მთავარი » სხვადასხვა

ძეგლები, რომელთა შესახებ თბილისელებმა არაფერი იციან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.01.2010 2 კომენტარი | 6,709 ნახვა

ფსევდობაროკოსა და მოდერნის სტილში გაფორმებული საოცარი სადარბაზოები

სადარბაზოებითბილისი დიდი კონტრასტების ქალაქია. მის კოლორიტულობას ეკლექტური არქიტექტურა განაპირობებს. დედაქალაქის იერ-სახე, რომელიც დღეს ქართველებს სიამაყით ავსებს, ხოლო უცხოელებს აღაფრთოვანებს, ძირითადად მე-19 საუკუნეში გამოიძერწა.

1795 წელს აღა-მაჰმად ხანის მიერ მიწასთან გაასწორებულმა თბილისმა 1800-იანი წლების შემდეგ ახალი სიცოცხლე დაიწყო. მან მზერა ევროპისკენ მიაპყრო და ეს პირველ რიგში, მის არქიტექტურაში აისახა. თავად ეპოქის ხასიათს სხვადასხვა მიმდინარეობისა და სტილის ჰარმონიული სინთეზი განსაზღვრავდა. ევროპულ-აზიური ქალაქის არქიტექტურაში დასავლურ-აღმოსავლური მიმდინარეობები ტრადიციულ ეროვნულ ფორმებს ერწყმოდა. სწორედ ამიტომ არის თბილისის არქიტექტურა ორიგინალური და თვითმყოფადი.

მდიდრული სადარბაზოები – ბურჟუაზიული ხელოვნების სახე

თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი სახლების სადარბაზოებია. თავად სადარბაზო, როგორც არქიტექტურული ელემენტი მე-19 საუკუნის ბოლოს, 50-60 წლების შემდგომ, ახალი ტიპის “ფეშენებელურ” სახლებთან ერთად ჩნდება, როდესაც არისტოკრატია სულ უფრო ევროპული ყოფის სტანდარტებისკენ მიისწრაფის და წინანდელი სახლების მასშტაბით აღარ კმაყოფილდება. უხვად მორთულმა სადარბაზო-ვესტიბულმა განსაკუთრებით პარადული, საზეიმო იერი შესძინა თბილისურ სახლს და უხვად მორთულ სახლის ფასადთან ერთად ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.

მე-19 საუკუნე თბილისისთვის გაევროპელებულობის ხანა იყო. მანამდე ის უფრო ფეოდალურ ქალაქს წარმოადგენდა. თუმცა, სახლის სტრუქტურა და იერ-სახე მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც თბილისი ბურჟუაზიული ქალაქი გახდა.

ევროპულ სტილში დაიწყო სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების შენება. ამ ფონზე ქალაქში გაჩნდა ეროვნულ ტრადიციებთან სინთეზში მყოფი რუსეთში გავრცელებული კლასიცისტური და ევროპული – ფსევდო-გოთური, ფსევდო-მავრული, ფსევდო-ბაროკული ნაგებობები.

თბილისში ამ პერიოდის სახლებს ისეთივე დეკორი, გაფორმება და მოხატულობა აქვს, როგორიც ევროპაში იყო. მთელს ევროპაში ყველაფერი საერთაშორისო გემოვნებით კეთდებოდა. ერთი სიტყვით, თბილისის არქიტექტურაც კოსმოპოლიტურ გემოვნებაში ჯდებოდა.

მე-19 საუკუნეში თბილისში მდიდრული სახლების შენება მოდური იყო. თითოეული შეძლებული ადამიანი ცდილობდა, მისი საცხოვრისი ყველასაგან გამორჩეული ყოფილიყო. ყოველ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა.

“სადარბაზოს კარი მდიდრულად იყო მორთული ჩუქურთმებით და სხმული თუ ნაჭედი ორნამენტებით. კარს ხშირად ასევე დეკორატიული წინფრა ამშვენებდა. ინტერიერი ირთვებოდა პორტალებით, რელიეფური ნაძერწობით, პილასტრებით, კრონშტეინებით, მარმარილოს იმიტაციის პანელებით, კარნიზებით, კიბის მოჩუქურთმებული მოაჯირებით, სალონური მხატვრობით, დეკორატიული მოზაიკური იატაკით და ვიტრაჟებითაც კი. სადარბაზო ხშირად მაღალი შორენკეცებიანი ბუხრებით თბებოდა, ხოლო კიბის უჯრედი დეკორატიული კანდელაბრებით ნათდებოდა. დღის სინათლე კი ინტერიერში, როგორც შესასვლელი კარიდან, ისე სახურავში გაჭრილი შუქფარნიდან აღწევდა. კარის ფრამუგასა და შუქფარანს ვიტრაჟი ამკობდა, რომლის ფერადი შუქის ათინათები ისედაც უხვად მორთულსა და მოხატულ ინტერიერს კიდევ უფრო მეტ ცხოველხატულობას და ფერწერულობას სძენდა” – აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძე.

“შეიძლება ითქვას გარკვეული ტრადიცია საქართველოში ინტერიერის მოხატვისა უფრო ადრეც არსებობდა. მაგ., 1776 წელს ვინმე მხატვარ აბელ კალატოზიშვილს ამილახვრების სასახლე მოუხატავს თბილისში. დარბაზების კედლებზე თავად ამილახვრების პორტრეტები იყო დახატული. სასახლე სპარსული გემოვნებით ყოფილა ნაშენები სამ სართულად. ასევე მაგ., იესე მოსეს ძე ბარათაშვილი თავის ანდერძში (ღირშესანიშნავი ნიმუშია ქართული მემუარული საისტორიო მწერლობისა (1776წ)) აღნიშნავს, რომ ჩემი ოთახის კედლები მოვხატეო. ასევე XVII საუკუნეში აგებული როსტომ მეფის სასახლის დარბაზები ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის აღწერით მოზაიკით, მხატვრობით და ხალიჩებით ყოფილა მორთული სპარსული კულტურის ზეგავლენით. სპარსული სტილის სადარბაზოების მორთულობა XIX სუკუნის ბოლოსა თუ საუკუნეთა მიჯნაზე ან კიდევ აღმოსავლური მოტივების გამოყენება გარდა საერთო კულტურული ტენდენციებისა შესაძლოა, სწორედ ამ ადრინდელ სასახლეების ინტერიერების გამოძახილიც იყოს” – აღნიშნავს ცისია კილაძე.

სადარბაზოებში შემორჩენილი უცხოელი და ქართველი მხატვრების კვალი

როგორც ცნობილია, თბილისში არა ერთი უცხოელი არქიტექტორი მოღვაწეობდა, რომელთა პროექტებით აშენებული სახლები დღეს ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლებია. არქიტექტორთა მსგავსად ჩვენთვის ცნობილია უცხოელ მხატვრთა სახელებიც, რომლებიც სადარბაზოებისა და ოთახების კედლებს ხატავდნენ. მაგ: დე მარცო, ბ. ტელინგატერი, რ. კერგერი, პოზნანი და სხვები. მაგალითად, შემორჩენილია ტელინგატერის მიერ მოხატული სადარბაზოები აღმაშენებლის 93-სა და ტაბიძის 18-ში (სეილანოვების სახლი). ტელინგატერი სწორედ სადარბაზოების მოხატვაზე ყოფილა სპეციალიზირებული. ვესტიბულში წარმოდგენილია ზეთით შესრულებული პანოები კონტინენტებისა და ქვეყნების ალეგორიებით.

იმ დროისთვის სადარბაზოს მხატვარ-დეკორატორი ცალკე პროფესია იყო. აღსანიშნავია, რომ თბილისში მხატვარ-ფერმწერთა სახელოსნოები არსებობდა, რომლის მთავარი მხატვარი და მისი შეგირდები სადარბაზოების მოხატვაზე დაკვეთებს იღებდნენ. ამქრებს თავისი დროშა ჰქონდათ, რომელზეც გამოსახული იყო მაცხოვარი, ანგელოზები, ფუნჯი და მხატვრისთვის საჭირო ატრიბუტიკა.

ერთ-ერთი ქართველი მხატვარია გიგო ზაზიაშვილი, რომლის მიერ მოხატული სადარბაზო დღემდე კარგად არის შემორჩენილი ქეთევან წამებულის 20 ნომერში. აქ კიბის უჯრედში წარმოდგენილია სამი დიდი ფერწერული პანო- პეიზაჟი, შესრულებული ზეთის საღებავით. პეიზაჟები მანგლისის ხედებსა და ალავერდობას წარმოგვიდგენს, როგორც ჩანს, დამკვეთის ნება-სურვილის თანახმად. ზაზიაშვილი ადგილობრივ, ეროვნულ თემატიკასა და ლანდშაფტს ირჩევს, თუმცა მხატვრული თვალსაზრისით აკადემიურად ასრულებს. ზაზიაშვილი ფიროსმანის თანამედროვეა. მათ გარკვეული პერიოდი ერთად სახელოსნოც კი ჰქონდათ. შესაძლოა, ფიროსმანსაც მიეღო დაკვეთა სადარბაზოების მოხატვისთვის ან კიდევ ესკიზი მაინც შეესრულებინა. თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით.

ცნობილია, რომ სადარბაზოების მოხატვით იყო დაკავებული ივანე ვეფხვაძეც, ვიდრე შეგირდობდა და დამოუკიდებელი მხატვარი გახდებოდა.

მოდერნი და ისტორიზმი

საგულისხმოა, რომ მდიდრულ სახლებში სადარბაზოების გარდა ოთახებიც იხატებოდა. ცხადია, არა ისე პარადულად როგორც სადარბაზო, რადგან შესასვლელს მეტი დატვირთვა ჰქონდა, რადგან მას სტუმარზე ძლიერი შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა.

“თბილისში მდიდრულად დეკორირებული სადარბაზოები ძირითადად სოლოლაკში, ჩუღურეთსა და ვერაზე გვხვდება. მრავალი მათგანი უკვე სახეშეცვლილი და ნაწილობრივ გადაღებილია. თუმცა რამდენიმე სახლი თითქმის უცვლელი სახით ინახავს პირვანდელ მორთულობას. როგორც ჩანს, თავის დროზე ყველა სახლს მორთულ-მოხატული სადარბაზო ამშვენებდა. სადარბაზოთა დეკორის სტილი ეკლექტურია ისტორიზმიდან მოდერნის ჩათვლით, ერთი და იგივე დროის მონაკვეთსა და შესაძლოა ერთი ნიმუშის ფარგლებშიც თანაარსებობდეს ფსევდორენესანსის, ფსევდობაროკოს, ფსევდოროკოკოსა და ფსევდოკლასიციზმის ნიშნები, ასევე მოდერნის სტილი. თუმცა სტილის თვალსაზრისით ზოგადად მაინც ორი ტიპის სადარბაზო შეიძლება გამოვყოთ. ერთში კლასიციზმის, ისტორიზმის ელემენტები, რენესანსული მოტივები ჭარბობს, მეორეში კი მოდერნის სტილის ნიშნები” – აღნიშნავს ცისია კილაძე.

ისტორიზმის მოვლენაა ფერწერით ილუზიის შექმნის მცდელობა, ე.წ. ტრომპე ლოილ-ის ეფექტი. დატვირთული მხატვრული პროგრამა და სამკაული, ანგელოზები, მფრინველი ქალები, კუპიდონები, გირლანდები, სხვადასხვა ალეგორიები, იტალიური მოტივები.

ზოგიერთ სახლში სადარბაზოები აღმოსავლურ სტილში იყო გადაწყვეტილი. საერთოდ, აღმოსავლური ხელოვნება ამ პერიოდში ევროპაში მოდაში იყო. როგორც იდეალური ყოფის ერთგვარი გამოხატულება.

მოდერნის სტილის სადაბრაზოებში მხატვრობა უფრო ჰაეროვანია, დეკორი დინამიურია და მეტ იმპროვიზაციას აქვს ადგილი.

სადარბაზოს მოხატულობას სიმშვიდის გრძნობა, რომანტიკის განცდა და იდილია უნდა შეექმნა როგორც მაცხოვრებლისთვის, ასევე სტუმრისთვის.

საგულისხმოა, რომ ხშირად მოხატული იყო არა მარტო ჰოლის კედლები, არამედ კიბის უჯრედი. ვესტიბიულში ნახატი ძირითადად ბათქაშზე ზეთის საღებავებით სრულდებოდა, ზედა სართულებზე კი მეტწილად შპალერზე ან ქაღალდზე იყო მოხატული.

საერთოდ, ორიგინალური იყო თავად კიბის გაფორმება. მოაჯირები რკინის იყო, ჩამოსხმული ან ნაჭედი. ასევე ზოგან არის მარმარილოს კიბეები. გვხვდება ხის მოაჯირებიც. იატაკიც მდიდრულად იყო დეკორირებული, ხშირად წარწერით შალვე და ხალიჩის ეფექტს ქმნიდა.

ცისია კილაძე: “მხატვარი, ცხადია, დამკვეთის გემოვნებასა და მოთხოვნებზე იყო დამოკიდებული და სიუჟეტებისა და ორნამენტის შექმნისას მის გემოვნებას ითვალისწინებდა. თუმცა ის სახლის პატრონს უკვე მზა ნიმუშებსა და შაბლონურ მოტივებს, სადარბაზოს მორთვა-მოხატვის ერთგვარ შემუშავებულ მხატვრულ პროგრამას, მზა პროექტსაც სთავაზობდა. თემები, კომპოზიციები ამა თუ იმ ცნობილი მოხატულობის, ფერწერული ტილოებისა თუ ქანდაკებების ასლებსა და მათ ვარიაციებს წარმოადგენდა. მაგ., მრავალი მოტივისთვის წინასახე ტიეპოლოს, ვერონეზეს, რუბენსის, პუსენის, ბუშესა თუ ფრაგონარისა თუ სხვების მხატვრობა ყოფილა. ესკიზებსა თუ პროექტების შექმნაში დეკორატორი-მხატვრები სპეციალურ გამოცემებს, ალბომებს, გრავიურებს, ლითოგრაფიებსა და ილუსტრირებულ ჟურნალებსაც იყენებდნენ, რომელთა დიდი არჩევანი ყოფილა ევროპაში და როგორც ჩანს, ჩვენშიც ევროპიდან შემოსულა”.

საერთოდ, სადარბაზოს მხატვრობა ძალიან კოსმოპოლიტურია, თუმცა გვხვდება ეროვნული მოტივები და თემებიც. მაგალითად, აღმაშენებლის 36-ში კიბის უჯრედში წარმოდგენილია “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები. ხშირია დარიალის ხეობის ხედები, კავკასიელი ტიპაჟები. ერთი სიტყვით, თემები ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით ირჩეოდა. საგულისხმოა, რომ თვით უცხოელი მხატვრებიც კი ხშირად კავკასიონის დათოვლილ მთებს ასახავენ.

რა მდგომარეობაშია თბილისური სადარბაზოები

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული სახლები დღეს ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. ამ სახლების თითოეული სადარბაზო ასევე ძეგლია. თუმცა, მალე შესაძლოა ქალაქმა ეს სიმდიდრე დაკარგოს. სადარბაზოების უმრავლესობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. რამდენიმე შენობაში პირვანდელი გაფორმება თითქმის სრულად არის შემორჩენილი, ზოგან ფრაგმენტულია, ზოგან კი სრულადაა დაკარგული. მრავალი სადარბაზო საბჭოთა პერიოდში და შემდგომაც გადაიღება.

ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრში, ცისია კილაძის, თამაზ გერსამიას და მარინა მეძმარიაშვილის თაოსნობით სადარბაზოების პასპორტიზაცია გაკეთდა. პასპორტიზაციის შესრულებისას დაგროვდა საინტერესო მასალა და გადაწყდა თბილისური სადარბაზოების შესახებ უხვად დასურათებული და სრული ინფორმაციის მომცველი ალბომის გამოცემა. ამ გამოცემის მიზანია თბილისის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია მისი დაცვისა და გაფრთხილების მიზნით.

ნინო ლოლაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • natia says:

    ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისატვის… დიდი ინტერესით წავიკითხე.. და საერთოდ ძლიან საინტერესო ჟურნალია.. დიდი მადლობა მთელს შემოქმედებით ჯგუფს…

  • ვალერი says:

    მინდა შეგატყობინოთ რომ კ.მარჯანიშვილის N 18-ში რეკონსტრუქციასთნ დაკავშირებით რ. კერგერის უნიკალური 100 წლის სურათების განადგურებას ცდილობენ, გთხოვთ დახმარებას. პატივისცემით მობინადრე.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი