მთავარი » ქრისტიანობა

ზიარების საიდუმლოს შესრულების წესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.01.2021 | 932 ნახვა

ზიარების საიდუმლო აღესრულება საღვთო ლიტურგიის დროს. ღაღადისის „წმიდაა წმიდათა“-ს შემდეგ მღვდელი ოთხ ნაწილად განჰყოფს ქრისტეს სხეულს (ტარიგს); ერთი მათგანი შთაიდვება ბარძიმში, რომელშიც ქრისტეს სისხლია; მეორეთი მღვდელმსახურნი ეზიარებიან, დანარჩენი ორი მცირე ნაწილებად ქუცმაცდება და ასევე შთაიდვება ბარძიმში, რათა მორწმუნენი აზიარონ.

სამეუფო კართა გაღების შემდეგ მღვდელი და დიაკონი ბარძიმით ხელში, ღაღადისით: „შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებითა მოვედით!“ – გამოდიან ამბიონზე. ის მორწმუნენი, რომელნიც მომზადებულნი არიან ზიარებისათვის და აღსარებაზე ზიარების კურთხევა აქვთ მიღებული მოძღვრისაგან, ასევე დგებიან ამბიონის ახლოს. მღვდელი წმინდა იოანე ოქროპირის ზიარებისწინა ლოცვას კითხულობს – „მრწამს, უფალო, და აღვიარებ…“, რომელსაც მოწიწებით უსმენენ ზიარებისათვის მომზადებული მორწმუნენი.

ამის შემდეგ გუნდი იწყებს გალობას: „ხორცი ქრისტესი მოვიღოთ და უკვდავებისა წყაროსა გემო ვიხმიოთ“. მაზიარებელნი თითო-თითოდ მიდიან ამბიონთან და დგებიან ბარძიმის წინ, სადაც მღვდელი თითოეულს მომცრო კოვზით აძლევს ქრისტეს სხეულის ნაწილს, გაჟღენთილს მისი სისხლით. მაზიარებელი ჭამს წმინდა საიდუმლოთ და ასე ეზიარება მათ მღვდელმსახურის მიერ შემდეგი სიტყვების წარმოთქმისას: „ყოვლადპატიოსანსა და ყოვლადწმიდასა ხორცსა და სისხლსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, ეზიარება მონა (მხევალი) ღმრთისა (სახელი) მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ“. ამის შემდეგ დიაკონი ანდა ეკლესიის სხვა მსახური (სტიქაროსანი) საგანგებო ტილოთი (ბაღდადით) მოსწმენდს მაზიარებელს ბაგეებს, რის შემდეგაც მაზიარებელი გვერდზე გადის და ღებულობს დამტკბარ ანუ მდუღარებით გაზავებულ ღვინოს და ნაკვეთ სეფისკვერს.

იმისთვის, რომ მადლობა მიუძღვნას უფალს ამ უდიდესი საბოძვარისათვის – მისი ხორცისა და სისხლის ზიარებისათვის, მორწმუნემ ზიარებიდან უმახლობელეს დროს უნდა წაიკითხოს წმინდა ზიარების შემდგომი სამადლობელი ლოცვები, რომლებიც ყველა ლოცვანშია დაბეჭდილი. ზოგიერთ ეკლესიაში დამკვიდრებულია კეთილი ტრადიცია, ყველა ზიარებულთათვის ხმამაღლა წაიკითხონ ეს ლოცვები, ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ.

ყოველ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ქრისტესთან შეერთება ზიარების საიდუმლოში უდიდესი მადლმოსილი საქმეა, მონიჭებული ჩვენდა ღმერთის მიერ, და ჩვენ მოწოდებულნი ვართ შევინარჩუნოთ იგი ჩვენს სულში რაც შეიძლება დიდხანს. ამიტომ ზიარების შემდეგ ყველაზე კარგია მთელი დღე ზედმეტი ფუსფუსის გარეშე გავატაროთ, შეძლებისდაგვარად ვეცადოთ არ ჩავეფლოთ ყოფით საზრუნავებში და დრო ლოცვას, სულიერად სასარგებლო ლიტერატურის კითხვას ანდა კეთილ საქმეთა აღსრულებას დავუთმოთ (მით უფრო, ზიარების დღეს უჯეროა სუფრაზე მოლხენა, ღვინის სმა, ანდა რაიმე გასართობ სანახაობაზე წასვლა და ამაო დროსტარება).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი