მთავარი » ქრისტიანობა

ზიარება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.12.2010 5 კომენტარი | 7,528 ნახვა

ziarebaუფლის მიმდევართათვის, ქრისტეანთათვის, ძალიან მნიშვნელოვანია ზიარების საიდუმლო, რომელიც იესო ქრისტემ თავისი ვნებისა და სიკვდილის წინ, საიდუმლო სერობაზე დააწესა.

,,და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა და ათორმეტნი მოციქულნი მისთანა და ჰრქუა მათ: გულის-სიტყვით გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქვენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა. ხოლო გეტყვი თქვენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქვა: მიიღეთ და განიყავით თავისა თქვენისა. ხოლო გეტყვი თქვენ, ამიერითგან არღარა ვსვა ნაყოფისაგან ვენახისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისა მოვიდეს და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მოცემული, ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქვა: ესე სასუმელი-ახალი სჯული სისხლისა ჩემისა თქვენთვის დათხეული (ლუკა22. 14-20).”

,,თავისი უხრწნელი სისხლისა და ხორცის მოცემით უფალმა უდიდესი სიყვარული გამოხატა ჩვენდამი, სისხლი დასთხია და სოფელი განბანა, სისხლი დასთხია და ცანი კაცთა სავალად ჰყვნა” (წმ.იოანე ოქროპირი, განმარტება იოანეს სახარებისა. თ. 46. ზიარებისთვის).

ეკლესიისათვის, როგორც მთლიანობის, ქრისტეს სხეულისა და ,,ქრისტეს ცხოვართა” ცხოვრებისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტეს სისხლისა და ხორცის, ანუ ევქარისტიის საიდუმლო, რომელიც ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა და რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გადაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად, შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის.

მაცხოვრის მიერ ევქარისტიის სამომავლო დადგინების მითითება გადმოცემულია იოანეს სახარებაში. თავად საიდუმლოს დადგინებას აღწერს სამივე მახარებელი.

მოწაფეებს იესო ქრისტემ მიართვა თავისი ჭეშმარიტი ხორცი და ჭეშმარიტი სისხლი. უფალმა აზიარა მოწაფენი და მცნებად დაუდო: ,,ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა”(I კორ.11.23-24).

ზიარება, ნიშანი ჩვენი აღდგომისა, შემადგენელი და აუცილებელი ნაწილია საღმრთო ლიტურგიისა.

მოციქულთა ზიარების თემამ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქრისტიანულ ხელოვნებაში.

ქრისტიანულ მხატვრობაში ევქარისტიის ლიტურგიულ-იკონოგრაფიული სქემა VI საუკუნემდე არ იყო ცნობილი. იმპერატორ იუსტინიანეს ხანიდან დასრულებულ სახეს იღებს, როგორც ტაძრის სიმბოლიკა; სწორედ ამ ხანიდან ჩნდება ევქარისტიის ლიტურგიულ-იკონოგრაფიული ტიპი, სადაც უფრო თვალსაჩინოდაა გამოსახული მოციქულთა ზიარება. გვხვდება ორი რედაქცია. ერთი, როცა მაცხოვარი ორმხრივ გამოისახება სალხინობლის ქვეშ და აზიარებს მოციქულებს პურითა და ღვინით, მეორე რედაქციაში მაცხოვარი დგას ღია ცის ქვეშ ბარძიმით და აზიარებს თერთმეტ მოციქულს.

საქართველოში ,,მოციქულთა ზიარების” ორმხრივი გამოსახულება ცნობილია უკვე ატენის სიონიდან (XIს). XII საუკუნიდან კი ეს კომპოზიცია თითქმის აუცილებელი ხდება. მისი განთავსების ადგილი საკურთხეველში სხვადასხვაა, მაგალითად, ყინწვისში ბემის კედელზეა, იკორთაში, ახტალაში, გელათში – კონქის ქვეშ, აფსიდის ცენტრში.

საქართველოში ,,მოციქულთა ზიარების” კომპოზიციაში მაცხოვარი ტრაპეზის უკან გამოისახება გელათში (XVIს), ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის ტაძარში (XIII) კი –ღია ცის ქვეშ.

,,მოციქულთა ზიარებას” დღესაც აქტიურად გამოსახავენ ტაძრის მოხატულობაში. მაგალითად, ვაკის წმ.სამების ეკლესიაში (ხატმწერი ირაკლი ცინცაძე), ასევე, ელიაზე, წმ. სამების ლავრაში, მთავარანგელოზთა კრების სახელობის ტაძარში ხატმწერ ამირან გოგლიძის მიერაა შესრულებული მოხატულობა ,,მოციქულთა ზიარება” კონქის ქვეშ, აფსიდის ცენტრშია გამოსახული.

მოამზადა ნინო დიღმელაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი