მთავარი » ქრისტიანობა

ძილად მისვლის ლოცვების განმარტებანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.09.2022 | 1,723 ნახვა

დაძინების წინ, მართლმადიდებელი ქრისტიანები ლოცვით ემზადებიან დამდეგი ღამისათვის და მომავალი დღისათვის. აჯამებენ განვლილი დღის შედეგებს და, რათა აღარ გაიმეორონ შეცდომები და ცოდვები, სთხოვენ უფალს განამტკიცოს ისინი, რომ ღვთის მცნებებით იცხოვრონ.

ძილად მისვლის ლოცვების ჩვეულებრივი დასაწყისის შემდეგ ითხოვენ ღვთის წყალობას სინანულის ტროპარების კითხვით: „მიწყალენ ჩვენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ…“

„უფალო, შეგვიწყალენ“-ის თორმეტჯერ წაკითხვის შემდეგ (ამ ლოცვის თორმეტჯერ წაკითხვა დილით და ამდენჯერვე საღამოს ნიშნავს დღე-ღამის ყოველი საათის კურთხევას) იკითხებეა წმიდა სამების თითოეული პირისადმი მიმართული სამი საღამოს ლოცვა.

მამა ღმერთისადმი მიმართულ ლოცვაში წმიდა მაკარი გვასწავლის, ვითხოვოთ განვლილი დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვების მიტევება, რათა ღმერთმა ღირსი გაგვხადოს, მშვიდობით გავიაროთ ღამე და შევხვდეთ შემდეგ დღეს.

ლოცვაში ძე ღმერთისადმი ვითხოვთ „უჯერო“ აზრებისაგან განშორებას და შეწყალებას.

გულწრფელად გვინდა მივიღოთ სულიერი ძღვენი, ამიტომ დახმარებისათვის მივმართავთ სულიწმიდას, ცხოვრების მომნიჭებელ ზეცათა მეუფეს. მთელი განვლილი დღე ცოდვებსა და სულიერად არასრულყოფილ საქმეებში გავატარე, – ვეუბნებით ამ ლოცვაში ღმერთს, – ამან ნაღველი წარმოშვა ჩემში, დავკარგე სულის სიმშვიდე, შემიწყალე, რათა ჩემი სინდისი დამშვიდდეს და ვადიდებდე შენს სახელს.

შემდეგ ლოცვაში ღმერთს ცოდვათა შენდობას და წყალობას შევთხოვთ, რათა სათნო ვეყოთ ღმერთს, მშვიდად დავიძინოთ, გავთავისუფლდეთ ბოროტი აზრებისაგან და დილით სამადლობელი ლოცვა აღვავლინოთ უფლის მიმართ.

ლოცვაში მფარველი ანგელოზისადმი ვითხოვთ მფარველობას ჩვენი სულისა და ხორცისადმი და დაცვას ჩვენი მტრის, ეშმაკის თავდასხმისაგან. სწორედ მისი ქომაგობით შეიძლება გავხდეთ ღვთის წყალობის ღირსი.

მლოცველის გულს თანდათან განეშორება სევდა, იგი სხვა სულიერი სიმაღლეზე ადის, როდესაც სინანულის ლოცვების შემდეგ სამადლობელ ლოცვას იწყებს. სწორედ სამადლობელი ჰიმნია ზეციური დედოფლისადმი მიძღვნილი კონდაკი – „ზესთამბრძოლისა… და მოღვაწისა უძლეველისა“… იგი შედგენილია კონსტანტინოპოლის პატრიარქის – სერგის მიერ 626 წელს ბერძნული სახელმწიფოს სპასრთა და ხუნძთა შემოტევისაგან სასწაულებრივი გადარჩენის შემდეგ. ამაღლებული საგალობელი „უძლეველი მოღვაწის“ მიმართ შეიტანეს, მაშინ უკვე არსებულ, ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დაუჯდომელში. ამ კონდაკით მთავრდება ცისკრის მსახურება ეკლესიაში.

შემდეგ იკითხება ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ორი მოკლე ლოცვა. ამ ლოცვებში მთელ იმედებს ყოვლადწმიდა ქალწულზე ვამყარებთ. ვთხოვთ მას მფარველობას და შუამდგომლობას ღვთისადმი.

ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ ლოცვებს მოსდევს ღირსი იოანიკე დიდის (+846 წ. ხს. 4 ნოემბერს) მიერ შედგენილი ლოცვა. მან თავისი თითქმის ასწლოვანი ცხოვრების სამოცდაათი წელი ბერულ მოღვაწეობაში გაატარა, ზეპირად იცოდა „დავითნი“ და ყოველი ფსალმუნის თითოეულ მუხლს აბამდა ამ პატარა, მაგრამ საუცხოო ლოცვას – „სასოება ჩემდა მამა…“.

შემდეგ მოდის „ღირს არსი“… და სამი მოკლე ტროპარი, რომლებშიც ვთხოვთ ღმერთს, რათა ჩვენი ბუნებრივი ძილი არ გადავიდეს ფიზიკურ სიკვდილში და არ გარდავიცვალოთ უნანელად (შეუნანებლად).

ბოლო ტროპარი ამ სამთაგან ეძღვნება ღვთისმშობელს, რომელიც გამუდმებით ლოცულობს ჩვენი გადარჩენისათვის.

ამის შემდეგ გადავიწერთ პირჯვარს და ვამბობთ ლოცვას პატიოსანი ჯვრისადმი. მასში გამოვხატავთ მტკიცე რწმენას, რომ ჯვრის ძალით, პირჯვრის გამოსახვით განიდევნებიან ეშმაკები. მაცხოვრის ჯვარს ცხოველმყოფელს ე.ი. სიცოცხლის მომნიჭებელს ვუწოდებთ, რადგანაც იგი მიუწვდომელი და უძლეველი ძალაა. მასზე თვით მაცხოვარი გაეკრა, როგორც მსხვერპლი, თვითონ უცოდველი, ჩვენი ცოდვების მოსატევებლად და ამით გამოგვიხსნა სამუდამო სიკვდილისაგან.

მოკლე ლოცვით თხოვნაში „გვიხსენ, გვილხინე…“, როგორც შვილნი გამოვხატავთ ერთგულებას ზეციური მამისადმი, „რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წვიმს მართალთა ზედა და ცრუთა“ (მთ. 5,45). მოვუხმობთ რა მაცხოვარს და მის წმინდანებს, ლოცვას ვიწყებთ „მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩვენთათვის“.

ძილის წინ ქრისტიანი ფიქრობს განკითხვის დღეზე, იმაზე, რომ პასუხი უნდა აგოს ყოვლისმყრობელის წინაშე და სინანულს გამოთქვამს თავის ცოდვებზე. დაწვრილებით განიხილავს რა მთელ განვლილ დღეს დილიდან ამ მომენტამდე, შესთხოვს უფალს ამ დღის და მთელი ცხოვრებისეული ცოდვების მიტევებას. წმინდა მამები თავის თხზულებებში გვასწავლიან, რომ სჯობს ვიტიროთ ყოველდღე მთელი ცხოვრების განმავლობაში და ვთხოვდეთ ღმერთს შეწყალებას, ვიდრე მძიმე ცოდვებით დატვირთული გავიდეთ ამ ცხოვრებიდან.

ძილად მისვლის წინ, ქრისტიანი ჯვარს გადასახავს საწოლს, ამბობს მოკლე ლოცვას, რომელშიც მიანდობს თავის სულს ღმერთს და ამიტომ იძინებს, როგორც მშობლის ხელში. „ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, მაკურთხე, შემიწყალე და ცხოვრებაჲ საუკუნო მომმადლე, ამინ“.

თარგმნა დავით ქერაშვილმა
წყარო: www.orthodoxy.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი