მთავარი » კულტურა

ზურა ზვიადაური: “ძიუდო ჩემი მეორე ოჯახია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.09.2011 ერთი კომენტარი | 3,016 ნახვა

ვცდილობ, ჩვენი პატრიარქისგან კეთილი თვისებები გადავიღო

2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ზურა ზვიადაური ძიუდოს 8 წლის ასაკიდან ეუფლება. ტრავმების გამო აქტიური სპორტით აღარ არის დაკავებული და ამ ეტაპზე საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელია. რას ნიშნავს მისთვის სპორტი, რა სამომავლო გეგმები აქვს და ცხოვრობს თუ არა ეკლესიურად? ამის შესახებ “ამბიონს” თავად ზურა ზვიადაური ესაუბრა.

ზურა ზვიადაურიროგორ გადადგით პირველი ნაბიჯები ძიუდოში?

8 წლის ვიყავი, როდესაც ჩემმა ძმამ ახმეტაში ჭიდაობაზე გუგული აბრამიშვილთან მიმიყვანა (ახმეტაში გაზრდილ-დაბადებული ვარ). 17 წლის ასაკში თბილისში ჩამოვედი. ვარჯიში ნაკრების უფროს მწვრთნელთან, შოთა ხაბარელთან გავაგრძელე.

თუ არის კონკურენციის მომენტი?

კონკურენციის მომენტი ყველა სპორტშია, მათ შორის, ძიუდოშიც. მეგობრობა ჩვენთან ყოველთვის იყო, არის და იქნება. ის, რომ ჩემი მოწინააღმდეგეა და აქედან გამომდინარე, არამეგობრული ან დაძაბული ურთიერთობა გვქონდეს, ასეთი რამ ჩვენთან არასდროს ყოფილა. კონკურენცია სპორცმენისთვის, პირიქით, უკეთესია. რაც უფრო დიდია კონურენცია, მეტად საინტერესო ხდება სპორტული კარიერა. ძლიერი ვერ იქნები, თუ კონკურენტი არ გყავს.

საქართველოში ძიუდო რამდენად არის განვითარებული?

საქართველოში ძიუდო შედეგებით ერთ-ერთი პირველი სპორტია. 2004 წლის შემდეგ ძალიან ბევრი დარბაზი აშენდა. ამ მხრივ ყურადღება ექცევა. გვაჩუქეს ლეიბები, თუმცა იყო ჩავარდნებიც, რაც ყველა სპორტშია.

რას ნიშნავს თქვენთვის ძიუდო?

ძიუდო ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია. ამ სპორტის გარეშე არ შემიძლია. 21 წელი აქტიური ძიუდოისტი ვიყავი, თუმცა ტრავმების გამო ჩამოვშორდი. მიყვარს ჩემი საქმე და განვლილი გზები, ჩემი მეორე ოჯახია. ასევე რომ გაითავისოს თითოეულმა ეს, კარგი იქნება. ამბიციების გარეშე უნდა უყვარდეთ ძიუდო. მაშინ გავიმარჯვებთ ყველანი ერთად.

თქვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე იყო. გვიამბეთ ამის შესახებ…

მე-7 თვეა, რაც ეროვნულ ნაკრებთან ვმუშაობთ, მე ვარ და პიტერ ზაიზერბახერი, რომელიც ავსტრიიდან ჩამოყვანილი მწვრთნელია. ჩვენ ერთად ვხელმძღვანელობთ გუნდს.

როდესაც დავიწყეთ ნაკრებთან მუშაობა, სამი თვის თავზე ევროპაზე დავდეთ შედეგი და ავიღეთ 4 მედალი, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის წარმატება გახლდათ. შემდეგ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, მე-3 ადგილიც შედეგია. შეგვეძლო უფრო მეტი მედლით დავბრუნებულიყავით საქართველოში. ვინც ერკვევა ძიუდოში, მიხვდებოდა, რომ აქ იყო გადახრები, 4 სპორტსმენი გაგვიფუჭეს. ჩემი აზრით, მსოფლიო ჩემპიონატზე 100 კგ-ში უნდა ყოფილიყო ქართული ფინალი. ავთანდილ ჭრიკიშვილი გააფუჭეს მეოთხე შეხვედრაზე და მეხუთე ფინალში გადამსვლელი იყო. იგივე შეემთხვა ადამ ოქრუაშვილს (მძიმე წონოსანი). სპორტში ყველაფერი წამებში ხდება, მითუმეტეს, ძიუდოში. 100 კგ-ში ლომერ ჟორჟოლიანმა სუფთა გდება დააგდო, მაგრამ მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილებით ეს შედეგი არ ჩაუთვალეს და შესაბამისად, ის შეხვედრაც წააგო. ირაკლი ცირეკიძის შემთხვევაშიც სუფთა გდება გახლდათ, მაგრამ მსაჯების ასეთი მიდგომის გამო, სამწუხაროდ, ერთი მედლით დავბრუნდით მსოფლიო ჩემპიონატიდან. ირაკლი ცირეკიძე – ბრინჯაოს მედალი.

2007 წელს ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ნესტორ ხერგიანმა მეორე ადგილი აიღო. 2001-2003 წლებში მეორე ადგილი მე მქონდა, 2005 წელს ლაშა გუჯეჯიანი გახლდათ მესამე ადგილზე. 2009 წელს არ იყო მსოფლიოზე მედალი. 2011 წელს მესამე ადგილით დავბრუნდით.

როგორია სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, წინ გვაქვს ოლიმპიური თამაშები, ათი თვეა დარჩენილი და საფუძვლიანად ვემზადებით. ყველა შეჯიბრზე გაწერილია გეგმა, რომელსაც ჩვენი უცხოელი მწვრთნელი პიტერ ზაიზერბახერი ჩამოიტანს. ეს ჩემი ვალიც არის და სურვილიც. ტრავმების გამო საკუთარი თავის რეალიზება სპორტში ვერ მოვახდინე და ახლა ვცდილობ, რომ ის, რაც ჩემს თავს დავაკელი სპორტსმენობის პერიოდში, ჩემს ბიჭებში ჩავდო და მათ გადავცე ეს ყოველივე.

ვფიქრობ, რომ დღესაც სპორტში უნდა ვყოფილიყავი, რომ არა ჩემი ტრავმები. სწორედ ამის გამო დავტოვე აქტიური სპორტი და დღეს მწვრთნელი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოლიმპიური ოქროთი ჩამოვიდეთ. ოლიმპიური ჩემპიონატი ინგლისში, ლონდონში გაიმართება.

თუ გაქვთ გამოყოფილი სავარჯიშო დარბაზი?

სავარჯიშო დარბაზიც და ფედერაციაც დიღმის მასივშია. ჩვენთან ძალიან ბევრი სამუშაოა, რომ სასურველი შედეგი დაიდოს. ეს ფედერაციაზეც და იმ ადამინებზეც გახლავთ დამოკიდებული, ვისაც შეხება ძიუდოსთანაც აქვს და არა მარტო მწვრთნელებთან.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდით?

დღემდე ვარ ის ადამიანი, რაც აქამდე ვიყავი. უბრალოდ, ძალიან გამიძნელდა ამდენ ხალხთან ურთიერთობა. თუმცა ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.

თუ ყოფილხართ წმიდა ადგილების მოსალოცად და სად?

ისრაელში თუ ჩავედი, აუცილებლად მოვივლი იერუსალიმს. საქართველოში თითქმის ყველა ის წმიდა ადგილი მომივლია, რასაც კი სიწმინდე ჰქვია. ვარ მორწმუნე და უწმიდესთან ძალიან კარგი ურთიერთობა გამაჩნია.

როგორ მოხდა თქვენი და საქართველოს პატრიარქის დაახლოვება?

2004 წელს, სანამ ოლიმპიადაზე გავემგზავრებოდი, ბორჯომში დავდიოდით შეკრებებზე. მოხდა სასწაული და ბორჯომის პატარა ეკლესიაში გამოისახა ღვთისმშობელი, რამაც ჩემში შინაგანი რწმენა წარმოშვა. გამგზავრების წინ შევხვდით უწმიდესს. გვაჩუქა ხატები, სანთლები, ჯვრები და დაგვლოცა. მაშინ უწმიდესი პირველად ვნახე.

მარტყოფის ღვთაების მონასტერში მამაომ სანთლები მომცა და მითხრა, ყველა ხატთან დაანთეო. დამლოცა მონასტრის წინამძღვარმა.

მეუფე სერაფიმემ ათენის პატრიარქის ნაჩუქარი წმიდა ჯვარი, ნაკურთხი წყალი, სებისკვერი და ხატები გადმომცა. ასევე ლოცვის წიგნი და მითხრა, რომ დილა-საღამოს ლოცვები მეკითხა.

გამარჯვების შემდეგ უფრო მეტი რწმენა გამიჩნდა. ისევ შევხვდი უწმიდესს. მან გულში ჩამიკრა. ჩვენი პატრიარქი ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვცდილობ, ხშირად ვნახო, მასთან ერთად ვიყო და მისგან კეთილი თვისებები გადავიღო. ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, რაც ჩემთვის უდიდესი პატივია. მისი უწმიდესობა ყველასთვის უსაყვარლესი და მისაბაძი პიროვნებაა.

როგორც აღნიშნეთ, უწმიდესთან ახლო ურთიერთობა გაქვთ. პატრიარქთან დაკავშირებით რამეს ხომ არ გაიხსენებდით?

ზურა ზვიადაური2007 წლის 10 აგვისტოს ხერხემლის ოპერაცია გავიკეთე. ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ უკვე შეიძლებოდა, ვარჯიში დამეწყო. 5 თვის თავზე, ექიმების რეკომენდაციით, შეჯიბრებისთვის მზადებას შევუდექი. მე-6 თვეს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ვიჭიდავე.

ამ შეჯიბრამდე სამი დღით ადრე მივედი უწმიდესთან და ვთხოვე, შეჯიბრის წინ დაველოცე. მაშინ მან თავზე ხელი დამადო და მითხრა: “ზურა, შვილო, შენ აუცილებლად გახდები ჩემპიონი”. რა თქმა უნდა, ის შეხვედრა მოვიგე და გავხდი ჩემპიონი. მას შემდეგ უფლის უდიდესი რწმენა მომეცა და უფრო მეტად შემიყვარდა ჩვენი პატრიარქი.

2004 წლის 18 აგვისტოს ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი. ამის შემდეგ ტრავმების გამო ვარჯიში იშვიათად მიწევადა. 7 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ჩემი სურვილის მიუხედავად, წარმოუდგენელი იყო გამარჯვება. უწმიდესმა მითხრა კიდეც, რომ ჯანმრთელობა შემენარჩუნებინა, რაზეც ვუპასუხე: “21 წელია ვჭიდაობ, თან ხევსური ვარ და არ შემიძლია სპორტის დატოვება”. პატრიარქს გაეღიმა, თავზე ხელი დამადო და მითხრა: “შენ აუცილებლად გახდები ჩემპიონი”.

2008 წლის იანვარს ტარდებოდა თბილისის სალიცენზიო ტურნირი. თუ გავიმარჯვებდი, ოლიმპიურ ჩემპიონატზე წავიდოდი. ფინალში მოვიგე. 2 კვირის შემდეგ საფრანგეთის ტურნირზე გავემგზავრე, სადაც მხრის ტრავმა მივიღე. ამიტომ გამოვტოვე 2008 წლის ოლიმპიადა, თორემ შეიძლებოდა მეორე ოლიმპიურ ჩემპიონატზე ისევ მეჭიდავა.

რამდენად ცხოვრობთ ქრისტიანული წესების დაცვით?

აღსარება პირველად ბორჯომში ჩავაბარე. ვიგრძენი, როგორ განვიწმინდე ცოდვებისაგან და დავმსუბუქდი. ვცდილობ, მართლმადიდებლური წესების დაცვით ვიცხოვრო.

ქარელში ორთობანის მონასტერში დედა მარიამთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

ჩემი სულიერი მოძღვარია მამა კონსტანტინე ჯვრის მონასტერში. თუმცა სიზარმაცის გამო იშვიათად მიწევს ჯვარზე ასვლა. ვიცი, რომ ცუდია. ყოველთვის უნდა მოიცალო და გქონდეს იმის დრო, მიხვიდე და შენს სულიერ მოძღვარს დაელაპარაკო.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი