მთავარი » სხვადასხვა

ძველი ქარვასლების ხიბლი

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 16.12.2009ერთი კომენტარი | 907 ნახვა

ქარვასლათბილისში ახალი მოდაა. სავაჭრო ცენტრების ნაცვლად ახლა პრესტიჟული “ქარვასლების” აშენებაა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილი სამშენებლო კომპანიები ცდილობენ, რომ სწორედ ასეთი სახელის ქვეშ შეფუთონ მათ მიერ აშენებული დიდი სავაჭრო ცენტრები. თუ აქამდე თბილისში მხოლოდ ძველი ქარვასლები იყო, სადაც გამოფენები იმართებოდა, ახლა თანამედროვე ქარვასლებში დიდი ვაჭრობა და აღებ-მიცემობა გაჩაღდება.

ქარვასლები ძველი ქალაქის ხიბლი იყო. მე-19 საუკუნის თბილისში ქარვასლა მრავალფუნქციური დატვირთვის მქონე ნაგებობა იყო. რამდენიმე სართულიანი შენობა სასტუმროდ, საქონლის საწყობად და დუქნებად გამოიყენებოდა. დღეისათვის ასეთი შენობებიდან რამდენიმე კვლავაც შემორჩენილია. თითქმის ყველა მე-19 საუკუნეშია აშენებული.

არწრუნის ქარვასლის ისტორია

ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი არწრუნის ქარვასლაა. დღეს ამ შენობაში თბილისის ისტორიული მუზეუმია განთავსებული. ეს შენობა სიონის ქუჩაზე მდებარეობს. ამ ქარვასლამ სახელწოდება მფლობელის სახელიდან მიიღო. იგი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გეურქ აღა-არწრუნის მიერ აშენდა.

თუმცა, ამ ადგილას პირველი ქარვასლა ჯერ კიდევ როსტომ მეფემ 1650 წელს ააშენა და მოგვიანებით თბილელ ეპისკოპოსს უბოძა. 1795 წლის აღა მაჰმად ხანის შემოსევისას ეს შენობა დაანგრიეს. მის ადგილას ძველი საძრიკველის გამოყენებით არწრუნის ქარვასლა აშენდა. ამ შენობაში 33 სასტუმრო ოთახი, 25 დუქანი, საწყობები და სათავსოები იყო.

1855 წელს ქარვასლაში ხანძარი გაჩნდა და ნაგებობა დააზიანა. თუმცა, ამის შემდეგ შენობა მალევე გადააკეთეს. ამ ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა.

შენობის ცენტრს წაგრძელებული ფორმის შიდა ეზო წარმოადგენს. მის ირგვლივ ორსართულად განლაგებული სათავსებია, რომლებიც თაღოვანი ღიობებით რკინის აივნებისკენ იხსნება.

აღსანიშნავია, რომ ამ შენობის სანაპიროსკენ მიმართული ფასადი 1820 წელს განეკუთვნება. ეს შენობა რუსული კლასიცისტური სტილის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ნიმუშია თბილისში.

სიონის ქუჩის მხარეს მიმართული ფასადი კი 1912 წელს აშენდა და მოდერნის სტილის ნიშნებს ატარებს. საგულისხმოა, რომ ამ შენობის სარდაფი როსტომ მეფის დროინდელი ქარვასლის არის. ამ სარდაფებს კი კამაროვანი გადახურვა ჰქონდა.

შენობას ადაპტაცია-რესტავრაცია 1984 წელს ჩაუტარდა. მისი არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი იყო. ამ დროს ქარვასლის გახსნილი შიდა ეზო ცილინდრული კამარით გადაიხურა. რესტავრაციის შემდეგ ამ შენობაში ბინა 1985 წლიდან იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმმა დაიდო.

თეკლე ბატონიშვილის ქარვასლა

ქარვასლაერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თეკლეს ქარვასლის სახელით ცნობილი ნაგებობა. ეს შენობაც სიონის ქუჩაზე მდებარეობს. იგი 1795 წელს სპარსელებისგან დანგრეული “მეფის ფუნდუკის” ადგილას არის აშენებული. შენობა მეფე ერეკლე II-ის ასულს თეკლე ბატონიშვილს ეკუთვნოდა. ნაგებობა ეკლექტიკურია, მისი ფასადები ევროპულ-მავრიტანული. შენობა რუსული კლასიცისტური და ისლამური სტილის ნიშნებს ატარებს.

საგულისხმოა, რომ ძველ თბილისში ქარვასლების უმეტესობა სწორედ სიონის საკათედრო ტაძრის მიმდაბარე ტერიტორიაზე იყო აშენებული. მაგალითად, ლესელიძის ქუჩაზე დღესაც რამდენიმე ასეთი ქარვასლაა შემორჩენილი. 27 და 29 ნომრებში მდებარე ქარვასლები კლასიცისტური ფასადისაა. ხოლო ეზოს მხარეს მიმართული რკინისა და ხის აივნების სინთეზით გამოირჩევა. ლესელიძის 36 ნომერში მდგომი ქარვასლა კი ფსევდოისლამური ნაგებობაა.

ყოფილი ქარვასლის შენობა, რომელიც ერეკლე II-ის ქუჩის 8 ნომერში დგას, თავისი მასშტაბითა და იერით საცხოვრებელ სახლს უფრო ჰგავს. ნაგებობა ქუჩის მხრიდან ორსართულიანია, ერეკლე II-ის შესახვევის მხრიდან კი სამსართულიანია.

შენობის ფასადის ხასიათს კლასიცისტური ელემენტების და რკინის კონსოლებზე შეკიდული ხის სამი შუშაბანდის ერთობლიობა ქმნის. ფართო გვირაბით შესაძლებელია ქარვასლის გადახურულ ეზოში მოხვედრა. ნაგებობას მთელ პერიმეტრზე გაჭრილი სარკმლების რიგი მიუყვება. სწორედ ამ სარკმლებით ნათდება გვირაბი.

აღსანიშნავია აგურის კამაროვანი გადახურვის მქონე ორიარუსიანი სარდაფი, სადაც ოდესღაც დატვირთული ქარავნები შედიოდა ერეკლე II-ის შესახვევის მხრიდან გაჭრილი გვირაბით. ამჟამად ეს ნაგებობა საცხოვრებლად არის გამოყენებული.

თბილისის ძველი ქარვასლები ქალაქის ისტორიაა, გახდება თუ არა ახალი ქარვასლები თანამედროვე თბილისის სახე, ამას უკვე დრო აჩვენებს.

ნინო ლოლაძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

ერთი კომენტარი »

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.