მთავარი » ქრისტიანობა

ზღვით მოსული ხატი – წმ. გიორგის სასწაულთმოქმედი ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2020 | 1,031 ნახვა

წმინდა გიორგის კიდევ ერთი სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ათონის მთაზე თავად მივიდა… ზღვით.

ზოგრაფის მონასტერი ათონის მთაზე მდებარეობს. თავად სახელწოდება “ზოგრაფი” ხატმწერს ნიშნავს და ეს სახელი წმინდა გიორგის ხატის გამო ეწოდა, რომელიც სასწაულებრივად გამოისახა ხატის დასაწერად გამზადებულ დაფაზე. მაგრამ ამ მონასტერში არის წმინდა გიორგის კიდევ ერთი სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ზღვით მიბრძანდა ათონის მთაზე და თავის სამყოფელად თავადვე აირჩია – ზოგრაფის მონასტერი.

მონასტრის მატიანეს მიხედვით, ეს ხატი თავად მივიდა მთაზე არაბეთიდან. ბერებმა იგი ვატოპედის მონასტრის ახლოს, ზღვის ნაპირას, იპოვეს. ყველა მონასტრიდან მოაშურეს ბერ-მონაზვნებმა ამ სასწაულის სანახავად და ყველა საკუთარ მონასტერში ითხოვდა მისთვის ადგილის მიჩენას. თუმცა ვატოპედის ბერები ამბობდნენ, ხატი ჩვენ მახლობლად ვიპოვეთ და, ამიტომ, აქვე უნდა დარჩესო. გადაწყვიტეს, წილი ეყარათ და ამგვარად გაერკვიათ თავად ხატის სურვილი და ნება. ამიტომაც გადაწყვიტეს, ხატი ახალგაზრდა, გაუხედნავი ჯორისათვის აეკიდებინათ, რომელსაც არ ეცოდინებოდა ათონის მთის გზები და ბილიკები, და თავის ნებაზე მიეშვათ. ასეც მოიქცნენ – ჯორისათვის მეგზური არ გაუყოლებიათ, მაგრამ თავად კი უკან მიჰყვნენ.

ჯორი მშვიდი ნაბიჯებით დაადგა გზას – დიდხანს, დიდხანს იარა, უღრან ტყეშიც არ დაბნეულა და გზა არ არევია; არც მაღალ მთაზე გადასვლისას დაღლილა და შეჩერებულა. იარა და პირდაპირ ზოგრაფის მონასტერს მიადგა და მის საპირისპირო მხარეს, გორაკზე, გაჩერდა. და ყველა მიხვდა, რომ დიდმოწამეს სურდა, მისი ხატი ზოგრაფში დაბრძანებულიყო. როგორი იქნებოდა ზოგრაფის მონასტერში მოღვაწე მამების სიხარული – მათ სასწაულებრივად მოვლენილი ძვირფასი ხატი მონასტრის მთავარ ტაძარში, მარცხენა მხარეს, დააბრძანეს. ჯორი კი მაშინვე უსულოდ დაეცა ძირს, როგორც კი ზურგიდან ხატი მოხსნეს.

ზოგრაფის მონასტრის ახლოს, მონასტრიდან 15 წუთის სავალზე, დღესაცაა სენაკი მცირე ზომის ეკლესიით, რომელიც ბერებმა წმინდა გიორგის ხატის ამ სასწაულებრივი მოვლინების პატივსაცემად ააშენეს.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი