემდეგ) მშობლების მზრუნველობამოკლებულ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც 18 და მეტი წელი შეუსრულდა და რომელთაც აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ფაქტობრივად, ქუჩაში წასვლა უწევთ. შეიძლება ვიფიქროთ იმ ოჯახებზეც, რომლებმაც გაჭირვების გამო დაკარგეს სახლ-კარი და ღვთის ანაბარად დარჩნენ. ასევე სასურველია, მთის დაუსახლებელ ტერიტორიებზე მოეწყოს მიმაგრების ადგილები, რომ შედარებით მსუბუქი დანაშაულის მქონე ადამიანებმა მოიხადონ სასჯელი და თავისი შრომით წვლილი შეიტანონ მხარის აღორძინებაზე. რა თქმა უნდა, წინადადებები სხვაც ბევრი იქნება და ალბათ გაცილებით უკეთესიც, რაც ფრიად სასიხარულოა ჩვენთვის.

მთავარია, რეალური ნაბიჯები გადაიდგას, რომ ქვეყანა დაცარიელებული მთიდან გამომდინარე უმძიმესი შედეგებიდან ვიხსნათ. ეკლესია მზად არის, შესაძლებლობისამებრ გვერდში დაუდგეს ამ საქმეს და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს გადარჩენაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველანი, ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიეროს საქართველოს მთა და ბარი”, – აღნიშნავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

შეგახსენებთ, კონფერენციის განხილვის საგანს წარმოადგენდა მთაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და დემოგრაფიული პრობლემები. ორგანიზატორთა თქმით, 2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 164 სოფელი მთლიანად გაუკაცრიელდა, ხოლო 152 სოფელში 10 და 10-ზე ნაკლები კომლი ცხოვრობს. ამ სოფლების უმეტესობა მთიანი სოფელია, ასევე უმძიმესი მდგომარეობაა საზღვრისპირა ზოლში, რომელიც თითქმის მთლიანად არის დაცლილი მოსახლეობისაგან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები