მთავარი » საზოგადოება

104 წელი ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.08.2011 | 4,620 ნახვა

30 აგვისტოს, ქართველი მწერლის, პოეტის, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 104 წელი შესრულდა.
ილია ჭავჭავაძე
1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: “შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!” – დაიძახა, მაგრამ ბერდანის ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ. მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია.

წმიდა ილიას ცხედარს მთელი საქართველო დასტიროდა. ქართველი ერისთვის მომხდარი ეროვნული ტრაგედიის ტოლფასი გახლდათ.

1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე განიხილა და განაჩინა: “ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი”.

ილია ჭავჭავაძე (1837-1907 წწ.) XIX საუკუნის ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ფიგურაა. ის განსაზღვრავდა არა მარტო მწერლობის განვითარების ძირითად მიმართულებებს, არამედ მთელი ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის, ქართველი ერის სულიერი ცხოვრების განვითარების გზებს. ის ქართულ სინამდვილეში ყველა დიდი წამოწყების ხელმძღვანელი, ან აქტიური მონაწილე იყო.

საქართველოს უგვირგვინო მეფედ წოდებული მწერალი, მოაზროვნე და პოლიტიკური მოღვაწე ილია ჭავჭავაძე უნიკალური მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში.

ილია ჭმართალიგანუზომელია ილიას ღვაწლი ქართული ენის განახლების, აღორძინების საქმეში. მის შემოქმედებაში მთავარია ეროვნული მოტივი. სწორედ ქართული ეროვნული ცნობიერების გადარჩენას, გაძლიერებას, ქართველი ერის გამთლიანებასა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას მიუძღვნა მრავალი ლექსი, პოემა, მოთხრობა თუ პუბლიცისტური წერილი. ილიას შემოქმედების სახით ქართველმა ერმა მიიღო ის სულიერო საზრდო, რომელიც დიდხანს კვებავდა საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლთ.

მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ მკაფიოდ გამოიკვეთა მოაზროვნის მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების ღირებულება, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.

“ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენს ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს – სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით,” – ილია ჭავჭავაძე (რა გითხრათ? რით გაგახაროთ?).

ილია ჭავჭავაძე დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი