მთავარი » ქრისტიანობა

ზეთის კურთხევის საიდუმლო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2013 | 6,318 ნახვა

ზეთის კურთხევა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი საიდუმლო, რომელიც ტაძარში ან სნეულის სახლში აღესრულება.

ზეთის ცხება ზეთის კურთხევის საზოგადო მსახურება მართლმადიდებლურ ეკლესიაში წელიწადში ერთხელ, დიდ მარხვაში აღესრულება.

ზეთისკურთხევის წარმოშობის შესახებ “ამბიონს” თბილისის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მიქაელ ეჯიბიშვილი ესაუბრა:

“როგორც სხვა საეკლესიო საიდუმლოებათა წარმოშობა, ზეთის კურთხევაც დაკავშირებულია ახალ აღთქმასთან, სიზუსტისათვის კი- იაკობის კათოლიკე ეპისტოლესთან: “უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას” (იაკ. 5,14-15).

მიუხედავად იმისა, რომ ზეთისცხების შესახებ მოწმობა წმ.იაკობის კათოლიკე ეპისტოლეში გვხვდება, აღნიშნული საიდუმლოს განგების შედგენა უფლის ხორციელ ძმას, წმ.იაკობს უკავშირდება. თუმცა ზეთის კურთხევის წეს-განგების შემდგენლად იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსის მიჩნევა მისი სახელის ზეთის კურთხევის ლოცვებში ხშირ მოხსენიებას უკავშირდება მხოლოდ.

უძველეს ლიტურგიკულ წიგნებში ზეთის კურთხევის განსაკუთრებულ ლოცვებს ვხვდებით, რომელთა მოხმობითაც ზეთი განმკურნებელ ძალასა დათვისებებს იძენდა. ეს უბრალო ლოცვები დროთა განმავლობაში ერთ მთლიან აკოლუთიად, ანუ წეს-განგებად გარდაიქცა, რომელიც ისევე აღესრულებოდა, როგორც დანარჩენი საიდუმლოებები საღვთო ლიტურგიის განმავლობაში, როგორც ამ უკანასკნელის შემადგენელი ნაწილი. თუკი სნეულს მოძრაობა და გადაადგილება შეეძლო, იგი ტაძარში იცხებდა ზეთს ლიტურგიის დროს. სხვა შემთხვევაში, წირვის დამთავრების შემდეგ, მღვდელს ნაკურთხი ზეთი სნეულთან სახლში მიჰქონდა და სცხებდა.

მოგვინებით ზეთის კურთხევის საიდუმლო საღვთო ლიტურგიას ცალკე გამოეყო და მისი აღსრულება ძირითადად სნეულთა სახლებში ხორციელდებოდა. სწორედ ამას ეხმაურება წმ. იაკობის სიტყვებიც “მოუწოდონ ხუცესთა”, სადაც აღნიშნული საიდუმლოს სნეულთა სახლებში აღსრულება უნდა ვივარაუდოთ.

ქრისტიანული ეკლესიის სწავლებით, ადამიანის სხეულებრივი უძლურება ცოდვის მწარე ნაყოფად ითვლება. ნებისმიერი უძლურება ან ავადმყოფობა, როგორც სხეულის ჰარმონიული მუშაობის დარღვევა, დაკავშირებულია სულიერ მიზეზთან, ძირითადად ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირის დარღვევასთან. ანუ საღვთო კანონების შეუსრულებლობას გავლენის მოხდენა ჩვენს ჯანმრთელობაზეც შეუძლია.

ხშირად მძიმე სხეულებრივი დაავადებები და ვნებები გვიჩვენებენ ყოვლისშემძლე ღვთის განსაკუთრებულ ზრუნვას ავადმყოფ ადამიანზე. აღნიშნული დაავადებები იკურნება ან ღვთის დახმარების მოხმობით, ან თანამედროვე სამედიცინო-სამეცნიერო სამკურნალო საშუალებების გამოყენების პარალელურად საღვთო მადლის მისაღებად ზეთისცხებით.

ხშირად ზეთის კურთხევის საიდუმლო ცოდვების მიტევების საშუალებად განიხილება, რაც არასწორია. უნდა აღინიშნოს, ზოგიერთთა მიხედვით, ზეთისცხებისას წაკითხული მიტევების ლოცვა აღსარების ლოცვას ცვლის. ეკლესიის ყოველ საიდუმლოს თავისი მნიშვნელობა და ღირსება აქვს და არც სხვა საიდუმლოს ცვლის. მონაწილეობა აღნიშნულ საიდუმლოებებსა და ზოგადად, ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში განსაზღვრავს მორწმუნეთა მიერ ღვთის მადლის მიღებასა და ქრისტესმიერ ცხონებას.

აღსარების შემდეგ მღვდლის მიერ წაკითხულ შენდობის ლოცვაში მღვდელი ღვთისაგან აღმსარებლისათვის იმცოდვათა მიტევებას ითხოვს, რაც მან აღსარებაში მოინანია და სინანულის ნაყოფი აჩვენა. ზეთისცხების დროს კი შენდობის ლოცვისას ღვთისაგან სნეულის განკურნებას ვითხოვთ, თუნდაც დაავადების მიზეზი იყოს ცოდვა. ანუ ზეთისცხების დროს ჩვენს უძლურებათა განკურნებას ვთხოვთ შემოქმედს და არა საკუთრივ ცოდვის შენდობას.

ხშირად მავანნი ზეთის კურთხევას იმავე მიზნით აღასრულებინებენ სასულიერო პირებს, რისთვისაც სხვა აკოლუთიაა დადგენილი, მაგალითად, სახლის საკურთხებლად. ზეთის კურთხევის საიდუმლოს მიზანი ერთადერთი და ცხადზე უცხადესია- სხეულებრივი და სულიერი დაავადებების განკურნება.

არსებობს შეხედულება, რომ ზეთისცხება მხოლოდ მომაკვდავებისათვის, ან დაავადების უკანასკნელ ფაზაში მყოფი სნეულებისთვის სრულდება. აღნიშნული შეხედულება მცდარია, ვინაიდან ზეთისცხება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აღესრულება. სწორედ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მეტყველებენ აღნიშნული საიდუმლოს ლოცვები და ღვთისადმი ვედრებანი.

ხშირად დაისმის ასევე კითხვა: რატომ არ იკურნებიან ადამიანები ყოველთვის ზეთის ცხების შემდეგ?

ზეთისცხების საიდუმლო არ შექმნილა დაავადებების, სიკვდილისა ან სამედიცინო მეცნიერების გასაუქმებლად. ხშირად ზეთისცხებას არაპირდაპირი გამოჯანმრთელება ახლავს თან და დამოკიდებულია ავადმყოფის რწმენაზე. ერთი და იგივე მადლი მიეფინება თითოეულ მათგანს, მაგრამ არ იკურნება ყველა. განკურნება შესაძლებელია არ იყოს ყოველთვის სასარგებლო ადამიანისათვის. სნეულებები ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში აწუხებენ პიროვნებებს, რათა გამოფხიზლდნენ და ქრისტესმიერი ცხონების უეჭველობაში დარწმუნდნენ.

ზეთის კურთხევის საზოგადო მსახურება მართლმადიდებლურ ეკლესიაში წელიწადში ერთხელ, დიდ მარხვაში, ძირითადად ვნების შვიდეულში აღესრულება. თუმცა გამონაკლისი სახით დაშვებულია მისი შესრულება შობის მარხვაშიც. რაც შეეხება კერძო შემთხვევებს, სნეულთათვის ზეთისცხება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი