დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.

ინ. 13,31-18,1
- როგორც კი გავიდა, იესომ თქვა: აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა მის მიერ.
- ხოლო თუ ღმერთი იდიდა მის მიერ, ღმერთიც ადიდებს მას თავის მიერ, და ადიდებს მას მალე.
- შვილებო, ცოტა ხანსღა ვარ თქვენთან; ძებნას დამიწყებთ, და რაც ვუთხარი იუდეველებს: სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ-მეთქი, იმასვე გეუბნებით თქვენც ახლა.
- ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი.
- იმით გიცნობთ ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ გექნებათ სიყვარული ერთმანეთს შორის.
- ჰკითხა მას სიმონ-პეტრემ: უფალო, სად მიხვალ? იესომ მიუგო: სადაც მე მივალ, შენ ვერ გამომყვები ამჟამად, შემდეგ კი გამომყვები.
- უთხრა მას პეტრემ: უფალო, რატომ ვერ გამოგყვები ამჟამად? სულს დავდებ შენთვის.
- იესომ მიუგო: სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ მე.
- ნუ შეძრწუნდება თქვენი გული; გწამდეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
- მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?
- ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.
- ხოლო სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა.
- უთხრა მას თომამ: უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ; როგორღა უნდა ვიცოდეთ გზა?
- უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.
- მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ; ამიერიდან კი იცნობთ მას და გიხილავთ იგი.
- ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.
- უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?
- ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა – ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს.
- მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი – ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ.
- ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.
- რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.
- რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ.
- თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი.
- ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, –
- ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.
- არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.
- ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
- იმ დღეს შეიცნობთ, რომ მე მამაში ვარ, თქვენ კი – ჩემში, ხოლო მე – თქვენში.
- ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.
- უთხრა მას იუდამ, არა ისკარიოტეღმა: უფალო, რა არის, რომ აპირებ ჩვენ გამოგვიცხადო თავი და არა ქვეყანას?
- მიუგო იესომ და უთხრა მას: ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ.
- ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს; ხოლო სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.
- თქვენთან მყოფმა გითხარით ეს.
- ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.
- მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მშვიდთბას ჩემსას გაძლევთ თქვენ: მაგრამ ისე კი არა, როგორც იძლევა ქვეყანა. ნუ შეკრთება თქვენი გული, ნურც შეშინდება.
- ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია.
- აწ გითხარით, ვიდრე ახდებოდეს, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
- ბევრს ვეღარაფერს გეტყვით, რადგანაც მოდის ამ ქვეყნის მთავარი, და არაფერი აქვს ჩემში.
- მაგრამ რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა, და როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ: ადექით, წავიდეთ.
- მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა.
- ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
- თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით.
- დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში.
- მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.
- ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
- თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
- ამით იდიდება მამაჩემი, თუ გამოიღებთ უხვ ნაყოფს და იქნებით ჩემი მოწაფენი.
- როგორც შემიყვარა მე მამამ, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ; დარჩით ჩემს სიყვარულში.
- თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს, დარჩებით ჩემს სიყვარულში; როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებანი და ვრჩები მის სიყვარულში.
- ეს გითხარით, რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს და სრულ იყოს თქვენი სიხარული.
- ეს არის ჩემი მცნება, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
- არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის.
- თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ?
- უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან.
- თქვენ კი არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ და დაგიდგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ, და დარჩეს თქვენი ნაყოფი; რათა მამამ მოგცეთ ის, რასაც ჩემი სახელით სთხოვთ.
- ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
- თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ.
- ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
- გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ.
- ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
- რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის.
- ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
- რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.
- რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ.
- ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, – ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.
- და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
- ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ.
- გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.
- ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე.
- მაგრამ ეს გითხარით, რათა, როცა მოაწევს ჟამი, გაიხსენოთ, რომ ეს გითხარით; თავიდანვე კი არ მითქვამს, ვინაიდან თქვენთან ვიყავი.
- ხოლო ახლა ჩემს მომავლინებელთან მივდივარ და არცერთი თქვენგანი არ მეკითხება, სად მიდიხარო.
- თუმცა, ეს რომ გითხარით, მწუხარებით აღივსო თქვენი გული.
- მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას.
- და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის:
- ცოდვისათვის, რადგანაც არ მიწამეს.
- სიმართლისათვის, რადგანაც მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ.
- განკითხვისათვის, რადგანაც ამ ქვეყნის მთავარი უკვე განკითხულია.
- კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვეღარ იტვირთავთ.
- ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
- ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
- ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ-მეთქი.
- ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ: კიდევ ცოტაც და, მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარ.
- ხოლო ზოგიერთმა მისმა მოწაფემ ერთმანეთს უთხრა: ამას რას გვეუბნება: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ, რადგანაც მამასთან მივდივარო?
- ასე ამბობდნენ: ამას რას ამბობს: ცოტაც? ვერ გაგვიგია, რას ამბობს.
- იესო მიხვდა, რომ შეკითხვა სურდათ, და უთხრა მათ: იმისთვის ეკითხებით ერთმანეთს, რომ ვთქვი: ცოტაც და, ვეღარ მიხილავთ; კიდევ ცოტაც, და მიხილავთ-მეთქი?
- ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იტირებთ და ივაგლახებთ, ქვეყანა კი იხარებს; დამწუხრდებით, მაგრამ წუხილი სიხარულად გექცევათ.
- ქალი შობისს წუხს, ვიიდან მოაწია იმისმა ჟამმა; მაგრამ ყრმას რომ შობს, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგანაც ადამიანი იშვა ამქვეყნად.
- თქვენც ასევე მწუხარენი ხართ ახლა; მაგრამ კვლავ გიხილავთ, გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ თქვენს სიხარულს.
- ხოლო იმ დღეს ნურაფერს მკითხავთ; ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც უნდა სთხოვოთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.
- აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით; ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრულ იყოს თქვენი სიხარული.
- აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის დრო, როცა იგავებით კი აღარ გელაპარაკებით, არამედ გაცხადებულად გაუწყებთ მამის შესახებ.
- იმ დღეს შესთხოვთ ჩემი სახელით, და არ გეუბნებით, რომ მე ვთხოვ მამას თქვენთვის.
- რადგან თვით მამას უყვარხართ, ვინაიდან მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმრთისაგან გამოვედი.
- მამისაგან გამოვედი და ქვეყნად მოვედი; კვლავ ვტოვებ ქვეყანას და მამასთან მივალ.
- მისმა მოწაფეებმა უთხრეს: აი, ახლა კი ცხადად გველაპარაკები და არავითარ იგავს აღარ ამბობ.
- ახლა კი ვიცით, რომ ყველაფერი იცი; და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს; ამიტომაც გვწამს, რომ ღმრთისაგან გამოხვედი.
- მიუგო მათ იესომ: ახლა კი გწამთ?
- აჰა, მოდის ჟამი და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ გაიფანტებით და მარტო დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო, რადგანაც მამა ჩემთანაა.
- ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანა
- ასე რომ იუბნა იესომ, ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, მოვიდა ჟამი: განადიდე შენი ძე, რათა ძემაც განგადიდოს შენ.
- რადგანაც მიეცი ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველაფერს, რაც მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
- საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტეს.
- მე განგადიდე დედამიწაზე; აღვასრულე საქმე, რომელიც მომეცა აღსასრულებლად.
- ახლა კი შენ განმადიდე, მამაო, იმავ დიდებით, შენთან რომ მქონდა ქვეყნის შექმნამდე.
- გამოვუცხადე შენი სახელი ადამიანებს, რომლებიც მომეცა ქვეყნისაგან; შენი იყვნენ და მე მომეცი, და დაიცვეს შენი სიტყვა.
- ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.
- რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
- მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან.
- ყველაფერი ჩემი შენია, შენი კი – ჩემი; და მე ვიდიდე მათში.
- მე უკვე აღარა ვარ ამ ქვეყნად, ისინი კი არიან; ხოლო მე შენთან მოვდივარ, წმიდა მამაო; დაიცავი ისინი შენი სახელით, ვინც მე მომეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთნი.
- როცა მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, ვინც მე მომეცი: დავიფარე ისინი და არცერთი არ დამიღუპავს, გარდა დაღუპვის ძისა, რათა აღსრულდეს წერილი.
- ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ვამბობ ქვეყნად, რათა ჰქონდეთ სრულად ჩემი სიხარული.
- მე მათ მივეცი შენი სიტყვები და ქვეყანამ მოიძულა ისინი, ვინაიდან ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.
- არ გევედრები, რომ აიტაცო ისინი ამ ქვეყნიდან, არამედ, რათა ბოროტისაგან დაიფარო ისინი.
- ამ ქვეყნისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ამქვეყნიერი.
- გაწმინდე ისინი ჭეშმარიტებით, რადგანაც ჭეშმარიტია შენი სიტყვა.
- როგორც შენ მომავლინე ამ ქვეყნად, ისე მე მივავლინე ისინი ქვეყნად.
- მე მათთვის გავწმენდ ჩემს თავს, რათა ისინიც წმიდანი იყვნენ ჭეშმარიტებით.
- მარტო მათთვის როდი გევედრები, არამედ ყველასთვის, ვისაც ვწამვარ მათივე სიტყვით.
- რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე – შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე.
- დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი.
- მე მათში, ხოლო შენ – ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
- მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე.
- მამაო მართალო! ქვეყანამ ვერ გიცნო, მე კი გიცანი, და მათაც სცნეს, რომ შენ მომავლინე.
- მე ვაუწყე მათ შენი სახელი და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მეც ვიყო მათში.
- ეს რომ თქვა, იესო თავისი მოწაფეებითურთ კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც იყო ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები.
ინ. 18,1-28
- ეს რომ თქვა, იესო თავისი მოწაფეებითურთ კედრონის ხევს გაღმა გავიდა, სადაც იყო ბაღი, რომელშიაც შევიდა თვითონ და მისი მოწაფეები.
- იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, ვინაიდან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.
- მაშინ წაიყვანა იუდამ რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურნი, და მივიდა იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და საჭურვლით.
- ხოლო იესომ იცოდა ყველაფერი, რაც მოელოდა; გამოვიდა და უთხრა მათ: ვის ეძებთ?
- მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა.
- როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
- კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს: იესო ნაზარეველს.
- მიუგო იესომ: აკი გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, გაუშვით ესენი, წავიდნენ.
- რათა აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ითქვა: ვინც მე მომეცი, არც ერთი მათგანი არ დამიღუპავს.
- ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი.
- მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?
- მაშინ მეომარმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს იგი.
- და მიიყვანეს ჯერ ანნასთან, ვინაიდან ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.
- სწორედ ეს კაიაფა იყო, ვინც ურჩია იუდეველებს, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
- მისდევდა იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე, ხოლო ეს მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.
- პეტრე კი გარეთ იდგა, ჭიშკართან. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, რაღაც უთხრა მეკარე ქალს, და შეიყვანა პეტრე.
- ხოლო მეკარე ქალმა პეტრეს უთხრა: განა შენც ამ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ? მან თქვა: არა ვარ.
- რაკი ციოდა, ეზოში მდგომ მღვდელმთავართა მონებსა და მსახურებს ცეცხლი დაენთოთ და მიფიცხებოდნენ. პეტრეც მათთან იყო და თბებოდა.
- ხოლო მღვდეღმთავარმა ჰკითხა იესოს, ვინ იყვნენ მისი მოწაფეები, ან რას ასწავლიდა იგი.
- იესომ მიუგო: მე აშკარად ველაპარაკებოდი ქვეყანას; გამუდმებით ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყოველი მხრიდან იკრიბებიან იუდეველნი, და ფარულად არა მითქვამს რა.
- მე რას მეკითხები? მსმენელებს ჰკითხე, რას ველაპარაკებოდი მათ. აი, მათ იციან, რასაც ვამბობდი.
- ეს რომ თქვა, ერთმა იქვე მდგომმა მსახურმა სილა გააწნა იესოს და უთხრა: ასე მიუგებ მღვდელმთავარს?
- უთხრა მას იესომ: თუ ცუდად ვთქვი, მიჩვენე ცუდი, და თუ კარგად – რატომღა მცემ?
- მაშინ ანნამ შებოჭილი გაგზავნა იგი მღვდელმთავარ კაიაფასთან.
- სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. და უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ.
- მღვდელმთავრის ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ვისაც ყური ჩამოათალა პეტრემ, უთხრა მას: განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?
- კვლავ უარყო პეტრემ, და მყისვე იყივლა მამალმა.
- ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, – რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა.
მთ.26,57-75
- ხოლო მათ შეიპყრეს იესო და მიიყვანეს იგი კაიაფა მღვდელმთავრისას, სადაც შეკრებილიყვნენ მწიგნობარნი და უხუცესნი.
- პეტრე კი, მღვდელმთავრის ეზომდე შორიახლო მისდევდა მას: შევიდა შიგნით და მსახურებთან დაჯდა, რათა ეხილა დასასრული.
- ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,
- მაგრამ ვერ იპოვეს, თუმცა ბევრი ცრუმოწმე იყო მოსული. ბოლოს მოვიდა ორი ცრუმოწმე,
- რომლებმაც თქვეს: ეს ამბობდა: შემიძლია დავანგრიო ღმრთის ტაძარი და სამ დღეში კვლავ ავაშენოო.
- მაშინ წამოდგა მღვდელმთავარი და უთხრა მას: რატომ არაფერს იტყვი იმის პასუხად, რასაც ესენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ?
- მაგრამ იესო დუმდა, და მღვღელმთავარმა უთხრა მას: გაფიცებ ცოცხალ ღმერთს, გვითხარი, შენ ხარ თუ არა ქრისტე, ძე ღმრთისა?
- უთხრა იესომ: შენ სთქვი. მე კი ამასაც გეტყვით: ამიერიდან მალე იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.
- მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: მან ღმერთი ჰგმო; მაშ, რაღად გვინდა მოწმენი? ხომ მოისმინეთ ღვთისგმობა მისი?
ინ. 18,28 – 19,16
- ხოლო კაიაფასაგან პრეტორიუმში წაიყვანეს იესო. განთიადი იყო, და თვითონ არ შესულან პრეტორიუმში. ვაითუ შევიბილწოთო, – რათა შესძლებოდათ პასექის ჭამა.
- გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?
- მიუგეს და უთხრეს: ეს რომ ბოროტმთქმედი არ იყოს. შენ როდი გადმოგცემდით.
- უთხრა მათ პილატემ: წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ. იუდეველებმა მიუგეს: ჩვენ არა გვაქვს ვისიმე მოკვლის ნება.
- რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
- კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, უხმო იესოს და უთხრა: შენა ხარ იუდეველთა მეფე?
- იესომ მიუგო: შენ თვითონ ამბობ მაგას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?
- მიუგო პილატემ: განა მე იუდეველი ვარ? შენმა ხალხმა და მღვდეღმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. მაინც რა ჩაიდინე?
- მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური.
- უთხრა მას პილატემ: მაშ, მეფე ხარ? მიუგო იესომ: შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოველ ამ ქვეყნად, რომ ჭეშმარიტება ვიმოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისაგან არის, ყურს უგდებს ჩემს ხმას.
- უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
- ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექისას? თუ გინდათ, გაგითავისუფლებთ იუდეველთა მეფეს.
- მაგრამ ყველანი აყვირდნენ და თქვეს: ეგ კი არა, არამედ ბარაბა; ხოლო ბარაბა ყაჩაღი იყო.
- მაშინ პილატემ წაიყვანა იესო და გააშოლტვინა.
- ხოლო ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს, თავზე დაადგეს და ძოწეულით შემოსეს იგი.
- მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო: და სახეში ურტყამდნენ მას.
- კვლავ გამოვიდა გარეთ პილატე და უთხრა მათ: აჰა, გამოგგვრით, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
- მაშინ გამოვიდა გარეთ იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწის მოსასხამით. და უთხრა მათ პილატემ: აჰა, კაცი;
- ხოლო მის დანახვაზე მღვდელმთავრები და მსახურები აყვირდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი! უთხრა მათ პილატემ: თქვენ თვითონ წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, ვინაიდან მე ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
- იუდეველებმა მიუგეს: ჩვენა გვაქვს რჯული, და ჩვენი რჯულღის მიხედვით, სიკვდილის ღირსია, ვინაიდან ღმერთის ძედ დასახა თავი.
- ეს სიტყვა რომ გაიგონა პილატემ, უფრო შეშინდა.
- ხელახლა შევიდა პრეტორიუმში და უთხრა იესოს: სადაური ხარ? მაგრამ იესომ პასუხი არ გასცა.
- უთხრა მას პილატემ: მე არ მცემ ხმას? ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია ჯვარს გაცვა შენ და შემიძლია შენი გაშვებაც?
- იესომ მიუგო: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ უფრო დიდი ცოდვა აქვს იმას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა.
- ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება.
- ეს სიტყვა რომ გაიგონა, პილატემ გარეთ გამოიყვანა იესო და სამსჯავრო ტახტზე დაჯდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქვაფენილი, ხოლო ებრაულად – გაბათა.
- იყო პასექის პარასკევი, ასე, მეექვსე საათი; და უთხრა იუდეველებს: აჰა, თქვენი მეფე!
- ხოლო ისინი აყვირდნენ: წაიყვა, წაიყვა, ჯვარს აცვი იგი! უთხრა მათ პილატემ: თქვენი მეფე ჯვარს ვაცვა? მღვდელმთავრებმა მიუგეს: არა გვყავს მეფე, კეისრის გარდა.
- მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს იესო.
მთ. 27,3-32
- მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ,
- და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე.
- დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
- ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია.
- ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით მეთუნის მიწა.
- ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ დღემდე.
- მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ;
- და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა.
- ხოლო იესო წარდგა მთავრის წინაშე, და ჰკითხა მამთავარმა: შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო იესომ მიუგო: შენ ამბობ.
- და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ.
- მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენ რასმე გწამებენ?
- მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს.
- ხოლო დღესასწაულზე ჩვევად ჰქონდა მთავარს, გაეთავისუფლებინა ხალხისთვის ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ.
- იმხანად ჰყავდათ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა.
- ამრიგად, როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე?
- რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი.
- და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო.
- მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი, გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ.
- და როცა მთავარმა ჰკითხა მათ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ ამ ორთაგანო, ხალხმა მიუგო: ბარაბა.
- ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყო იესოს, რომელსაც ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო: ჯვარს ეცვას!
- ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს ეცვას!
- და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ.
- მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი.
- მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.
- მაშინ მთავრის ჯარისკაცებმა პრეტორიუმში წაიყვანეს იესო, და გარს შემოერტყა მთელი რაზმი.
- ტანთ გახადეს და შემოსეს მეწამული ქლამიდით.
- დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა!
- და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ მას.
- ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ.
- გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.
მკ. 15,16-32
- ჯარისკაცებმა შიდა ეზოში, ანუ პრეტორიუმში შეიყვანეს იგი, და შეკრიბეს მთელი რაზმი.
- შემოსეს ძოწეულით, დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს.
- და დაუწყეს მისალმება: გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!
- თავზე ამტვრევდნენ ლერწამს, აფურთხებდნენ და მუხლმოყრილნი თაყვანსა სცემდნენ.
- ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ძოწეული, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი.
- და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, ეტვირთა იესოს ჯვარი.
- მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს.
- და მისცეს მას სასმელად მურნარევი ღვინო, მაგრამ არ მიიღო.
- ჯვარს აცვეს იგი და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი: ვის რა შეგვხვდებაო.
- ხოლო იყო მესამე საათი, როცა ჯვარს აცვეს იგი.
- და მისი ბრალი ამ წარწერით იყო გადმოცემული: იუდეველთა მეფე.
- მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი, ერთი მის მარჯვნივ და მეორე – მარცხნივ.
- და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო.
- ხოლო გამვლელნი აგინებდნენ, თავებს აქნევდნენ და ამბობდნენ: ეჰა, ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო!
- იხსენი შენი თავი; ჩამოდი ჯვრიდან!
- ასევე მღვდეღმთავრები, მწიგნობრებთან ერთად, დასცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია;
- ქრისტე, მეფე ისრაელისა, დე, ჩამოვიდეს ახლა ჯვრიდან, რათა ვიხილოთ და ვიწამოთ. და მასთან ერთად ჯვარცმულნი აგინებდნენ მას.
მთ. 27,33-54
- და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც ნიშნავს თხემის ადგილს,
- მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა დალევა.
- და როცა ჯვარს აცვეს, წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი, რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ერთმანეთში გაიყვეს ჩემი სამოსი და ჩემს კვართზე იყარეს წილი.
- ისხდნენ და იქ დარაჯობდნენ მას.
- და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე!
- მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი მარჯვნივ და მეორე მარცხნივ.
- ხოლო გამვლელნი აგინებღნენ, თავებს აქნევდნენ
- და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან.
- ასევე მღვდელმთავრები მწიგნობრებთან, უხუცესებსა და ფარისევლებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ:
- სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ ისრაელის მეუფეა, დე, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.
- ღმერთს იყო მინდობილი, და, თუ ნებავს, დე, იხსნას ახლა ღმერთმა, ვინაიდან თქვა: ძე ვარო ღმრთისა.
- მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას.
- ხოლო მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
- და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი, ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე?
- ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა, ელიას უხმობსო.
- მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და მიაწოდა სასმელად.
- სხვები კი ამბობდნენ: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია მის სახსნელად.
- ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.
- და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
- განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა.
- საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს.
- ხოლო როდესაც იხილეს მიწისძვრა და ყოველივე ის, რაც მოხდა, ასისთავი და მასთან ერთად იესოს მოდარაჯენი, ძალიან შეშინდნენ და თქვეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო იგი.
ლკ. 23,32-49
- მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც.
- და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე – მარცხნივ.
- ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.
- ხალხი კი იდგა და უყურებდა. მათთან ერთად დასცინოდნენ წინამძღვრებიც და ამბობდნენ: სხვები იხსნა, და იხსნას ახლა თავისი თავი, თუკი ქრისტეა, ღმერთის რჩეული.
- ასევე დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ
- და ეუბნებოდნენ: თუ შენა ხარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი თავი.
- იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე.
- ხოლო ერთი ჯვარცმუღი ბოროტმოქმედი აგინებდა მას და ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც.
- მეორე კი რისხავდა და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ?
- ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია.
- და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში;
- ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.
- იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა მეცხრე საათამდე.
- დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა.
- მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.
- ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო.
- სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.
- ხოლო ყველა მისი ნაცნობი და ქალები, გალილეიდან რომ მოჰყვებოდნენ იესოს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას.
ინ. 19,25-37
- იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.
- ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!
- მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.
- შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.
- იქვე იდგა ძმრით სავსე ჭურჭელი. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპს წამოაცვეს და პირთან მიუტანეს.
- როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.
- რაკი პარასკევი იყო, გვამები რომ ჯვარზე არ დარჩენილიყო შაბათს (ვინაიდან ის შაბათი დიდი დღე იყო), იუდეველებმა სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
- მაშინ მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები დაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულთ, ერთსაც და მეორესაც.
- ხოლო როცა იესოსთან მივიდნენ, ნახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, და აღარ დაუმტვრიეს წვივები.
- მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა.
- ვინც იხილა, იმოწმა, და ჭეშმარიტია მისი მოწმობა; მან იცის, რომ ჭეშმარიტს ამბობს, რათა ირწმუნოთ.
- ვინაიდან ეს მოხდა, რათა აღსრულდეს წერილი: მისი ძვალი არ შეიმუსრება.
- ხოლო სხვა წერილი ამბობს: იხილავენ მას, ვინც განგმირეს.
მკ. 15,43-47
- მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
- ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა?
- და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი.
- ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს.
- ხოლო მარიამ მაგდალელი და მარიამ იოსესი ხედავდნენ, სადაც დაასვენეს იგი.
ინ. 19,38-42
- ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა (რომელიც იესოს მოწაფე იყო, მაგრამ ფარულად, ვინაიდან იუდეველებისა ეშინოდა) სთხოვა პილატეს, რათა ჩამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ ნება დართო; ისიც მივიდა და ჩამოხსნა იესოს გვამი.
- მოვიდა ნიკოდემეც (ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან) და მოიტანა სმირნისა და ალოეს ნაზავი, ასიოდ ლიტრა.
- აიღეს იესოს გვამი და ტილოებში გახვიეს, ნელსაცხებელთან ერთად, როგორც მოითხოვს იუდეველთა დაკრძალვის წესი.
- იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, ბაღი იყო, ბაღში კი – ახალი სამარხი, რომელშიაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.
- იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგანაც ახლოს იყო სამარხი.
მთ. 27,62-66
- ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე
- და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
- მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება.
- უთხრა მათ პილატემ: დარაჯნი თქვენა გყავთ, წადით და უდარაჯეთ, როგორც გჩვევიათ.
- ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და დარაჯი დაუყენეს.
