25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისხვადასხვა16 სექტემბერს აღდგენილი ბაგრატის ტაძარი ეკურთხება

16 სექტემბერს აღდგენილი ბაგრატის ტაძარი ეკურთხება

ახლადნაკურთხ ბაგრატის ტაძარში პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

აღდგენილი ბაგრატი მსახურებაზე დასასწრებად მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასვლას გეგმავს. კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობასა და მხედრობას ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე დასწრებისკენ 9 სექტემბერს მოუწოდა.

“მე მომავალ კვირასაც ვერ ვიქნები, რადგან დიდი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში და საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. მომავალ კვირას იხსნება ბაგრატის ტაძარი. მე ვიქნები იქ, შესრულდება წირვა-ლოცვა, კურთხევა ბაგრატის ტაძრისა. მეფე ბაგრატი აღმშენებელი ამ ტაძრისა, არის საქართველოს გამაერთიანებელი, ამიტომ ყველას გიწვევთ იქ, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს. მადლი ღვთისა ყველამ უნდა მიიღოს ამ დიდი და მადლიანი ტაძრიდან,”- აღნიშნა ქადაგებისას უწმიდესმა.

ბაგრატის ტაძრის აღდგენა 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა. ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა, რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევდა. მიმდინარე წელს საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია ტაძრის დასავლეთის მკლავისა და პატრონიკეს ანუ აივნის მოწყობის საკითხმა.

მიმდინარე წელს სანკტ-პეტერბურგში გამართულ 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა და მის სამომავლო სტატუსს 2013 წლის სხდომაზე განიხილავს.

ბაგრატ მესამემ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მე-10- მე-11 საუკუნეების მიჯნაზე ააგო და იგი საქართველოს ერთიანობის სიმბოლური გამოხატულობა იყო. მე-17 საუკუნის ბოლომდე იგი უვნებლად იდგა. შემდეგ ოსმალებმა შემუსრეს. ამ დროს ჩამოინგრა გუმბათი და გადახურვები. მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე ბაგრატის ტაძრის სამხრეთი და დასავლეთის კარიბჭეებიც იყო შემორჩენილი.

ტაძრის აღდგენა-კონსერვაცია 1952 წლიდან დაიწყო. 1994 წელს კი ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დღეს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები